Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 444-ე გამოშვება


მარიამ ჭიაურელი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა, ტრადიციისამებრ ”მეათე სტუდიაში” გეპატიჟებით. დღეს, ყოველკვირეული რადიოჟურნალის 444-ე გამოშვებაში დავუბრუნდებით ”თავისუფლების ინსტიტუტის” დარბევის თემას და ამ საქმის ზოგიერთ დეტალს გავაშუქებთ, ვისაუბრებთ საქართველოში ხორბლის წარმოებისა და რეალიზაციის საკითხებზე. შემდეგ კი საყოველთაოდ ცნობილ და მაინც ბურუსით მოცულ ფენომენს, გლობალიზაციას შევეხებით, ჩავეძიებით შეკითხვებს: რას ფიქრობენ მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები? რა არის ”ანტიგლობალიზმი ქართულად”? ბოლოს კი გამოვეხმაურებით სახელგანთქმული ”როლინგ სტოუნზის” 40-წლიან იუბილეს. ”მეათე სტუდიაში” მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

10 ივლისის დარბევის საქმის რამდენიმე დეტალი

მარიამ ჭიაურელი:
როგორც ცნობილია, პოლიციამ დააკავა 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი. ერთი მათგანია გიორგი დოიჯაშვილი. დღეს იგი თბილისის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. ცნობილია ისიც, რომ დოიჯაშვილი თავისუფლების ინსტიტუტის ზოგიერთმა თანამშრომელმა ვერ ამოიცნო, თუმცა, რატომღაც თავად აღიარა ორგანიზაციის ოფისში მისვლის ფაქტი. ამ ამბის რამდენიმე დეტალსა და კომენტარს დავით პაიჭაძე შემოგთავაზებთ.

დავით პაიჭაძე:
ამოცნობა ჯერჯერობით ორ ეტაპად ჩატარდა: თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლები პირველად ფოტოსურათებზე გამოსახული ადამიანების ამოსაცნობად მიიწვიეს პოლიციის სამმართველოში, შემდეგ კი – ცოცხალი ეჭვმიტანილის. ვერც ერთ შემთხვევაში არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დანამდვილებით ვერ თქვეს, რომ გიორგი დოიჯაშვილის სახით საქმე ერთ-ერთ დამრბევთან ჰქონდათ. დაზარალებული დავით ზურაბიშვილი ფოტოსურათების ნახვის შემდეგ ამოსაცნობად აღარც მიუხმიათ, რადგან, როცა ცემის შემდეგ წამოდგომა და მეორე ოთახში გასვლა შეძლო, მოძალადენი უკვე წასულები იყვნენ. ამოცნობამ ეჭვი აღუძრა თავისუფლების ინსტიტუტის წევრს, თამარ კინწურაშვილს [კინწურაშვილის ხმა]: “ამოცნობაზე წაგვიყვანეს მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლები, როდესაც დამრბევები ჩვენი ოფისიდან გასვლის შემდეგ ქვემოთ შეუვარდნენ თვალის კლინიკის თანამშრომლებს და დაარბიეს მათი აპარატურა. რატომღაც, პოლიციამ სხვა, არა ჩვენი თანამშრომლები ამოცნობაზე არ წაიყვანა. ესეც ეჭვებს ჰბადებს”.

აქვე დავძენთ, რომ თავისუფლების ინსტიტუტის ყველა დაზარალებული ეჭვმიტანილთა ამოსაცნობად ჯერ არ მიუწვევიათ. ეჭვმიტანილი ჰყავდათ თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში, სადაც მის მიმოსვლას რამდენიმე ადამიანი დაესწრო. ერთი მათგანის, ქეთი გოგიაშვილის თქმით, დოიჯაშვილის ყველა კომენტარი სინამდვილესთან შეუსაბამო იყო. მაგალითად [გოგიაშვილის ხმა]: “განაცხადა, რომ იყვნენ ოთხნი. ორნი აქ შემოვიდნენ სალაპარაკოდ, ორიც მისაღებ ოთახში ელოდებოდა ამათ; სურდა საუბრის დაწყება რელიგიურ თემაზე და როცა ეკლესია ახსენა, ინსტიტუტის თანამშრომლები აღშფოთდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს: ხელი ჰკრეს, კლავიატურა ჩაარტყეს, კომპიუტერი ესროლეს. ასე თქვა, ოთახიდან “ტალპა” გამოვიდა და კარებს ვაწვებოდით ჩასაკეტადო. სინამდვილეში ეს კარები შიგნით იღება და აქედან ჩასაკეთად ვერ მიაწვები. ბევრი ხალხი რომ შეიკრიბა და აშკარა საფრთხის წინაშე დავდექით, წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოტახიდან გასასვლელი კარი ჩაეკეტათო. კარს იქიდან ჩვენიანები გვეძახდნენ, ჩაკეტილია და ვერ შემოვდივართო. მისი თქმით, ეს კარები შიგნიდან გაამტვრიეს, არადა, კარი სწორედ გარედან არის შემომტვრეული. პლოლიციის თანამშრომელმა ეს კითხვა რომ დაუსვა, უპასუხა, იქიდან ხომ აწვებოდნენ კარებსო”.

ეჭვმიტანილის მტკიცება, თითქოს თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციაში ლამის საღვთისმეტყველო დისპუტის გასამართად მივიდა, რისთვისაც მას კომპიუტერები დაუშინეს, უბრალოდ, სასაცილოა. დაზარალებული დავით ზურაბიშვილის თქმით [ზურაბიშვილის ხმა]: “ამ სიტუაციის იმდენი მოწმე არსებობს, რომ... ეზოში იყო უამრავი ადამიანი, გასისხლიანებული გადავდექი აქედან და ვყვიროდი, გვიშველეთ, გვარბევენ-მეთქი. ბევრი ადამიანი იყო თვითონ ოფისში. ბოლოს და ბოლოს, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, ბრიტანეთის ორი მოქალაქეც აქ იყო და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს”.

თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ძიების შედეგებს ამ ეტაპზე ნეიტრალურად ეკიდებიან ანუ ჯერჯერობით არც სჯერათ და არც უარყოფენ შესაძლებლობას, რომ დაკავებულები მართლაც შეიძლება დამრბევები აღმოჩნდნენ. მთავარია, როგორ გაგრძელდება საქმე, რომელიც გვარიანად გახმაურდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. დანაშაულის სწრაფი გახსნა სამძებრო ორგანოებს აცილებს პრეტენზიებს არაპროფესიონალიზმისა და ძიების გაჭიანურების გამო. ხელისუფლებაც ნამდვილად დაინტერესებულია საქმის დროული გახსნით და აღშფოთების ჩაცხრობით, რომელიც საქართველოში აკრედიტებულმა საელჩოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოხატეს 10 ივლისის ინციდენტის მიმართ. მაგრამ, უკვე ახლავე ეყრება საფუძველი იმას, რომ საქმის გახსნა დანაშაულის დამტკიცებად ვერ იქცეს. ერთი რომ, თავისუფლების ინსტიტუტის წევრებმა ჯერჯერობით ვერ ამოიცნეს ეჭვმიტანილები. მეორე, შეიძლება ითქვას, რომ დოიჯაშვილის თითქოსდა აღიარებით ჩვენებას ძალა არა აქვს, რადგან ზეწოლით არის მოპოვებული და თან, წინასწარი დაკავების საკანში, მის ამოსაცნობად დაზარალებულთა მიყვანამდე და ამოცნობის დროს, ეჭვმიტანილთან არ შეუშვეს ადვოკატი, რაც პროცესუალური ნორმების დარღვევაა. ემოციური ტალღის გადავლის შემდეგ, იმის მიუხედავად, საქმე სასამართლომდე მივა თუ არა, ოფიციალური საინფორმაციო პოლიტიკა წარიმართება იქითკენ, რომ ადგილი ჰქონდა კამათს, ვიღაცეები იცავენ მართლმადიდებლობას და 10 ივლისს საგანგებო არაფერი მომხდარა. მოვლენათა ასეთი განვითარება სულაც არ არის გამორიცხული. თუმცა დღეს, თვითონ თავისუფლების ინსტიტუტის წევრთა აზრით, გამომძიებლები ძალიან არიან მოწადინებულნი, მიაგნონ და ამხილონ დამნაშავეები.

დავით პაიჭაძე, რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ადგილობრივი ხორბლის წარმოებისა და რეალიზაციის საკითხები

მარიამ ჭიაურელი:
ჩვენი შემდეგი თემაა ”პური ჩვენი არსობისა”. უფრო ზუსტად, ჩავეძიებით შეკითხვებს, რა პრობლემები არსებობს საქართველოში ადგილობრივი ხორბლის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით? როგორია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკა ამ საკითხში?
ამ თემის ირგვლივ გიორგი კაკაბაძე თბილისში ესაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილეს დავით გრიგოლიას.

გიორგი კაკაბაძე:
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც პარლამენტარებთან ერთად ესწრებოდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელობა, წისქვილკომბინატების წარმომადგენლები და ფერმერები. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი ხორბლის წარმოებასა და რეალიზაციას.

პირველ რიგში ეს არის აღურიცხავი ხორბალი და ფქვილი, რომელიც კონტრაბანდული გზით, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის საქართველოში. ამის გამო გაძნელებულია ადგილობრივი ხორბლის რეალიზება და წისქვილკომბინატებისთვის მიწოდება. აღურიცხავი პროდუქცია საერთო მოცულობის დაახლოებით 50%-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა აღინიშნოს, რომ 1997 წელს ხორბლის ოფიციალური იმპორტი საქართველოში 300 ათას ტონაზე მეტს შეადგენდა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 98 ათას ტონას გაუტოლდა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილის, დავით გრიგოლიას თქმით, [გრიგოლიას ხმა] “ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი კაცი გადაეჩვია პურის მოხმარებას, პირიქით, თუ დღიური ნორმა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 350-400 გრამს შეადგენს, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის დაცემასთან დაკავშირებით, პურის მოხმარება გაიზარდა და დღეს დაახლოებით 700 გრამს აღწევს”.

ხორბლის იმპორტის ოფიციალური მონაცემებიდან კი გამომდინარეობს, რომ შარშან ერთი სული მოსახლე დაახლოებით 59 გრამს პურს მოიხმარდა.

საზოგადოდ, საქართველოს წელიწადში სჭირდება დაახლოებით 800 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ შარშან საქართველოში აიღეს ძალიან მაღალი მოსავალი, რომელმაც 300-350 ტონა შეადგინა. ვინაიდან საქართველოს არ ყოფნის ხორბლის ადგილობრივი წარმოება, ამიტომ დანაკლისი, ძირითადად იმპორტით ივსება.

[გრიგოლიას ხმა] ”რაც შეხება ჰუმანიტარულ დახმარებებს, მოგეხსენებათ მუშაობს ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების პროგრმა –ყოველწლირად აშშ დაახლოებით 30-35 ათას ტონა მაღალხარისხიან სასურსათო ხორბალს ჩუქნის საქართველოს. ეს არის მოხმარების 2,8% “.

როგორია ხორბლის კუპაჟირების პროცედურა საქართველოში? მაგალითად, გორის წისქვილკომბინატში დღეისათვის შემდეგი სქემით მუშაობენ: 20% მოდის ადგილობრივ წარმოებაზე, 20% - ამერიკულ ხორბალზე, დანარჩენი კი რუსეთის ნაწარმზე.

დავით გრიგოლია ამბობს, რომ კონტრაბანდული პროდუქციის არსებობის მიუხედავად, ქართველ ფერმერთა მდგომარეობა უიმედო ნამდვილად არ არის. სამინისტროს ინფორმაციით, რადენიმე წისქვილკომბინატი ადგილობრივი წარმოების ხორბლის შეძენას აპირებს.

[გრიგოლიას ხმა] “რაც შეეხება ფასს, ის თითოეული კონკრეტული შემთხვევით განისაზღვრება და, ძირითადად, დამოკიდებული იქნება ხორბლის ხარისხზე. საორიენტაციო ფასი 22-27 თეთრის ფარგლებშია ანუ ტონა 220 ლარიდან 260-270 ლარამდე ეღირება მაშინ, როცა ამერიკელების მიერ ნაჩუქარი ხორბალი დღეს დაახლოებით 350-360 ლარი ღირს. ეს კიდევ არგუმენტია იმისა, რომ ამერიკული ხორბალი ადგილობრივ ხორბლის წარმოებას ხელს ვერ შეუშლის”.

ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ სამინისტრო მიზანმიმართულ პოლიტიკას ატარებს ფერმერთა საქმიანობის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით.

[გრიგოლიას ხმა] “ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითია ის, რომ ჩვენ დავაყენეთ საკითხი პარლამენტის წინაშე ფერმერების საგადასახადო ტვირთის ლიბერალიზაციის შესახებ. წლიურმა ბრუნვამ 25 ათასიდან 100 ათასამდე აიწია და ფერმერი მხოლოდ და მხოლოდ მიწის გადასახადს იხდის, არანაირი სხვა გადასახადით არ იბეგრება”.

დავით გრიგოლიას თქმით, რასაკვირველია, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის, რადგან არ შეიძლება ბრუნვაზე ზღვრის დაწესება. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის დავით კირვალიძის აშშ-ში ვიზიტის დროს ეს საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე დაისვა. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ამ წინადადებას გაგებით მოეკიდებიან და დასაბეგრი მინიმუმის ზღვარი, პრაქტიკულად მოიხსნება, ანუ ფერმერი მხოლოდ და მხოლოდ მიწის გადასახადით დაიბეგრება.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი

რა არის გლობალიზაცია და რატომ ხედავს მასში მოწინააღმდეგეთა ნაწილი შეთქმულებას ღატაკთა წინააღმდეგ?

მარიამ ჭიაურელი:
განვაგრძობთ პროგრამას და საგადასახადო ტვირთიდან გათავისუფლების სხვა გზაც რომ არსებობს, შემდეგ სიუჟეტში ვნახავთ.

[მუსიკა]

”მეათე სტუდიაში” დღეს დავუბრუნდებით თემას, რომელსაც ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის წინა გამოშვებებში უკვე რამდენიმეჯერ შევეხეთ: ეს არის შეთქმულების თეორიები, ანუ წარმოდგენა, რომ ამა თუ იმ მოვლენის, ამა თუ იმ პროცესის მიღმა დგას ფარული ძალა, ადამიანების ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს ადამიანების სხვა ჯგუფის საზიანოდ, რათა ხელთ იგდოს ძალაუფლება, მართვის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბერკეტები.

”მეათე სტუდიის” მსმენელს, შესაძლოა ახსოვდეს, რომ ამ კონტექსტში საქართველოში აქტუალური უკვე რამდენიმე თემა განვიხილეთ: იქნებოდა ეს თბილისში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრა, რომელიც მავანმა მიწისქვეშა აფეთქების შედეგად მიიჩნია, თუ 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები, რომელსაც არჩევნების გაყალბების ბრალდებები მოჰყვა. ვისაუბრეთ აგრეთვე საფეხბურთო ტოტალიზატორებზე, რახან, საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, მათ მოქმედებას უნდა მივაწეროთ ბოლო მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მოულოდნელი შედეგები.

აი, დღეს კი ვისაუბრებთ გაცილებით უფრო მასშტაბურ პრობლემაზე, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აქტუალობა არასოდეს მოკლებია: ეს არის ჩვენი ეპოქის განმსაზღვრელი პროცესი, ე.წ. ”გლობალიზაცია”.

[ჯეისონ მარკის ხმა] ”არსებობს ორი სხვადასხვა ტიპის გლობალიზაცია. ის, რასაც, ვფიქრობ, უმრავლესობა გულისხმობს, როცა ხმარობს ცნებას ”გლობალიზაცია”, არის ტრანსნაციონალური კორპორაციების გლობალური საქმიანობა. ეს ნიშნავს, რომ გლობალიზაცია, ძირითადად, გამოიწვია კორპორაციების მისწრაფებამ ხარჯების დაზოგვისაკენ, მათმა სურვილმა, რაც შეიძლება ნაკლები იყოს მათ გადაადგილებაზე სახელმწიფოს, ქვეყნის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები. კორპორაციების სურვილია, ჰქონდეთ საწარმოს, ფულის, კაპიტალის გადაადგილების შესაძლებლობა მთელს მსოფლიოში – თან რაც შეიძლება სწრაფად და ადვილად. ცხადია, არსებობს სხვა ყაიდის გლობალიზაციაც: კულტურის, იდეების, სხვა მსგავსი ფასეულობების გლობალიზაცია. ასე რომ, ვფიქრობ, საქმე გვაქვს ერთი მონეტის ორ მხარესთან”. ასე განმარტავს გლობალიზაციას ჯეისონ მარკი, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ”გლობალური გაცვლის” პრეს-მდივანი. ეს ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს აშშ-ის მთავრობის მონეტარულ პოლიტიკას, აგრეთვე აშშ-ში დაფუძნებული ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობას.

ზოგადად, როგორიც უნდა იყოს გლობალიზაციისადმი დამოკიდებულება, ერთი რამ ცხადია: ის ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაშია შემოჭრილი, თუნდაც მოდის სახით, რომელიც ამერიკელ თუ ინდონეზიელ, ქართველ თუ ფრანგ ტინეიჯერებს ერთნაირ ჩაცმულობას და თმის ვარცხნილობას კარნახობს, რომელიც ერთნაირ მუსიკალურ გემოვნებას ამკვიდრებს. ცხადია, გლობალიზაციის გამოხატულებაა უცხოური ინვესტიციები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, ან ის ფაქტი, რომ მაკდონალდსის რესტორნები მსოფლიოს 120 ქვეყანას არის მოდებული. სხვათა შორის, მაკდონალდსის რესტორნებს, ცოტა ქვემოთ, კიდევ დავუბრუნდებით.

გლობალიზაციის მომხრეები, ცხადია, ამ პროცესის დადებით ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც გლობალიზაციას ნამდვილად არ აკლია: საფინანსო კაპიტალის გადაადგილება არ იზღუდება, ასე რომ თუ რომელიმე კომპანია უკმაყოფილოა თავის ქვეყანაში მეტად მაღალი გადასახადების, ან სხვა შეზღუდვების გამო (გავიხსენოთ გიორგი კაკაბაძის მონათხრობი საქართველოში ფერმერების ზედმეტი საგადასახადო ტვირთის შესახებ!), ამ კომპანიას შეუძლია, ფაქტობრივად ნებისმიერ სხვა ქვეყანას მიაშუროს და იქ განაგრძოს საქმიანობა.

წინათ ასეთი გადაადგილების საშუალება არ არსებობდა: ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ სახელმწიფოთა უმრავლესობას მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული კერძო კაპიტალის მოძრაობაზე, მაგრამ დროთა განმავლობაში დიდი გავლენა მოიპოვა ცნობილი ეკონომისტის, ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკის თეორიამ, რომლის შესაბამისად მთავრობები კი არა, თავისუფალი ბაზარი უნდა განსაზღვრავდეს ეკონომიკური განვითარების პროცესს. ეს თეორია პოლიტიკური მოღვაწეების, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერის ხელშეწყობით ფართოდ გავრცელდა და დღევანდელი გლობალიზაციის საფუძვლად იქცა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად, გლობალიზაციამ უკვე თითქმის ყველა ბარიერი გადალახა და მართლაც გლობალურ ფენომენად იქცა, რომლის აღზევებას დიდად უწყობს ხელს ინტერნეტი და სხვა თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები.

შედეგი, ბევრი თვალსაზრისით დადებითია: კერძო მეწარმე გაცილებით უკეთ ახერხებს კეთილდღეობაზე ზრუნვას, ვიდრე სახელმწიფო. მსოფლიო მასშტაბის თავისუფალი კონკურენცია ფრთებს ასხამს ადამიანის გამომგონებლურ ნიჭს და ხელს უწყობს ტექნიკურ პროგრესს.

მაშ, თუ გლობალიზაციას ასეთი, აშკარად დადებითი მხარეები აქვს, რატომ ჰყავს მას ასიათასობით მოწინააღმდეგე? რატომ გახდა ხმაურიანი სპროტესტო გამოსვლები მსოფლიოს საფინანსო და პოლიტიკური ელიტის სამიტების თანხმლები მოვლენა, რის მაგალითად გამოდგება უმთავრესად დასავლეთის ქვეყნების უმთავრესად ახალგაზრდა წარმოადგენლების მიერ სიეტლში, აგრეთვე გენუაში გამართული დემონსტრაციები, ან დემონსტრაცია ნიუ-იორკში, 2002 წლის 1 თებერვალს, რის ჩანაწერს ახლა ისმენთ...

[დემონსტრაციის ხმაური]

დღეს ის ადამიანები, ვინც ხელაღებით ემხრობა გლობალიზაციას, ბევრს ვეღარ არწმუნებენ თავიანთი დაპირებით, რომ გლობალიზაციას კეთილდღეობა მოაქვს ყველასთვის. მოწინააღმდეგეთა თვალში, გლობალიზაცია ღატაკების, სოციალურად დაუცველების, ე.წ. ”განვითარებადი ქვეყნების” კიდევ უფრო გაღატაკების ხარჯზე მოქმედებს. მოწინააღმდეგეთა თვალში, გლობალიზაცია მდიდარს კიდევ უფრო ამდიდრებს, ღატაკს კიდევ უფრო აღატაკებს, ეს არის ძლიერთა შენიღბული მიზანმიმართული მოქმედება, ძლიერთა ერთგვარი შეთქმულება.

ასეთი კრიტიკის საფუძველი შემდეგი გარემოება გახლავთ: ბაზარს, ზოგადად, არ ძალუძს სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა, სუსტის, ღატაკის, გარემოს დაცვა. მეტიც: ბაზარს მორალი არ გააჩნია, ის მეწარმეს უფლებას აძლევს, იმოქმედოს თავისი ინტერესების შესაბამისად, ამ ინტერესების ზნეობრივ მხარეზე ჩაფიქრების გარეშე. სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. არადა, ზნეობის გარეშე, სამართლიანობისა და უსამართლობის ამოცნობის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებს. სწორედ ამ კონტექსტში თავს იჩენს პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა: პოლიტიკის ამოცანაა დაშვებულისა და დაუშვებლის განსაზღვრა, ბაზრის რეგულაცია, რათა ადამიანები სოციალურად დაუცველი, უსუსური არ დარჩნენ. განსაკუთრებით საფინანსო კრიზისის დროს, როგორიც, მაგალითად, არგენტინას მოედო.

ამასობაში, გლობალიზაციის კრიტიკა უკვე პოლიტიკურ წრეებში გაისმის. მეტიც: გლობალიზაციის რეგულაციას მოითხოვს ზოგიერთი იმ ადამიანებიდან, ვინც სწორედ გლობალიზაციის წყალობით მოიპოვა უზარმაზარი გავლენა თუ სიმდიდრე. რად ღირს თუნდაც ჯორჯ სოროსის მაგალითი! თავის წიგნში გლობალიზაციის შესახებ, ამერიკელი მულტიმილიონერი გლობალიზაციის ტრანსფორმაციას მოითხოვს და საამისოდ კონკრეტულ წინადადებებს სთავაზობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, დასავლეთის მთავრობებს, წამყვან კორპორაციებს.

ბუნებრივია, ტრანსფორმაციის, რეფორმის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა წრეებშიც: სხვათა შორის, ანტიგლობალისტებს ჩვენი რადიოს შტაბ-ბინის ადგილსამყოფელში, პრაღაში, ოქტომბერში მიეცემათ შესაძლებლობა ქუჩიდან კეთილმოწყობილ დარბაზში გადაინაცვლონ და პირისპირ ესაუბრონ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თუ ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელმძღვანელებს, გამართონ დისკუსია, რომელსაც ჩეხეთის პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი უმასპინძლებს. ამ, ბევრის აზრით, საუცხოო ინიციატივაზე უთუოდ დაწვრილებით მოგითხრობთ. ოღონდ ოქტომბერში. ახლა კი საქართველოში გადავინაცვლებთ.

[მუსიკა]

ანტიგლობალიზმი ქართულად

მარიამ ჭიაურელი:
საქართველოში გლობალიზაციის პროცესებთან დაკავშირებით პარადოქსული ვითარებაა შექმნილი. ერთი მხრივ, ხელისუფლება და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ ინვესტიციების ჩადებას, სიამოვნებით სარგებლობს ინტერნეტის გლობალური ქსელით, მეორე მხრივ, სულ უფრო აქტიურდება მოძრაობა გლობალური, ანუ, მავანის თვალში, ამერიკულ კულტურულ ფასეულობათა გავრცელების წინააღმდეგ. ვითარების პარადოქსულობა კი ის გახლავთ, რომ ამ მოსაზრებათა მომხრეები თავს არც გლობალისტებს უწოდებენ და არც ანტიგლობალისტებს, რის შესახებ უფრო მეტს თამარ ჩიქოვანისაგან შეიტყობთ:

თამარ ჩიქოვანი:
ანტიგლობალიზმის პირველი გამოვლინება საქართველოში იყო ამ სამიოდე წლის წინანდელი სკანდალი, როცა საზოგადოების მცირე ნაწილმა ეროვნული თავმოყვარეობის შეურაცხყოფად მიიჩნია შოთა რუსთაველის ძეგლის მახლობლად ამერიკული იაფფასიანი რესტორნის მშენებლობის ფაქტი. ეს კონფლიქტი მცირე მასშტაბის აღმოჩნდა და დღეს თბილისში მაკდონალდსის – გლობალიზაციის ამ აღიარებული სიმბოლოს – უკვე ორი რესტორანი არსებობს. გლობალიზაციის კიდევ ერთი გამოვლინება: საქართველოში სულ უფრო მეტი რაოდენობით იხსნება ინტერნეტკაფეები, თანაც, ყოველგვარი წინააღმდეგობისა და კონფლიქტის გარეშე. არსებობს კი დღეს საქართველოში ანტიგლობალისტური განწყობილება? – ამ კითხვაზე კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფოსი გია ნოდია შენიშნავს:

[გია ნოდიას ხმა] “ ჩვენთან შეიძლება არ იციან ტერმინი ანტიგლობალიზმი, მაგრამ მაკდონალდსს ვებრძვით, ამერიკულ იმპერიალიზმს რაღაც ფორმებით ვებრძვით. ასე რომ, ეს განწყობა არის, ოღონდ, როგორც აქ ხშირად ხდება ხოლმე, ის ანტიგლობალისტური ლოზუნგები, რომლებიც დასავლეთში უფრო მემარცხენე ორიენტაციის ხალხისაა, ჩვენთან არის ულტრამემარჯვენე და ფუნდამენტალისტური ძალების მიერ ატაცებული. შინაარსობრივად ეს მსგავსია, უბრალოდ, სხვადასხვა ტიპის პერსონაჟების მიერ არის ატაცებული.”

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: თუ დასავლელი ანტიგლობალისტები პროტესტის გამოხატვისას, როგორც წესი, ეკონომიკური ტერმინებით აპელირებენ, საქართველოში შინაგანი მრწამსით ანტიგლობალისტები სხვა კატეგორიების დაცვას ახმარენ საკუთარ ენერგიას. მაგალითად მოვიტან რუსეთს, სადაც რუსი ანტიგლობალისტები თავიანთ აქციებზე - სამრეწველო საქონელზე - შტრიხ-კოდების გამოყენების აკრძალვას და რუსეთის პასპორტში ეროვნულობის აღმნიშვნელი გრაფის აღდგენას მოითხოვდნენ. შტრიხ-კოდების თვალსაზრისით, საქართველოში ჯერ რაიმე პროტესტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ეროვნულობის წართმევის მცდელობის თემა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ჩვენში. იურისტ დავით უსუფაშვილის აზრით: [დავით უსუფაშვილის ხმა] “ჩვენ გლობალიზაციის არსი ბოლომდე ვერ გავიცნობიერეთ და დამოუკიდებლობა ბევრს 20-იანი წლების დამოუკიდებლობის კონტექსტში ეჩვენება ისევ. დამოუკიდებელი ვართ – ეს ნიშნავს, რომ სხვები არ გვაწუხებენ, არც ჩვენ ვაწუხებთ და, როგორც გვინდა, ისე მოვიწყობთ ცხოვრებას...ეს ასე აღარ არის. ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და გლობალიზაციის ეპოქის საკაცობრიო ოჯახში ადგილის დამკვიდრება სხვა გზებით უნდა მოვახერხოთ და არა გაჯიუტებით, რომ არ დავუშვებთ, რომ ვთქვათ, ვიღაცამ თავისი რელიგიაც იქადაგოს საქართველოში. ეს, უბრალოდ, არ გამოვა. სხვას კი არ უნდა დავუშალოთ, რომ თავისი რელიგია იქადაგოს, ჩვენ ჩვენი რელიგია უნდა ვიქადაგოთ მეტად.”[სტილი დაცულია]

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია: გია ნოდიას შენიშვნით, როგორც წესი, მრწამსით ყველაზე რადიკალმა ანტიგლობალისტებმა – მაგალითად, ჰომეინმა – განათლება სწორედ დასავლეთში მიიღო. გია ნოდიას აზრით, თუ ოდესმე საქართველოში გამოჩნდებიან ანტიგლობალისტები, სავარაუდოდ, ეს ის ახალგაზრდები იქნებიან, ვისაც განათლება დასავლეთში ექნება მიღებული და ვის ანტიგლობალისტურ საქმიანობასაც ისევ და ისევ დასავლური ფონდები დააფინანსებენ, რადგან:

[გია ნოდიას ხმა] “ იცით, რაშია საქმე? ის, ვისაც ჰქვია ანტიგლობალისტები, სინამდვილეში არიან გლობალური ქსელი. ეს არის ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ყველაზე აქტიური წევრები არიან ისევ დასავლეთში, ოღონდ თავად ებრძვიან თავიანთ ამერიკულ, გლობალურ კაპიტალიზმს..ისინი არიან იდეურად ანტიგლობალისტები, მაგრამ კულტურულად - ისევ და ისევ დასავლურ წიაღში აღმოცენებული ჯგუფები. ნამდვილი ანტიგლობალისტია, მაგალითად, ბინ ლადენი, რომელიც მართლა ებრძვის კაპიტალიზმს, მაგრამ ის თავისთავს ანტიგლობალისტს არ უწოდებს.”

მისივე აზრით, გამორიცხული არ არის, საქართველოში არსებულმა ანტიგლობალისტებმა სულაც არ დაირქვან ეს სახელი სწორედ იმ მიზეზით, რომ თავი დასავლურ სისტემასთან არ გააიგივონ.

მარიამ ჭიაურელი:
საქართველოში არსებული ანტიგლობალისტებისა არ იყოს, თავის თავს ანტიგლობალისტს არც უილიამ მაკდონოუ უწოდებს, ოღონდ სხვა მიზეზით: ის ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტია, და, მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციას მკაცრად აკრიტიკებს, მაინც გადაჭრით ემხრობა გლობალიზაციას, ოღონდ მის ტრანსფორმირებულ, გაუმჯობესებულ ვარიანტს. სამწუხაროდ, გაუმჯობესების კონკრეტულ წინადადებებზე საუბარს ამ სიუჟეტისთვის დათმობილი დრო არ ეყოფა, რის გამოც გთავაზობთ მხოლოდ ერთ ნაწყვეტს მაკდონოუს გამოსვლიდან ნიუ-იორკში აპრილში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც გლობალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელა რამდენიმე გავლენიანმა მოღვაწემ. ვფიქრობთ, ეს ჩანაწერი დაადასტურებს, რომ გლობალურ შეთქმულებაში ეჭვმიტანილთა ნაწილს მაინც, გაცნობიერებული აქვს გლობალიზაციის შეცდომები.

მაშ ასე, მაკდონოუს თქმით: [უილიამ მაკდონოუს ხმა] ”არ შეიძლება ვიარსებოთ მსოფლიოში, რომელშიც სიმდიდრე და შემოსავალი წარმატებით განებივრებულების სასარგებლოდ ნაწილდება და საკმარისად არ ეძლევა იმათ, ვინც არაფრით ჩამოგვივარდება ჩვენ, ამ დარბაზში შეკრებილებს. მათ, უბრალოდ, ბედმა არ გაუღიმა. ჩვენ უნდა ვცადოთ მათთვის დახმარების გაწევა. ეს უნდა გაკეთდეს ან მორალური მოსაზრებებით, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. ან პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვინაიდან არ შეიძლება ვიცხოვროთ პლანეტაზე, რომელზეც მდიდარსა და ღატაკს შორის ესოდენ ღრმა ნაპრალი არსებობს.”

[დემონსტრანტების ხმაური]

[სიმღერა ¨Satisfaction”]

“როლინგ სტოუნზის” 40 წლის იუბილე

მარიამ ჭიაურელი:
გლობალიზაციის პირობებში ერთნაირი მუსიკალური გემოვნების დამკვიდრება უკვე ვახსენეთ. მაგალითად, ეს სიმღერა სახელწოდებით “Satisfaction” მართლაც გლობალური პოპულარობით სარგებლობს და თან ერთგვარი “საფირმო” მელოდიაა ჯგუფისა, რომელიც ამ დღეებში არსებობის 40-წლიან იუბილეს ზეიმობს. თუმცა, “როლინგ სტოუნზს” (ჩვენ კი სწორედ ამ ჯგუფზე გესაუბრებით) რეპერტუარში სხვა, არანაკლებ პოპულარული სიმღერებიც აქვს: “Brown Sugar” და “Angie”, “Lady Jane” და “It’s Only Rock And Roll But I Like It”... სხვა ბევრის ჩამოთვლაც შეიძლება. მაგრამ სიტყვას აღარ გავაგრძელებ და მიკროფონს დავით კაკაბაძეს დავუთმობ, რომელიც მოკლედ გადაავლებს თვალს როკენროლის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფის შემოქმედებით გზას.

დავით კაკაბაძე:
იყო დრო, როცა ბრიტანეთის პოპ-სცენაზე პირველობას ერთმანეთს ორი ჯგუფი ეცილებოდა: “ბითლზი” და “როლინგ სტოუნზი”. დაახლოებით ერთ დროს დაარსებული ამ ჯგუფების დავაში პირველობა უდავოდ “ბითლზს” ხვდა, მაგრამ თუ ამ ლეგენდარულმა ჯგუფმა არსებობა 32 წლის წინათ შეწყვიტა, “როლინგ სტოუნზი” დღესაც, დაარსებიდან ოთხი ათეულის შემდეგაც, განაგრძობს ახალ-ახალი ჩანაწერების გამოშვებას და, რაც მთავარია, მაყურებლით გაჭედილ სტადიონებზე გამოსვლას.

“ბითლზისგან” განსხვავებით “როლინგ სტოუნზი” იმთავითვე ცდილობდა, საკუთარი თავისთვის “გაუზრდელი ბიჭების” იმიჯი შეექმნა. მისი წევრები არასოდეს ერიდებოდნენ თავიანთი სიმღერების ტექსტებში უხამსი გამოთქმების ხმარებას, სცენაზე მათი ქცევა ხშირად ველური და აღვირახსნილი იყო, ხოლო ჯგუფის ამა თუ იმ წევრის გარშემო ატეხილ სკანდალებს ბოლო არ უჩანდა.

ყველაზე ხმაურიანი სკანდალები “როლინგ სტოუნზის” წევრების მიერ ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდებოდა. სწორედ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლით გადაჭარბებულ გატაცებას გადაჰყვა ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი, გიტარისტი ბრაიან ჯონსი. 1969 წლის მაისში ჯონსს ჯგუფის დატოვება მოუხდა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მისი გვამი მისსავე საცურაო აუზში იპოვეს. სხვათა შორის, ბრაიან ჯონსს ჯგუფის ნათლიად მიიჩნევენ: ანსამბლს სწორედ მან შეურჩია სახელი მადი უოტერსის ცნობილი სიმღერის სათაურზე დაყრდნობით.

ახლა არ შევუდგები იმ მუსიკოსთა გვარების ჩამოთვლას, რომლებიც “როლინგ სტოუნზში” სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდნენ. ჯგუფის დღევანდელი შემადგენლობა კი ასეთია: რონი ვუდი (ბას-გიტარა), ჩარლი უოტსი (დასარტყამი ინსტრუმენტები), კით რიჩარდსი (გიტარა) და ანსამბლის სული და გული, მომღერალი მიკ ჯაგერი, რომელსაც ინგლისის დედოფალმა ახლახან რაინდის წოდება მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრთა საშუალო ასაკი 60 წელს უახლოვდება, “როლინგ სტოუნზი” თითქმის უწინდელი შემართებით განაგრძობს საქმიანობას – როგორც ახალი ალბომების ჩაწერის თვალსაზრისით, ისე საკონცერტო მოღვაწეობის მხრივ.

“როლინგ სტოუნზის” დაბადების თარიღად ითვლება 1962 წლის 12 ივლისი, როცა ჯგუფმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა ლონდონში, ოქსფორდ სტრიტზე მდებარე “მარკი კლაბში”. მაგრამ არსებობის პირველ წლებში ანსამბლი დიდ წარმატებებს ვერ დაიკვეხნის: როგორც მიკ ჯაგერი იხსენებს, თავიდან რატომღაც მხოლოდ 12-13 წლის გოგონებს მოვწონდითო.

იმავე ჯაგერის თქმით, სერიოზული გარდატეხა მოხდა 1969 წლის შემოდგომაზე, როცა “როლინგ სტოუნზი” საგასტროლოდ გაემგზავრა შეერთებულ შტატებში. სწორედ იმ ტურნემ აქცია მიკ ჯაგერი და მისი კოლეგები მსოფლიო მნიშვნელობის ანსამბლად. მას შემდეგ “როლინგ სტოუნზს” ეს სტატუსი აღარც დაუკარგავს.

ახლა ჯგუფი ემზადება საიუბილეო საგასტროლო ტურნესთვის მსოფლიოს გარშემო, რომელიც სექტემბერში დაიწყება და თითქმის ერთ წელიწადს გასტანს.

[მუსიკა. As Tears Go By]

მარიამ ჭიაურელი:
”მეათე სტუდია” და მასთან ერთად რადიო ”თავისუფლების” დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით ”როლინგ სტოუნზის” ჰიტით ”As Tears Go By”.
XS
SM
MD
LG