Accessibility links

logo-print

4 მუსლიმან ქალს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა


ქალები, რომლებსაც დღეს წარმოგიდგენთ, ირანის, ალჟირის,

სომალიისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან. ასე რომ, ოთხივეს მუსლიმანურ ქვეყანაში უხდება მოღვაწეობა, ოთხივეს საქმიანობას ართულებს მათ სამშობლოში ადამიანის უფლებების ხშირი ხელყოფა და, ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებების სისუსტე. სწორედ ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა”, როცა გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე შეკრებილებს წარუდგინა თავისი პრემიის წლევანდელი ლაურეატები: უზბეკი მუბორაქ ტაშპულატოვა, ირანელი მეჰრანგიზ კარი, ალჟირელი ნაჯეტ ბუდა და სომალიელი მარიამ ჰუსეინ მოჰამედი.

როგორც ვაშინგტონიდან ჩვენი კორესპონდენტი რონდა ვზენსკი იუწყება, 9 ივლისს გამართული ცერემონია მისმა საპატიო სტუმარმა, შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ გახსნა და დაჯილდოვებული ქალები ”შეერთებული შტატების მოკავშირეებად” მოიხსენია. ლორა ბუშის სიტყვებით: [ლორა ბუშის ხმა] ”შეერთებული შტატები და მასთან ერთად დემოკრატიის მოკავშირეები, როგორიც ეს ქალები არიან, ამტკიცებენ, რომ ტერორი და მისი მიმდევრები ვერ ჩაახშობენ თავისუფლებას”.

მაინც, რა ღვაწლზეა ლაპარაკი, რა დამსახურებები მიუძღვით ”დემოკრატიის ეროვნული ფონდის” პრემიის წლევანდელ ლაურეატებს?

ირანელი ვექილი და მწერალი მეჰრანგიზ კარი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიზაციის მომხრეთა მოძრაობაში. განვლილი წლების მანძილზე მან პატიმრობაც გამოიარა, როცა ირანის სასამართლოებმა ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად მიიჩნიეს მეჰრანგიზ კარის მოწოდება კანონის უზენაესობის აღიარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისაკენ.

სხვათა შორის, იმ დღეს, როცა ირანელ ვექილს ვაშინგტონში აჯილდოვებდნენ, თეირანში პოლიციამ და გასამხედროებულმა ჯგუფებმა დაშალეს დაახლოებით 4000-კაციანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებდნენ დემოკრატიზაციის მომხრე სტუდენტებს. იმ დღეს, 2002 წლის 9 ივლისს, 3 წელი შესრულდა ირანში სტუდენტური გამოსვლების გახმაურებული დარბევიდან.

ადამიანის უფლებების ხელყოფას დასასრული არ უჩანს არც ალჟირში, ქვეყანაში, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ყოველწლიურ მოხსენებაში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ, ყველაზე მკაცრად გაკრიტიკებულ სახელმწიფოებს მიეკუთვნება. როგორც ვაშინგტონში ”დემოკრატიის ეროვნული ფონდის” პრემიით დაჯილდოვებისას ნაჯეტ ბუდამ აღნიშნა, ალჟირის ხელისუფლების მთავარი შეცდომაა სამხედრო ზომებით შემოფარგვლა მეამბოხეებთან დაპირისპირებაში: [ნაჯეტ ბუდას ხმა] ”ტერორიზმის წინააღმდეგ მხოლოდ იარაღით ბრძოლა ბოლოს ვერ მოუღებს ამ სასტიკ ძალადობასო", აღნიშნა ნაჯეტ ბუდამ, რომლის ორგანიზაცია ”SOS დისპორუსი” ალჟირის სამოქალაქო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პრობლემაზე მუშაობს.

მარიამ ჰუსეინ მოჰამედი კი სომალიში ”ისმაელ ჯუმალეს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის” დამფუძნებელია. აღმოსავლეთი აფრიკის ამ ქვეყანას ცენტრალური ხულისუფლება არა ჰყავს მას შემდეგ, რაც ბოლო პრეზიდენტი, მოჰამედ სიად ბარე უცხოეთში გაიქცა. ასეა უკვე 11 წელი, რომელთა განმავლობაში ძალაუფლებისათვის ბრძოლა არ შემწყდარა, ამ ბრძოლაში ჩართული შეიარაღებული დაჯგუფებები კი, უმრავლეს შემთხვევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების ხელყოფენ.

უზბეკეთს შეიარაღებული დაპირისპირებები, მართალია, არ აწუხებს, მაგრამ ადამიანის უფლებების ხელყოფა ამ ქვეყანაშიც ფართოდ არის გავრცელებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალაუფლებას ინარჩუნებს ისლამ ყარიმოვი, რომლის რეჟიმს მკაცრად აკრიტიკებენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის, აგრეთვე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. ”ასეთ პირობებში უზბეკეთში განათლების დონის გაუმჯობესება მძიმე ამოცანა არისო”, აღნიშნა 9 ივლისს ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე ”დემოკრატიის ეროვნული ფონდის” წლევანდელი პრემიის ერთ-ერთმა ლაურეატმა, მუბორაქ ტაშპულატოვამ, რომელიც ტაშკენტში საგანმანათლებლო ცენტრს ხელმძღვანელობს: [ტაშპულატოვას ხმა] ”სამოქალაქო განათლება საკმარისი არ არის იქ, სადაც არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი პრესა, თავისუფალი არჩევნები, თავშეყრის თავისუფლება ან სხვა დემოკრატიული თუ ლიბერალური თავისუფლებები.”

მხოლოდ განათლება, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს, მაგრამ ტაშპულატოვამ იცის, რომ ის აუცილებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, თუ საზოგადოებას სურს, რომ შეივსოს ნამდვილი მოქალაქეებით და არა სისტემის შემადგენელი სუბიექტებით, როგორც ეს 70-წლიან საბჭოთა ეპოქაში ხდებოდა. როგორც ტაშპულატოვამ თქვა: [ტაშპულატოვას ხმა] ”ჩვენ გაგვზარდეს საბჭოთა ხალხად და არა მოქალაქეებად, მაგრამ გვინდა, ჩვენი შვილები სხვანაირები იყვნენ”.

ასეთია მუბორაქ ტაშპულატოვას მიზანი, რომლის მისაღწევად მას და მის თანამოაზრეებს რთულ პირობებში მუშაობა უწევთ, ისევე როგორც ვაშინგტონში 9 ივლისს დაჯილდოვებულ დანარჩენ სამივე მუსლიმან ქალს. ”დემოკრატიის ეროვნული ფონდის” წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ამ ქალების ღვაწლი, რთული სამუშაო პირობების გამო, დასავლეთის გამორჩეულ ყურადღებას და ასევე გამორჩეულ აღიარებას იმსახურებს.
XS
SM
MD
LG