Accessibility links

რით აიხსნება კორუფციის უაღრესად დაბალი დონე ჩრდილოეთის ქვეყნებში?


ანდრო ეული, პრაღა ჩვენს წინა გადაცემაში გესაუბრეთ შუა აზიის ქვეყნებში გამეფებულ კორუფციაზე. აღვნიშნეთ ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ამ სენს სხვადასხვა მასშტაბი აქვს და თუ დასავლეთის დემოკრატიებში მისი დონე დაბალია,

აღმოსავლეთის სახელმწიფოებში ის ლამის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქმება. სამწუხაროდ, ასეა საქართველოშიც. მაგრამ დღეს საქართველოზე საუბარს არ ვაპირებთ. პირიქით, ყველაზე ”სუფთა” ქვეყნებზე გიამბობთ.

როცა ექსპერტები კორუმპირებულ სახელმწიფოთა სიას ადგენენ, მის თავში, როგორც ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულები, როგორც წესი, ჩრდილოეთის ქვეყნები გვევლინებიან: შვეცია, ფინეთი, ნორვეგია და დანია... ხსენებული სია, ხშირად, რუსეთითა და ნიგერიით მთავრდება. მაშ რა განაპირობებს ჩრდილოელთა გამორჩეულ პატიოსნებას, და რამდენად რეალურია, რომ მათს მაგალითს გარდამავალ პერიოდში მყოფმა შუა აზიისა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებმაც მიბაძონ?

თოვლს, უხვად რომ მოდის ჩრდილოეთში, ხშირად, სიწმინდის სიმბოლოდ აღიქვამენ. ორგანიზაციამ სახელწოდებით ”ტრანსპარენსი ინტერნეშენალ”, რომელიც კორუფციის დონეს განსაზღვრავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2001 წელს 90-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოდ აღიარა. მეორე ადგილი ხვდა დანიას, ხოლო მისი მეზობლები, შვეცია და ნორვეგია, პირველ ათეულში მოხვდნენ.

პარალელურად, ამავე ორგანიზაციამ კორუფციის ერთი კონკრეტული ასპექტი, კერძოდ მექრთამეობა გამოიკვლია, და დაასკვნა, რომ ამ მავნე პრაქტიკას ყველაზე მეტად შვეცია ეწინააღმდეგება. მაშ, რით უნდა აიხსნას ჩრდილოეთის ქვეყნების ამგვარი გამორჩეულობა, როცა დანარჩენი მსოფლიო, ბიზნესი იქნება თუ პოლიტიკის სფერო, კორუფციის ჭაობშია ჩაფლული? რა ფაქტორები განაპირობებს ამგვარ წარმატებას? ჩრდილოეთის ხასიათს უნდა მივაწეროთ ყოველივე ეს, თუ მხოლოდ რიგიან კანონებს?

ამგვარი წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად ”ტრანსპარენსი ინტერნეშენალის” ბერლინის განყოფილების წარმომადგენელი ჯეფ ლოვიტი, ჩრდილოეთის ქვეყნების ტრადიციულ საჯაროობას ასახელებს: [ჯეფ ლოვიტის ხმა] ”აშკარაა, რომ სრული გამჭვირვალებაა მექრთამეობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება, და თუკი თქვენს ქვეყანაში ინფორმაციის ნაკადი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოედინება, მაშინ კორუფციას ჩანასახშივე გამოააშკარავებთ, და სწორედ ეს ხდება შვეციასა და ფინეთში.”

ამ აზრს იზიარებს სტოკჰოლმის ყოველდღიური გაზეთის ”სვენსკა დაგბლადეტის” კორესპონდენტი ლარს რიდინგი. იგი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებას შვეციაში მეფე გუსტავ მესამემ მისცა დასაბამი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში. ამ მონარქმა დაამკვიდრა ტრადიცია, რომლის თანახმად შვეციის მოქალაქეს უფლება აქვს, იცოდეს, რას საქმიანობს მმართველი აპარატი. ”შეგიძლიათ მოითხოვოთ თითქმის ნებისმიერი დოკუმენტი სახელმწიფო ადმინისტრაციის, ან ნებისმიერი ოფიციალური დაწესებულებისა – იქნება ეს ადგილობრივი საბჭო თუ სხვა რომელიმე ორგანო. შეგიძლიათ წაიკითხოთ მათი წერილები და, საერთოდ, ყოველი მათი საბუთი. და ეს უფლება თქვენ გენიჭებათ, როგორც მოქალაქეს, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტი ხართ” – აღნიშნავს ლარს რიდინგი.

ფინეთის წამყვანი გაზეთის ”ჰელსინგინ სანომატის” პოლიტიკური მიმომხილველი იოუნი მოელსაე ფინელების ტრადიციულად დამოუკიდებელი, ინდივიდუალისტური ხასიათით ხსნის იმ გარემოებას, რომ ფინეთში მინიმუმამდეა დაყვანილი კორუფციის დონე. ხოლო ფინანსთა სამინისტროს მრჩეველმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ჰეიკი იოუსტემ, ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 1809 წლიდან მოყოლებული, როცა ფინეთი, საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, რუსეთის იმპერიაში შედიოდა, ფინელი სახელმწიფო მოხელეები, რუსეთის მხრიდან მძაფრი ზეწოლის მიუხედავად, არ აჰყვნენ კორუფციის ცდუნებას და განუხრელად იცავდნენ კანონებს.

იმაში, რომ ფინეთში მინიმუმამდეა დაყვანილი კორუფციის დონე, ჰეიკი იოუსტეს თქმით, უდიდესი ღვაწლი მიუძღვის დამოუკიდებელ პრესას: [ჰეიკი იოუსტეს ხმა] ”ფინეთში მასმედია უაღრესად ცნობისმოყვარეა და ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამგვარი მედიის, პლუს საჯაროობისა და მმართველი სტრუქტურების გამჭვირვალების წყალობით, საზოგადოებისთვის უმალ ცნობილი ხდება ყოველი უღირსი, ამორალური საქციელი, რასაც მოსდევს საჯარო დისკუსია – უნდა მოვითმინოთ ამგვარი ნამოქმედარი თუ არა.”

ჰეიკი იოუსტემ განაცხადა, რომ ფინეთი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ეხმარება ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ”ტრანსპარენსი ინტერნეშენალის” წარმომადგენელმა ჯეფ ლოვიტმა კი აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაციის საქმიანობა ბალტიისპირეთის ქვეყნებში კორუფციის წინააღმდეგ არის მიმართული. მაგალითად ლიტვაში, ამ ორგანიზაციამ მოითხოვა, რომ მოსახლეობამ, ინტერნეტის მეშვეობით, სრული ინფორმაცია მიიღოს მთავრობის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ.
XS
SM
MD
LG