Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია შუა აზიის ქვეყნების ადათ-ჩვევების განუყოფელი ნაწილია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კორუფცია კაცობრიობის საერთო სენია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვა სახე და მასშტაბები აქვს. მაშინ როცა დასავლეთის დემოკრატიებში ეს სკანდალად ითვლება, აღმოსავლეთის ქვეყნებში ის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ხასიათს ატარებს კორუფცია შუა აზიის ქვეყნებში.

კორუფცია შუა აზიაში ადამიანს დაბადებიდანვე თან ახლავს. მშობლები ასაჩუქრებენ ექიმებსა და მომვლელ ქალებს, რათა მშობიარობამ მშვიდობიანად ჩაიაროს. საბავშო ბაღში, კარგ სკოლაში მოწყობა ფული ღირს, ისევე როგორც კარგ სამუშაო ადგილზე მოხვედრა. მშობლების მიერ ბავშვის ფეხზე დასაყენებლად, ასე ვთქვათ, “ინვესტირებული” თანხა, ამოღებულ უნდა იქნეს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, შვილმა თვითონ უნდა დაიწყოს ქრთამის აღება.

კორუფცია იმდენად არის ფესვგადგმული შუა აზიის საზოგადოებაში, რომ ის არც უკანონო და არც ამორალურ ქმედებად ითვლება, როგორც ამას დასავლეთის საზოგადოებაში აქვს ადგილი.

”ეს არის ჩვენი კულტურა. რა ვქნათ? ჩვენ სკანდინავიელებივით ვერ ვიცხოვრებთო”, ამბობს ერთი ყირგიზი ქალბატონი.

შუა აზიაში ეს მოქმედება იმდენად მიღებულია, რომ მას კორუფციასაც კი არ ეძახიან. ძღვენის მიღებისა და ძღვენის გაცემის წესი შედის სტუმართმოყვარეობის კოდექსში, რომლითაც ასე ამაყობს შუა აზია. ტრადიცია ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს ეხება. სტუმრისგან ელიან, რომ ის მოვა საჩუქრით ხელში, ხოლო დამშვიდობებისას სტუმარი მასპინძლისგან ელის იმავეს. თუ სტუმართან საქმიანი დამოკიდებულებაა, საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა ბიზნესს ეხმარება. საჩუქარი შეიძლება შოკოლადის კოლოფი ან თაიგული იყოს, ან ლამაზ კონვერტში ჩადებული ვალიუტის მსხვილი თანხა.

შუა აზიაში სამუშაო ადგილებზე დაუწერელი ტარიფია დაწესებული. რაც უფრო დიდია ქრთამის აღების პოტენციალი, მით უფრო მაღალია თანამდებობის ფასი.
ადგილი კანონაღმასრულებელ ორგანოებში – პროკურატურაში, სასამართლოში, საგადასახადო თუ საბაჟო სისტემაში – ძვირად ფასობს, ვინაიდან ქრთამის მიღების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ შუა აზიაში კორუფციის ტრადიცია ე.წ. “ჰოკიმის” სისტემასთან არის დაკავშირებული. “ჰოკიმი” არის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის მმართველი, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს და რომელიც მისთვის მინდობილი რეგიონის სრული ბატონ-პატრონია. ეს სისტემა მოქმედებდა საბჭოთა პერიოდში და დამოუკიდებლობის ათი წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა.

უზბეკი დისიდენტის საფარ ბეკჯონის შეფასებით: [ბეკჯონის ხმა] “უზბეკეთში რაიონის ჰოკიმის თანამდებობის მისაღებად ადამიანმა 100 000 დოლარი უნდა გაიღოს. საოლქო ჰოკიმის პოსტი 500 000 დოლარი ღირს. ცხადია, მათი მოადგილეები ამის ნახევარს იხდიან. ეს ფული გროვდება ყოველ დონზე და შემდეგ ზემოთ, ცენტრალურ მთავრობაში იგზავნება.”

არაოფიციალური სტატისტიკით, ფასები უზბუკეთში ამ აღმასრულებელ პოსტებზე უფრო მაღალია, ვიდრე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, მაგრამ გაცილებით უფრო დაბალი ვიდრე ნავთობითა და გაზით მდიდარ ყაზახეთსა და თურქმენეთში. მაგალითად, ოლქის მმართველის – ჰოკიმის – თანამდებობის მოსაპოვებლად ყაზახეთში 5 მილიონი დოლარის ქრთამია საჭირო.

შუა აზიის მაღალი რანგის ოფიციალური პირები აღიარებენ პრობლემას, მაგრამ არ აღიარებენ პრობლემის მასშტაბებს. ხუთივე ქვეყანაში შექმნილია კორუფციასთან მებრძოლი საგანგებო კომიტეტეტები ან საპრეზიდენტო კომისიები, მაგრამ დღემდე კორუფციის მოთოკვა ვერ მოხერხდა.

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ამასწინათ შეეხო ამ პრობლემას. მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ორი ყოფილი მინისტრისა და ყოფილი ჰოკიმის სასამართლო პროცესები, რომელთაც თანამდებობით ბოროტად სარგებლობასა და მექრთამეობაში ადანაშაულებენ. მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტების ვარაუდით, შუა აზიის მთავრობები ამგვარ სასამართლო საქმეებს უმთავრესად ოპონენტების თავიდან მოსაშორებალდ იყენებენ.

მაგლითად, ორი მაღალი რანგის ოფიციალური პირის – გალიმჯან ჟაკიანოვისა და მუხთარ აბლიაზოვის სასამართლო პროცესები მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა ისინი პოლიტიკურ ოპოზიციას მიუერთდნენ და საზოგადოების ყურადღება მიაპყრეს შვეიცარიის ბანკებში ნაზარბაევის ანგარიშებს.

ასევე, ყაზახეთის მედიის დარბევა, რომელიც დღემდე გრძელდება, დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა სტატიები პრეზიდენტის კერძო ფინანსების შესახებ.

დასავლეთი შუა აზიის მთავრობებს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ლიბერალიზაციიკენ და ძალაუფლების გაწონაწორებული განაწილებისკენ მოუწოდებს. მაგრამ რეგიონის რიგით მოქალაქეებს არა აქვთ იმედი, რომ ამ სფეროში საქმეს რამე ეშველება. მათი ცხოვრება იწყება ქრთამით, ქრთამითვე თავდება – სასაფლაოზე კარგი ადგილის შესაძენათაც ქრთამია საჭირო.

ხუთშაბათს, რუსეთის ტელეარხ “ო-ერ-ტე”ს გადაცემაში “ადამიანი და კანონი” ლაპარკი იყო იმაზე, რომ რუსეთის უმაღლეს სასაწავლებელებში მხოლოდ ცოდნით, უქრთამოდ, მოხვედრა და დიპლომის მიღება თითქმის შეუძლებელია.

ისე რომ კორუფციის თვალსაზრისით, შუა აზია მხოლოდ გეოგრაფიული ცნება არ არის.
XS
SM
MD
LG