Accessibility links

logo-print

საქართველოს ტელევიზიაში მიმდინარე საგაფიცვო მოძრაობა


თითქმის ერთი თვეა გრძელდება საქართველოს ტელევიზიის თანამშრომელთა გაფიცვა, რომლის ძირითადი მოთხოვნებია კორუფციის აღკვეთა და საქტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის,

ზაზა შენგელიას, როგორც ტელევიზიაში წარმოებული ფინანსური მაქინაციების ორგანიზატორის, თანამდებობიდან გათავისუფლება. შესაბამისად, ამ ფინანსური დარღვევების შესწავლის მიზნით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, გენერალური პროკურორის სახელზე გაიგზავნა ტელევიზიის თანამშრომელთა ერთობლივი განცხადება, როგორც ზაზა შენგელიას წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი. ამას გარდა, მზადდება კიდევ ერთი, ამჯერად კერძო, საჩივარი: ტელევიზიის ვიდეოინჟინერი ემზარ ლაბუჩიძე საქტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ცილისწამებისათვის უჩივლებს.

ემზარ ლაბუჩიძე ერთ-ერთი პირველია, ვინც საქტელერადიო დეპარტამენტში არსებული ფინანსური დარღვევებით კონკრეტულად დაინტერესდა და ორი წლის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად, მოიპოვა მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც მისი თქმით, გასაიდუმლოებულია შიფრით - კომერციული საიდუმლოება. ტელევიზიის ბიუჯეტის არასწორი ხარჯვის მიუხედავად, ბატონი ლაბუჩიძე შიდა სატელევიზიო მღელვარების ძირითად მიზეზად და საფუძველთა საფუძვლად ასახელებს სახელფასო ფონდის თვითნებურ განკარგვას, რაც, სხვათა შორის, კონტროლის პალატის მოხსენებაშიც დაფიქსირდა;
[ემზარ ლაბუჩიძის ხმა]“ არ არის დამტკიცებული სახელფასო ფონდი. ამით ირღვევა როგორც პრეზიდენტის ბრძანებულება, ისე საქტელერადიო მაუწყებლობის თანამშრომელთა მოთხოვნა, რომ ეს იყოს დამტკიცებული. ამას ვთხოვდით: გვაჩვენეთ ბიუჯეტი. ამიტომ არ გვაჩვენებენ ბიუჯეტს და ამიტომ გვიმალავენ, რომ, როგორც უნდათ, ისე ანაწილებენ ამ თანხებს. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს ხელფასების დაუსაბუთებელ ზრდას. მასთან, ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე, სტრუქტურულ ერთეულებში ერთი და იგივე თანამდებობისათვის განკუთვნილი სახელფასო განაკვეთი მკვეთრად განსხვავებულია. კერძოდ, საინფორმაციო პროგრამების გაერთიანება “მოამბის” მთავარი პროდიუსერის სახელფასო განაკვეთი 38 ლარს შეადგენს, ხოლო ამავე გაერთიანების სხვა პროდიუსერთა სახელფასო განაკვეთი 500 დან 1100 ლარამდეა”. [სტილი დაცულია]
საპროტესტო აქციების ძირითად მიზეზად თანამშრომელთა სისტემატურ შეურაცხყოფას ასახელებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ტელეჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე.
[თამარ ბოლქვაძის ხმა]“ჩვენ ვართ “ტელევიზიის მინებზე შემხმარი ბუზები”, “მუხათგვერდის კანდიდატები”, “ცხოვრების მეჭეჭები”. - ასეთი ეპითეტებით ჯერ არც ერთ ხელმძღვანელს არ “შევუქივართ.” - “40-იან წლებში, 50-იან წლებში ჩარჩენილები”. - მე 40 წლის გახლავართ.- მე რატომ ვარ 50-იან წლებში ჩარჩენილი და ზაზა შენგელია რატომაა 21-ე საუკუნის მოაზროვნე?”
ზაზა შენგელიას მაკომპრომეტირებელი ამ გამონათქვამების მიუხედავად, თავად ზაზა შენგელიამ ჩვენთან საუბარში ძალზე დელიკატურად მოიხსენია აქციის მონაწილენი და საგაფიცვო მოძრაობა სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად ტრანსფორმირების მტკივნეული პროცესის ნაწილად მიიჩნია. თუმცა პრობლემა ამ საჯარო დელიკატურობით არ ამოიწურება და დაპირისპირებას, როგორც ჩანს, უსათუოდ მოჰყვება გაგრძელება.
XS
SM
MD
LG