Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესი თეთრი სახლისგან ერაყის მიმართ პოლიტიკის დაზუსტებას მოითხოვს


ელენე ლორთქიფანიძე იმ დროს, როცა თეთრი სახლი ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაზე მსჯელობს, შეერთებული შტატების კონგრესი მოითხოვს,

რომ მთავრობამ კანონმდებლებს თავისი გეგმები გააცნოს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა კონტროლქვეშ მყოფი საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი ამის თაობაზე უახლოეს ხანში მოსმენის მოწყობას აპირებენ.

თეთრი სახლი არ აპირებს მოსმენაში მონაწილეობას, ვინაიდან, როგორც ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლმა თქვა, ჯერჯერობით არავითარი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები მხარს უჭერენ ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის ჩამოგდების იდეას, სამხედრო ინტერვენციის მეშვეობითაც კი, თუ სხვა გზით არ მოხერხდა. მაგრამ ბევრის აზრით, ადმინისტრაციის მოქმედება მეტისმეტად გასაიდუმლოებულია. კონგრესმენები ჩივიან, რომ ინფორმაციას მედიაში გაჟონილი ცნობებიდან იღებენ.

ზოგიერთი დემოკრატი კანონმდებელი თვლის, რომ ვიდრე ინტერვენციას დაწყებდეს ბუშმა კონგრესის თანხმობა უნდა მიიღოს. 1991 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უფროსმა მიიღო კონგრესის თანხმობა ქუვეითში ერაყის ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყებაზე, თუმცა, თავად პრეზიდენტმა მაშინვე განაცხადა, რომ კონგრესს მიმართა არა იმიტომ, რომ ვალდებული იყო არმედ მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად. მაშინ დემოკრატთა უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი სამხედრო აქციებს.

დღეს ის კონგრესმენებიც კი, რომელთააზრით თეთრ სახლს არ სჭირდება კონგრესის თანხმობა თვლიან, რომ პრეზიდენტმა ბუშმა უნდა გაიმაგროს პოზიციები კონრგესის, ამერიკის საზოგადოებისა და მოკავშირეების მხარდაჭერით.

“თუ ამერიკა გადაწყვეტს ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებას, ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რა მიზნით და რა რისკითო,” თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ჩაკ ჰეიგელმა, ვიეტნამის ომის ორდენოსანმა ვეტერანმა. “სწორედ ასეთი დებატები არ გვქონდა ჩვენ ვიეტნამის დროსო,” დაამატა მან.

ორივე პარტიის კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ დებატები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, ვინაიდან ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯები მიუთითებს, რომ უპირატესობა სამხედრო ვარიანტს ეძლევა. სამშაბათს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლ ვოლფოვიცი, შეხვდა თურქეთის სამხედრო წრეებს და განიხილა ერაყში ინტერვენციის შემთხვევაში თურქეთის სამხედრო ბაზების გამოყენების საკითხი.

კანონმდებლები არ მოელიან, რომ მათ ოპერაციის დეტალებს გაუმხელენ, მაგრამ თვლიან, რომ საჭიროა, გაიმართოს დებატები რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, მათ შორის, ერაყის ქიმიური იარაღის საფრთხის, სადამ ჰუსეინის პოტენციური მემკვიდრისა და ევროპელი და არაბი მოკავშირეების მხარდაჭერის თაობაზე.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კარლ ლევინი თვლის, რომ მოსმენაზე უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა სამხედრო აქცია საუკეთესო ნაბიჯი და ხომ არ გადაიქცევა ინტერვენცია ამერიკელებისთვის მახედ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ 1973 წლის “ომის ნებართვის რეზოლუცია” ერაყში ნებიმიერ ფართოსასშტაბიან ინტერვენციას მიესადაგება, თუმცა იქვე აღიარა, რომ ამ მოსაზრებას ყველა დემოკრატი როდი იზიარებს. კანონი მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დროულად აცნობოს კონგრესს ჯარების საზღვარგარეთ გაგზავნის შესახებ და, აგრეთვე, მოითხოვს ჯარების 90 დღის განმავლობაში გაყვანას, თუ მისიის გაგრძელებას კონგრესი მკაფიოდ არ დაუჭერს მხარს. “მაგრამ ყველა მიიჩნევს, რომ თუ სადამი კიდევ ხუთ წელიწადს დარჩა ხელისუფლების სათავეში, ჩვენ პრობლემა შეგვექმნებაო,” თქვა ჯოზეფ ბაიდენმა.
XS
SM
MD
LG