Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაარბია თავისუფლების ინსტიტუტი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევაში ეჭვმიტანილი პირები. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოპერატიული მოკვლევის საბაბით,

თავს არიდებს ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თავად თავისუფლების ინსტიტუტის დაზარალებულმა თანამშრომლებმა დარბევაში ეჭვმიტანილი პირი ვერ ამოიცნეს

თავისუფლების ინსტიტუტის დარბევაში ეჭვმიტანილი გიორგი დოიჯაშვილი რუსთავის მკვიდრია. იგი საზოგადოება “ჯვრის” წევრია და 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევასა და თანამშრომელთა ცემის ფაქტს თავისი რელიგიური მრწამსით ხსნის. მისი განმარტებით, იგი გაღიზიანდა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ იეღოველთა უფლებების დაცვის ფაქტებით და ამხანაგებთან ერთად თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლებთან სასაუბროდ მივიდა. მისივე მონაყოლით, ოფისში შესულებს თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩაუკეტეს კარი, ესროლეს კომპიუტერი და ა.შ.
ასეთია დარბევაში ეჭვმიტანილის ვერსია 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტში განვითარებული მოვლენების თაობაზე. თავად დაზარალებულებმა – თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლებმა - ეჭვმიტანილი ვერ იცნეს. გარდა ამისა, ლევან რამიშვილის ცნობით, დანაშაულის ადგილზე მიყვანილი ეჭვმიტანილი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ იგი ოფისში პირველად იმყოფებოდა. ლევან რამიშვილი კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას: პოლიციამ ეჭვმიტანილის ადვოკატს უფლება არ მისცა, დასწრებოდა ამოცნობის პროცედურას.
თავად გიორგი დოიჯაშვილმა თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლები ამოიცნო. სხვა საკითხია, რომ მისი მონაყოლი და რეალური ფაქტები ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, მის მიერ მითითებული ადგილი, სადაც თითქოს დავით ზურაბიშვილი იჯდა დარბევისას, არ ემთხვევა დავით ზურაბიშვილის სამუშაო ოთახის მდებარეობას და ა.შ. და ა.შ.
მეორე მხრივ, ორგანიზაცია “ჯვარი” პირველად არ ჩნდება ავანსცენაზე რელიგიურ ნიადაგზე ძალადობის გამოვლენისას: არცთუ დიდი ხნის წინათ ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ევანგელისტთა დარბევის გამო, თუმცა, საბოლოოდ, საქმე სასამართლომდე არ მისულა. ეს ყველაფერი თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელ ლევან რამიშვილს აფიქრებინებს, რომ ორგანიზაცია “ჯვრის” წევრი გიორგი დოიჯაშვილი რაღაც გარიგებაში მონაწილეობს და თავად კისრულობს სხვის მიერ ჩადენილ დანაშაულს. შეგახსენებთ: თავისუფლების ინსტიტუტის დარბევასთან დაკავშირებით საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული, რაც, შესაძლოა, პირობითი სასჯელითაც შემოიფარგლოს.
ასეა თუ ისე, თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლები იმ პირების დაკავებას ელიან, ვინც, გიორგი დოიჯაშვილის განმარტებით, მასთან ერთად იმყოფებოდა ოფისში. თუ მათ მაინც ამოიცნობენ დაზარალებულები, მაშინ დარბევის ორგანიზატორის დადგენა აღარ უნდა გაჭირდეს.
XS
SM
MD
LG