Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სარეკლამო ბაზრის თავისებურებები


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ცნობილი ლოზუნგი, რომ რეკლამა წარმოების მამოძრავებელია, შესაძლოა, საკამათო იყოს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, იგი სრულ სიმართლეს წარმოადგენს.

ის ფაქტი, რომ ნორმალურ ქვეყანაში დღეს სერიოზული წარმატების მიღწევა და კაპიტალის დაგროვება ადეკვატური რეკლამის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ალბათ, ეჭვს აღარ იწვევს.

საბჭოთა პერიოდის ცნობილი და საკმაოდ მოუქნელი სარეკლამო ლოზუნგები, უმეტესად, მხოლოდ ღიმილის მომგვრელი გახლდათ, რადგან იმ პირობებში, როდესაც კონკურენცია, როგორც ასეთი, არ არსებობდა, - ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად მაინც, - სარეკლამო ბაზარი ვერასგზით ვერ ჩამოყალიბდებოდა. მართლაც, ძნელი იყო იუმორის გარეშე შეგვეხედა ისეთი ტრაფარეტული ლოზუნგებისათვის, როგორიც, მაგალითად, ერთადერთ ავიაკომპანია ”აეროფლოტს” ახლდა: ”იფრინეთ ”აეროფლოტის” თვითმფრინავებით!”.
კლასიკური რეკლამა კონკურენციის და თავისუფალი ბაზრის პირმშოა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბაზარი ქრესტომათიული თავისუფლებისგან საკმაოდ შორსაა, მწირი სარეკლამო ბიზნესი მაინც ჩამოყალიბდა ჩვენთან. უფრო მეტიც, თუ ადრე ამ სფეროში, ძირითადად, ენთუზიასტები და თვითნასწავლი სპეციალისტები იყვნენ დაკავებულნი, დღეს სპეციალიზებული სარეკლამო კომპანიები მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრს და, რაც მთავარია, მეტ-ნაკლებად პროფესიულ სერვისს გვთავაზობენ.
კომერციული რეკლამა მიმართულია, ძირითადად, მომხმარებლისკენ, ვის გადაწყვეტილებაზეც უნდა მოახდინოს მან გავლენა.
ფიქრობენ, რომ რეკლამას მომხმარებლისათვის აქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ეფექტი. პირველ რიგში, რეკლამა უზრუნველყოფს მომხმარებელს ინფორმაციით ფასებისა და ბაზრის სიახლეების შესახებ. მაგრამ, იმავდროულად, შესაძლოა, ეს ინფორმაცია არასწორი ან საზიანოც კი იყოს მისთვის და მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.
თუ რეკლამა ხელს შეუწყობს წარმოებისა და დისტრიბუციის ზრდას, საბოლოოდ, ის როგორც წესი, გამოიწვევს ფასების შემცირებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილს და, საბოლოო ჯამში, გარკვეულ დოვლათსაც, რომლითაც ისევ მომხმარებელი ისარგებლებს. მაგრამ სარეკლამო დანახარჯებმა, ამავე დროს, შეიძლება თვითღირებულება გაზარდოს და ფასების ზრდა გამოიწვიოს.
გავრცელებულია აზრი, რომ კეთილსინდისიერი რეკლამა კონკურენციის მასტიმულირებელია, რაც ისევ მომხმარებელს აძლევს ხელს. იმავდროულად, შესაძლოა, რეკლამამ იმდენად დაჩაგროს კონკურენტი, რომ განდევნოს იგი ბაზრიდან და მონოპოლიზებას შეუწყოს ხელი.
რეკლამა თავისუფალი მედიის ერთ-ერთი სერიოზული შემოსავალია და, შესაბამისად, შეიძლება იგი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთგვარად, სიტყვის თავისუფლების გარანტადაც მივიჩნიოთ; მაგრამ, ამავე დროს, შესაძლებელია, იგივე მედია დამოკიდებული აღმოჩნდეს რეკლამის მსხვილ შემკვეთზე და ამის გამო, საბოლოო ჯამში, მისი თავისუფლება შეიზღუდოს.
მაგრამ, როგორც წესი, კეთილსინდისიერი რეკლამა მაინც მასტიმულირებელია. ხოლო იმისათვის, რომ რეკლამა კეთილსინდისიერი იყოს, არსებობს სპეციალური ორგანოები, რომელთაც ევალებათ მონიტორინგის გაკეთება და, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ჩარევაც ბაზრის საქმეში. საქართველოს შემთხვევაში ამგვარ სტრუქტურას ანტიმონოპოლიური სამსახური წარმოადგენს.
ასევე მოქმედებს კანონი რეკლამის შესახებ. სპეციალური ტიპის საქონლის, მაგალითად, მედიკამენტების, თამბაქოს და ა.შ. რეკლამირებისათვის მოქმედებს სერტიფიცირების წესი. ანუ რაღაც დონეზე ცივილიზებული თამაშის წესები, მეტ-ნაკლებად, დამკვიდრებულია. მაგრამ ყოველთვის არსებობს კანონისთვის გვერდის ავლის გზები, რასაც ხშირად შეგნებულად, ხშირად კი უნებურად იყენებენ საქართველოში.
რაც შეეხება თავად სარეკლამო ბიზნესს, მისი განვითარების ყველაზე სერიოზულ შემზღუდავ ფაქტორად რეკლამის შემკვეთთა სიმცირე შეიძლება მივიჩნიოთ. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ძნელია რაიმეს გაუწიო პოპულარიზება. ამასთან, ქართული ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ჩრდილოვან სექტორს განეკუთვნება, რეკლამა კი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ”ჩრდილს” ნაკლებად ჰგუობს.
XS
SM
MD
LG