Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთხელ - საქართველოში პოლ ო ნილის ვიზიტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული დახმარების შესახებ


ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის პოლ ო ნილის ვიზიტი უკრაინაში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და საქართველოში ამ ქვეყნებისადმი შეერთებული შტატების დახმარების მიმართულებათა გამოკვეთას ემსახურებოდა.

ვიზიტის ფარგლებში პოლ ო ნილი საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებსაც შეხვდა და ამ შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთვის დახმარების გაზრდას გარკვეული პირობით დათანხმდება, კერძოდ, თუ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას და გაააქტიურებს კორუფციასთან ბრძოლას.

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა პოლ ო ნილმა ყოფილი საბჭოთა სივრცის 4 ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოში მოგზაურობა საქართველოში ვიზიტით ამოწურა. ეს იყო პოლ ო ნილის პირველი ვიზიტი რეგიონში, რომლის ქვეყნებიც შეერთებული შტატების დახმარებას წლების მანძილზე გრძნობენ და ამ დახმარების გაზრდასაც ელიან. როგორც ამასწინათაც მოგახსენეთ, შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი უკრაინას, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და, ბოლოს, საქართველოს ამ ქვეყნებზე რეალური წარმოდგენით ესტუმრა. მან იცოდა, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გარკვეული წარმატებაც დახვდებოდა და პრობლემებიც, რომელთა სიმძიმეც მოსახლეობის ძირითად ნაწილს, ღარიბ ფენას, აწვება. ამიტომაც იყო, რომ შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა და მისმა მოადგილე ჯონ ტეილორმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და საშუალო ფენის ფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოსადმი შეერთებული შტატების დახმარების შემდგომი ზრდის პირობად მათ რეფორმების განხორციელების, კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის მოთხოვნები წამოაყენეს.

“ამერიკის შეერთებული შტატები აღმოუჩენს საქართველოს დახმარებას, თუ ის მიმართული იქნება სამუშაო ადგილების შექმნისა და ცხოვრების დონის ამაღლებისკენ. ხელისუფლება მუდმივად უნდა ზრუნავდეს საშუალო ფენის ფორმირებაზე.” - უთხრა პოლ ო ნილმა ქართველ ჟურნალისტებს. ედუარდ შევარდნაძესთან კონფიდენციალური შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა მინისტრმა “აზოტის” ქარხანა მოინახულა და რამდენიმე მაღაზიაც დაათვალიერა. მას საქართველოზე წარმოდგენა არ უნდა შეცვლოდა. პოლ ო ნილმა თავისი თვალით ნახა ქვეყანა, სადაც ბოლო წლებში უამრავი ფეშენებელური სახლი აშენდა, მაგრამ, რომლის ბიუჯეტიც 920 მილიონი ლარის ფარგლებში დარჩა. ამ ქვეყნის პრეზიდენტი მაღალი რანგის ამერიკელ სტუმართან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაიმეორებდა სიტყვას, რომელიც არაერთხელ წარმოუთქვამს:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ჩვენ არა ვართ მდიდარი სახელმწიფო, ძალიან გაჭირვებული ქვეყანა ვართ, ჯერჯერობით. სამწუხაროდ, მთელი ჩვენი ბიუჯეტი არის 920 მილიონი ლარი, ასეა, არა ?”

სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს სათქმელი იმაზე, თუ რა გააკეთა ასეთი გაჭირვების დასაძლევად, ან რამდენად ეფექტურად დახარჯა ის სოლიდური თანხები, რომელიც გაჭირვებული ქვეყნის დასახმარებლად მოდიოდა, სხვათა შორის, ამერიკის შერთებული შტატებიდანაც.

1992 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება 1 მილიარდ დოლარს აღემატება. ამას ემატება თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 408 მილიონი დოლარი და ჰუმანიტარული დახმარება, ამა წლის მაისში დაწყებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომლის მიზანია გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობა, საკუთარი ტერიტორიების კონტროლის უზრუნველყოფისა და ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით. როგორც ცნობილია, ამ პროგრამაზე 64 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა დაიხარჯოს. უნდა გავიხსენოთ ის დიდი დახმარებაც, რომელიც სასაზღვრო ჯარის ფორმირებისთვის გაუწია შეერთებულმა შტატებმა საქართველოს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მარტო გასულ წელს შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამით 500 - ზე მეტი ქართველი იქნა წაყვანილი მათი პროფესიული მომზადების მიზნით.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს წლევანდელი დახმარება 103 მილიონი დოლარია. აქედან 23,5 მილიონი დოლარი გათვალისწინებულია დემოკრატიის მხარდასაჭერი პროგრამებისთვის, 30,1 მილიონი – საბაზრო რეფორმებისთვის, 31,7 მილიონი - თავდაცვის სფეროს გაძლიერების პროგრამებისთვის, 13,4 – ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 4,5 მილიონი კი -დარგობრივი ინიციატივების წასახალისებლად. წელსვე დაგეგმილია დახმარება საქართველოს მოსახლეობის იმ ფენისთვის, რომელსაც ზამთრის სეზონში არ ძალუძს გათბობისთვის საჭირო გადასახადის გადახდა. 2002- 2003 წლებში “ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო” დაეხმარება საქართველოს გენერაციის საშუალებების აღდგენაში. სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრისას ჯონ ტეილორმა განმარტა, რომ “ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” გარდამავლი ეკონომიკის ქვეყნებისთვის სესხების გრანტებად ტრანსფორმირება აქვს დაგეგმილი, პირველ რიგში, ჯანმრთელობის დაცვის პროექტების განსახორციელებლად. ასეთია მცირე ჩამონათვალი იმ დახმარებებისა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევდა და უწევს.ამ დახმარების ზრდა საქართველოს ხელისუფლების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მას ახლა უკვე ძველი დანაპირების შესრულებას და სამუშაო ადგილების შექმნას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG