Accessibility links

logo-print

ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების კავშირი


2000 წლის შემოდგომაზე წინანდალში, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის პირველ სემინარზე, ზურაბ ჟვანიამ წაიკითხა მოხსენება განვლილ ათწლეულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომების შესახებ.

სკოლის ერთ-ერთი ექსპერტი ირინა სარიშვილი-ჭანტურიაც იყო. მოხსენების შემდეგ გამართული კამათისას ირინა სარიშვილმა თავისი თვალსაზრისი წარმოადგინა სადისკუსიო თემაზე და ზურაბ ჟვანიას საჯაროდ უწოდა თავისი თაობის პოლიტიკოსთა მოღალატე.

გასულ კვირაში ახალი თაობის პოლიტიკოსები ერთმანეთის გვერდით დასხდნენ და “ძველების” პირისპირ აღმოჩნდნენ.

რას გულისხმობდა ირინა სარიშვილი-ჭანტურია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს – ზურაბ ჟვანიას – თაობის ღალატში სდებდა ბრალს? დღეს ამ კითხვაზე პასუხი ცხადზე ცხადია – ჟვანიას დანაშაულად მიჩნეულ იქნა შევარდნაძის გვერდით დგომა და ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების “გაწირვა”, მათი გზიდან ჩამოშორების მიზნით.

ის ფაქტი, რომ გასულ კვირაში, ეროვნულ-დემოკრატების ინიციატივით, რვა პარტიის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, სწორედ ახალი თაობის პოლიტიკოსების გაერთიანების მცდელობაა. ეს მცდელობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ახალგაზრდა ლიდერებმა ხელისუფლება დატოვეს, საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციები შექმნეს და ოპონენტებთან კონკურენციის თანაბარ პირობებში მოექცნენ. ვიდრე ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ხელისუფლების მაღალ პოსტებზე იყო, მეორე ნაწილი კი – ოპოზიციაში, მათი გაერთიანების საფუძველი არ არსებობდა. ახლა კი მათთვის ხელსაყრელია თანამშრომლობა და თანადგომა “ძველების” – ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის წინააღმდეგ.

ერთადერთი ლიდერი, რომელიც თან მონაწილეობს ახალი თაობის პოლიტიკოსთა შეკრებაში და თან, ნაწილობრივ, ემიჯნება მას – დავით გამყრელიძეა. მიზეზი ისაა, რომ ახალი მემარჯვენეების პარტიას, დანარჩენებისგან განსხვავებით, ჯერ არ ამოუწურავს ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთობის რეზერვი. დავით გამყრელიძე ელოდება მოვლენების განვითარებას ავთანდილ ჯორბენაძის ირგვლივ. არ არის გამორიცხული, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ პრეზიდენტმა ახალი მემარჯვენეები გააძლიეროს. მეორე მხრივ, დავით გამყრელიძე არც თავისი თაობის ლიდერებს ემიჯნება, რადგან შევარდნაძის ხელისუფლება დღეს გაცილებით სუსტია, ვიდრე ოდესმე. ამიტომ გამყრელიძე ცდილობს, ურთიერთობაც და დისტანციაც ორივე ბანაკთან შეინარჩუნოს.

თავის მხრივ, რა პოლიტიკურმა იდეამ შეიძლება გააერთიანოს ახალი თაობის ლიდერები? ცხადია, მიმდინარე მოვლენები მხოლოდ საბაბია შეკრებისთვის და სამომავლო კავშირის საფუძვლად ვერ გამოდგება. მთავარი პოლიტიკური საკითხი, რომელიც უახლოეს ერთ ან ორ წელიწადში უნდა გადაწყდეს, საკონსტიტუციო ცვლილებებია. ფაქტია, რომ დღევანდელი მოდელი პირადად ედუარდ შევარდნაძეზეა მორგებული და სამომავლოდ დიდი დაპირისპირების მიზეზად შეიძლება იქცეს. კარგა ხანია, პოლიტიკური სპექტრი საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს. ახალი თაობის კავშირი ძველი თაობის წინააღმდეგ, შესაძლოა, სწორედ მომავალ საკონსტიტუციო მოდელთან დაკავშირებული შიდა შეთანხმებით დასრულდეს.
XS
SM
MD
LG