Accessibility links

logo-print

როგორ ფინანსდება სამართალდამცავი და თავდაცვის უწყებები


ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით დაწყებულ „წვრთნისა და აღჭურვის“ 64 მილიონ დოლარად შეფასებულ პროგრამას ჩაშლა ემუქრებოდა იმის გამო,

რომ ქართული მხარე 5 მილიონ ლარიან თანადაფინანსებას ვერ ახერხებდა. ბოლოს, როგორც იქნა, საქართველოს მთავრობამ ეს თანხა გამოძებნა, მაგრამ მნიშვნელოვანი ხარვეზებია თავად თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო ფინანსებით უზრუნველყოფაში. ანალოგიური მდგომარეობაა უშიშროებისა და დაზვერვის უწყებებშიც, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები უმთავრეს ყურადღებას ქართული არმიის განვითარებას უთმობენ და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შეიარაღებული ძალების რეფორმირებასა და გაძლიერებას გვირჩევენ, რაზეც დამოკიდებულია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესება და, შეაბამისად, ეკონომიკის გამოცოცხლებაც. მიუხედავად ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თავდაცვის და უშიშროების სამინისტროებსა და დაზვერვისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტებს ბიუჯეტით განსაზღვრული მწირი ფინანსებითაც ვერ უზრუნველყოფს.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან სულ 36 მილიონი ლარი ეკუთვნის. ეს 18 მილიონი დოლარიც კი არ არის, მაშინ როდესაც შეერთებული შტატების დახმარებით შემუშავებული 600 ქართველი ჯარისკაცის წვრთნისა და აღჭურვის ორწლიანი პროგრამისთვის ამ თანხაზე თითქმის 4 ჯერ მეტია გამოყოფილი. ცხადია, რომ 36 მილიონი ლარი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა პენსიას უფრო წააგავს, ვიდრე შეიარაღებული ძალების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხას. მითუმეტეს, 6 თვის მანძილზე თავდაცვის უწყებას დაგეგმილი 19 მილიონი ლარიდან მხოლოდ 80%-ი აქვს მიღებული.

შედარებით უკეთაა დაფინანსებული უშიშროების სამინისტრო - 86%-ით. შედარებითი ჩავარდნაა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაფინანსებაში. ამ უწყებამ მხოლოდ დაგეგმილის 77%-ი მიიღო. ხოლო დაზვერვის დეპარტამენტმა, რომელიც წლის მანძილზე 1,2 მილიონი ლარით ფინანსდება, მიიღო ამ მწირი სახსრების მხოლოდ 76%-ი.

18 ივლისს გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა:

[ბათიაშვილის ხმა] „ჩვენ სულ თითს ვიშვერთ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებისკენ, ან კიდევ რაღაც გარეშე ძალებისკენ, რომ იქიდან არის მცდელობა დესტაბილიზაციის და იქიდან მოდის საფრთხე. მთავარი საფრთხე დესტაბილიზაციის ქვეყანაში შეიძლება მოდიოდეს, აი, ამ მიზეზებით, როდესაც ეს უწყებები იქნება ასე დაფინანსებული და, უფრო სწორედ, აი, ასეთ დონეზე დაუფინანსებელი.“[სტილი დაცულია]

ბათიაშვილის ამ განცხადების შემდეგ კომიტეტის სხდომა დახურულად გამოცხადდა და მასზე თავდაცვისა და უშიშროების სამსახურთა მოხსენებები მოისმინეს. მანამდე კი ზერელედ ილაპარაკეს იმაზე, თუ რა უშლის ხელს ხაზინაში დაგეგმილი თანხების მობილიზებას და ხარჯვას. გაირკვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა იმის გამო არ ფინანსდება, რომ საქართველოში კვერცხისა და საცვლების იმპორტის დაბეგვრა ვერ ხერხდება. ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით:

[ბათიაშვილის ხმა] „ჩვენ უნდა გამოვძებნოთ და შევიმუშაოთ პასუხის მოთხოვნის ფორმა, ძალიან სერიოზული ფორმა, სხვა გამოსავალი არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ, რაც შეეხება შემოსავლების მობილიზაციას, ხარჯების განაწილებასაც, დღეს ეს არის ფინანსთა სამინისტროს მოვალეობა. ამიტომ ამ შემთხვევაში ადრესატი გარკვეულია. თუმცა ეს პრეზიდენტის ნებაზეცაა დამოკიდებული და ყველა იმ სამსახურის, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ შემოსავლების მობილიზაციას. პრეზიდენტი უნდა გაბრაზდეს და, ასევე, ჩვენც უნდა გავბრაზდეთ ძალიან სერიოზულად...“[სტილი დაცულია]

რა შედეგს გამოიღებს ეს მეთოდი თავდაცვისა და უშიშროების სფეროს დაფინანსების უზრუნველყოფაში, სულ მალე, 9 თვის შედეგების განხილვისას, გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG