Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიის რელიგიური ლიდერები ტერორის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი 18 ივლისს თბილისში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "რელიგია კავკასიაში: თანამშრომლობა მშვიდობისათვის". კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის,

აზერბაიჯანისა და სტუმრის სტატუსით მოწვეული კუვეიტის სასულიერო ლიდერები. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება და მის გახსნას დაესწრო კიდეც ედუარდ შევარდნაძე. კონფერენცია ეძღვნება რელიგიის როლს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცნობილია, რომ კონფერენციის მიწურულს მისი მონაწილეები შეიმუშავებენ ერთობლივ განცხადებას - ის დაგმობს ტერორიზმის ყველა გამოვლინებას, აგრეთვე, იმას, რომ ეროვნებათაშორის და სხვა კონფლიქტებს რელიგიური შეფასება მიეცეს. ახლა ძნელი განსაჭვრეტია, რა კვალს დაატყობს რელიგიური ლიდერების შეხვედრა ტერორიზმთან ბრძოლას კავკასიაში და, საერთოდ, მაგრამ სადაო აღარ არის, რომ საქართველოში რელიგია და ტერორი, სამწუხაროდ, უკვე გადაეჯაჭვა ერთმანეთს.

ტერორიზმი საქართველოში აქტუალური თემა გახდა უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან. 1992 წლიდან დღემდე ეს პრობლემა ცოცხალია და ახალ-ახალ განზომილებებს იღებს. პირველად იყო პოლიტიკური ტერორი, რომელში ბრალდებული რამდენიმე პირი ახლაც იხდის სასჯელს საქართველოს ციხეებში, რამდენიმე კი, ვის მიმართაც ტერორს ორგზის გადარჩენილმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ გულმოწყალება გამოიჩინა, ამჟამად თავისუფალია. დაახლოებით ოთხი წლის წინ თავი იჩინა ქართველ და ჩრდილოკავკასიელ კრიმინალთა ერთობლივმა ტერორისტულმა ოპერაციებმა – ადამიანის გატაცება ამ დროიდან იწყება საქართველოში და ეს დღესაც გავრცელებული საქმიანობაა. ამავე პერიოდში იწყება ლაპარაკი საქართველოში აგრესიული ისლამის – ვაჰაბიზმის - საფრთხეზე, თუმცა ეს საფრთხე ქვეყნის ხელისუფლებას ოფიციალურად არ უღიარებია. არადა, ქართული კრიმინალის ოფშორულ ზონაში (როგორც ამას წინათ უწოდეს პანკისის ხეობას) არავინ უარყოფს ვაჰაბიზმის გავრცელებას. ტერორი თავს ახსენებდა ჩვენს მოქალაქეებს დასავლეთ საქართველოშიც: შეგვიძლია გავიხსენოთ განსვენებული გოჩა ესებუა, მისი დაკრძალვა და აფეთქება ზუგდიდის ბაზარში. ბოლოდროინდელ მოვლენათა შეხსენება კი არავის სჭირდება. შეიძლება ვიდავოთ ტერორისა და ტერორიზმის დეფინიციაზე, ვასაბუთოთ, რომ ადამიანის გატაცება სხვა დანაშაულია, მაგრამ, როცა ის ლამის რეგულარულ ხასიათს იძენს, საზოგადოებაზე სწორედ ტერორის, ანუ ძალადობით დაშინების, ეფექტი აქვს.

რა შეუძლიათ ასეთ ვითარებაში რელიგიურ ლიდერებს? მათ ინიციატივას, ერთობლივი გამოსვლით დაგმონ ტერორიზმი და ეთნოკონფლიქტების რელიგიური შეფასება, უკეთეს შემთხვევაში, დადებითი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვება; ტერორიზმთან ბრძოლა კი სრულიად კონკრეტული სამსახურების საქმეა. სხვა ქვეყნებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს რელიგიურ ლიდერებს შეუძლიათ უფრო თამამნი იყვნენ იმ მოვლენასთან დაპირისპირებისას, რასაც რელიგიის, კერძოდ, ქრისტიანობის და, განსაკუთრებით, მართლმადიდებლობის სახელით სარგებლობა ჰქვია ძალადობის აქტების განხორციელებისას. ძნელი სათქმელია, რამდენად გაუჩნდებათ მღვდელმთავრებსა და სხვა სასულიერო პირებს ასეთი სურვილი და, რომც გაუჩნდეთ, რამდენად აიძულებს ეს საქართველოს პრეზიდენტს, აღკვეთოს ქრისტიანობის სახელით მოპარპაშე ჯგუფების ქმედება. ამგვარ ქმედებათა ნაყოფი – დასახიჩრებული და ნაგვემი ადამიანები, დამწვარი და დარბეული საკუთრება, ჩამდენთა მიმართ შიშის გაჩენა და მათთვის ანგარიშის გაწევა – სწორედ ტერორისა და ტერორისტებისთვის სასურველი ეფექტის ტოლფასია.
XS
SM
MD
LG