Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებას სთხოვს


აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას გაეროს გენერალურმა მდვინამა კოფი ანანმა მოსთხოვა დაიწყოს საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

ანანის მოხსენება გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ ხუთშაბათს გამოქვეყნდა. მასში გაეროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აფხაზთა მხარემ უარყო რუსეთის და გაეროს წარმომადგენელთა წინადადება მიეღო გაეროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი სამშვიდობო მოლაპარაკების საფუძვლად. ლაპარაკია დოკუმენტზე თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გაყოფის პრინციპების შესახებ.
გაეროს წარმომადგენელმა მარი ოკაბემ თქვა, რომ კოფი ანანმა სინანული გამოთქვა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის მოლაპარაკების საქმეში სტაგნაციის გამო: [ოკაბეს ხმა] “ანანმა მოუწოდა აფხაზურ მხარეს, დათანხმდეს ამ დოკუმენტის განხილვას და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა აფხაზეთის მრავალეროვნული მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების გარანტიის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებისათვის”.
შეგახსენებთ, გაეროს ეს დოკუმენტი აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის შესახებ მოლაპარაკების ამოსავალი უნდა ყოფილიყო. სტატუსი კი სეპარატისტულმა ძალებმა უკვე განსაზღვრეს: დამოუკიდებლობა, რომელიც მათ რუსეთის დახმარებით საქართველოს უსისტემო შეიარაღებულ რაზმებთან ბრძოლის შედეგად მოიპოვეს. რუსეთმა, რომელიც ახლა საკვანძო როლს თამაშობს ამ პროცესში, წელს აღიარა ფორმულირება, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილი უნდა დარჩეს. სეპარატისტულ მთავრობას არ სურს ამ დოკუმენტის აღიარება, რადგან თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის ხელიდან გაშვება ენანება. ამ მთავრობას გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმც მოუწოდა, დათანხმდეს ამ დოკუმენტის განხილვას. მაგრამ აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობის პრეზიდენტის პირველი მოადგილე ვალერი არშბა უარზეა. მან ტალიავინის უთხრა, რომ აფხაზებმა 1999 წლის რეფერენდუმში უკვე გამოახატეს თავიანთი სურვილი და მათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა სურთო.
ანანის მოხსენებაში მოწოდებაა გამოთქმული კონფლიქტის ორი მხარის მიმართ, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისთვის პირობების შექმნის თაობზე.
ანანის აზრით, გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა 108 კაციანი მისია საბუფერო ზონაში სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მან უშიშროების საბჭოს სთხოვა კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს ამ მისიის მანდატი. გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს ამ მისიის თანამშრომლეთა უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს.
ამ დროს საქართველოს მთავრობა გაეროს გენერალური მდივნის ეგრეთწოდებული მეგობართა ჯგუფის წევრ ქვეყნებს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, აშშ-ს და რუსეთს სთხოვს, უფრო აქტიურად იმოქმედონ კონფლიქტის მოგვარებისთვის.
XS
SM
MD
LG