Accessibility links

ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკურ პარტიათა მიერ წამოწყებულ დიალოგში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ერთვებიან


ძალადობისა და ქვეყანაში არსებული ვითარების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით წამოწყებულ პარტიათა შორის დიალოგს არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

ეს არის რომ, 19 ივლისს სასტუმრო “მეტეხში” მესამე სექტორის წარმომადგენლების ინიციატივით გამართულ დისკუსიას ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებულ პარტიათა ნაწილი დაესწრო. იქ წარმოდგენილი პარტიული ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები ნორმალური პოლიტიკური ატმოსფეროს შესაქმნელად საჭირო საკითხებზე შეთანხმდნენ, მაგრამ წარსულის გადაფასების მოთხოვნასთან დაკავშირებით მაინც განსხვავებულ პოზიციებზე დარჩნენ. ასეა თუ ისე, მთავარი ის არის, რომ ყველამ დიალოგის გაგრძელების სურვილი გამოხატა.

ის, რაზეც რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება, მათ შორის : ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, გაერთიანებული დემოკრატები, ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი, ტრადიციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები უპრობლემოდ თანხმდებიან, ნორმალური პოლიტიკური ატმოსფეროს შესაქმნელად აუცილებელი საკითხებია. კერძოდ: პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქცევა და ძალადობაზე უარის თქმა, კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესი, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა, სიტყვის, აზრისა და რწმენის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, უმცირესობათა უფლებების პატივისცემა, შეურიგებლობა ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებასთან, საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი სამოქალაქო ინსტიტუციების შიდა მმართველობის დემოკრატიზაცია, სრული ფინანსური გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება მოსახლეობის მიმართ. პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ ამ მოთხოვნების რეალიზაციისთვის. თანამშრომლობის იდეა კი მესამე სექტორიდან წამოვიდა. “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ინიციატივით ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შესთავაზეს იმ განცხადების ხელმოწერა, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების ირგვლივ საზოგადოების გაერთიანებაზეა საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესამლნენ პოლიტიკურ პარტიათა შორის დაწყებულ დიალოგს და ამ დიალოგში ჩართვის სურვილი გამოხატეს. ასე გადაინაცვლა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” შტაბბინაში წამოწყებულმა დიალოგმა სასტუმრო “შერატონ – მეტეხში.” ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ “ახალი მემარჯვენეები”, ტექნიკური მიზეზით. ამავე შეხვედრაზე პოლიტიკურ დიალოგში ჩართულმა, აქამდე მკვეთრად ურთიერთდაპირისპირებულმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთმანეთთან უფრო იოლად გამონახეს საერთო ენა, ვიდრე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. ამ უკანასკნელთა მხრიდან წარსულის მიუკერძოებლად შეფასების მოთხოვნამ ყველაზე მეტად ზურაბ ჟვანია გააღიზიანა. ქართულ პოლიტიკაში საკუთარი როლის შეფასებას ის შემდეგნაირად დასთანხმდა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “დამსწრე საზოგადოების ერთ ნაწილს პრობლემები რომ მოეხსნას, შემოვდივარ ინიციატივით, განცხადების ტექსტს დაემატოს პუნქტი - “და ვგმობთ ზურაბ ჟვანიას წარსულ საქმიანობას.” ბატონებო, მე არ მოვსულვარ თქვენთან, როგორც იმ ხალხთან, რომლებიც განასახიერებენ ჩემს სინდისს. ჩვენ არ მოვდივართ აქ, და პირადად მე ასე ვარ, როგორც ჩვენ ზნეობრივ მასწავლებლებთან. ეს გაიგეთ, რა.” [სტილი დაცულია]

მესამე სექტორის ცალკეული წარმომადგენლებისთვის ჟვანიას ეს პოზიცია გაუგებარი დარჩა. მას უფრო კოლეგებმა, პარტიულმა ლიდერებმა, გაუგეს. 19 ივლისის შეკრებაზე წარსულში დაშვებული შეცდომები მხოლოდ ნაწილობრივ აღიარეს, თუმცა დიალოგი გრძელდება და მის ფარგლებში წარსულის შეფასების მოთხოვნა ისევ წინ წამოიწევს.
XS
SM
MD
LG