Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფინანსო ინსტიტუტები ჯერ კიდევ გვწყალობენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოუყოს საქართველოს 30 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი,

სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში, საკმაო აჟიოტაჟი მოჰყვა. ფონდის დადებითი ვერდიქტი ბევრისათვის მოულოდნელი იყო; რაც შეეხება ხელისუფლებას, მისთვის დირექტორატის გადაწყვეტილება ერთგვარი მაშველი რგოლი აღმოჩნდა, რამაც საკუთარი მიღწევებით ყელყელაობის საშუალება მისცა.

1994 წლიდან საქართველოსა და სავალუტო ფონდის ურთიერთობის ისტორია არ ყოფილა ერთგვაროვანი, თუმცა ამ საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან თითქმის ყოველთვის იგრძნობოდა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. თუ ფონდის და რუსეთის ან თუნდაც უკრაინის ურთიერთობას შევადარებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ორგანიზაცია საქართველოს ანებივრებს, ხშირად თვალს ხუჭავს ქართველი პარტნიორების ცუღლუტობაზე. და თუ ხანდახან ”ყურს აგვიწევს” და პროგრამის დაფინანსებას ცოტა ხნით შეგვიჩერებს, ეს მხოლოდ ნებიერა შვილის დასჯის მეთოდია.

სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა ვაშინგტონში ფონდის დირექტორთა საბჭომ 2001 წელს დაგვიმტკიცა. პროგრამა სამ წელიწადზეა გათვლილი და ამ ხნის განმავლობაში 36 მლნ. აშშ დოლარი გვაქვს მიღებული. მანამდე, წელიწადზე მეტ ხანს, ამ ორგანიზაციიდან საქართველოს ცენტიც არ მიუღია. ეს გახლდათ ფონდსა და საქართველოს შორის ”ბუტიაობის” ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი. არადა, ქართველი პარტნიორების მხრიდან რეკომენდაციები არასოდეს - არც მანამდე და არც შემდგომ - სრულად და უპირობოდ არ შესრულებულა.
ვალდებულებების ყველა მუხლი არც ამჯერად არის დაცული. ქვეყანას, რომელსაც სერიოზული ფისკალური პრობლემები აქვს, ვერ ამცირებს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს, ერთობლივ შიდა პროდუქტში გადასახადების დონით ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყნის სტატუსს წლების განმავლობაში ვერ ასცდა, მაინც ხელს უწვდიან და 30 მილიონიანი კრედიტით ასაჩუქრებენ, უფრო მეტიც, წლის ბოლომდე დახმარების პროგრამას გაგვიზრდიან და, დაგეგმილი 50 მილიონის ნაცვლად, 60 მილიონის მიღების შანსს გვაძლევენ. ეს იმ დროს, როდესაც დირექტორთა საბჭოს არ გამოპარვია ჩვენი პრობლემები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ღიად აფიქსირებენ ფისკალურ ვაკხანალიას, ენერგოსექტორის რეფორმის შეფერხებას, კონტრაბანდის მასშტაბებს და ა.შ. ერთადერთი სფერო, რომლის მიმართ ამ ორგანიზაციას პრეტენზიები, ტრადიციულად, არა აქვს, მონეტარული პოლიტიკაა, რომელიც სრულად ჯდება მემორანდუმით განსაზღვრულ პარამეტრებში. სხვათა შორის, ხელისუფლება გულდაგულ მალავს კრიტიკულ შეფასებებს და ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოს ფონდის ამჟამინდელი წყალობა მათი და მხოლოდ მათი დამსახურება იყოს.

არადა, საქმე ამგვარად ნამდვილად არ არის. ფონდი ადრეც და ამჟამადაც, თავის გადაწყვეტილებებში არცთუ იშვიათად პოლიტიკური მიდგომებით ხელმძღვანელობს და ანგარიშს უწევს თავისი ყველაზე მსხვილი დამფუძნებლის, აშშ-ს, ინტერესს ამა თუ იმ ქვეყნისადმი. მადლობა ღმერთს, შტატებს ეს ინტერესი საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ არ განელებია და რაც არ უნდა გვარწმუნოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ყველაფერი სწორი პოლიტიკის შედეგია, ყველასათვის ნათელია, რომ ის კრედიტები თუ დახმარებები, რასაც დროდადრო გვიწყალობებენ, მხოლოდ ავანსია და, თანაც, არა იმის გამო, რაც გავაკეთეთ, არამედ იმისათვის, რაც მომავალში მაინც უნდა გავაკეთოთ.

დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებიდან ორიოდ დღეში თბილისში ჩამოვიდა ფონდის მორიგი მისია, რომლის ვიზიტი, ძირითადად, მონიტორინგის ხასიათს ატარებს. დევიდ ოუენის მისიის მოთხოვნა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით სულაც არ არის ახალი. თუმცა ყოველი სტუმრობის შემდგომ, ქართული მხარის დაპირებების მიუხედავად, ბიუჯეტის დეფიციტი არათუ მცირდება, სულ უფრო შთამბეჭდავი ხდება.

გასულ კვირას თბილისში ამერიკის ფინანსთა მინისტრი სტუმრობდა. პოლ ო’ნილი შტატების სახელმწიფო იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტი არ ყოფილა შემთხვევითი. სტუმრობის ”პროტოკოლური” მიზანი საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასება და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება იყო, თუმცა სავარაუდოა, რომ ქვეყნის პირველ პირებთან გამართული დახურული შეხვედრებისას ინტერესთა სფერო გაცილებით გაფართოვდა.

ამერიკის ფინანსთა მინისტრმა საქართველო ისე დატოვა, რომ რაიმე კონკრეტული შეფასება არ გაუკეთებია. პოლ ო’ნილი პრესასთან ზედმიწევნით დიპლომატიური იყო და მხოლოდ ზოგადი ხასიათის საუბრებით შემოიფარგლა. ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა უმაღლეს ხელისუფლებასთან შეხვედრის ნაყოფიერებაზე, საერთოდ, და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რადგან ეს ქვეყანას მოუტანს ახალ სამუშაო ადგილებს და, შესაბამისად, ეკონომიკას –წარმატებას. აშშ-ს ფინანსთა მინისტრისაგან, ბუნებრივია, არავინ მოელოდა მკვეთრ, მოუზომავ განცხადებებს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასებისას, მაგრამ პოლ ო’ნილის მეტისმეტი დიპლომატიურობით ბევრი მაინც გაკვირვებული დარჩა, რადგან ცოტა ხნის წინ, უკრაინაში სტუმრობისას, ამერიკის პირველ ფინანსისტს თავი არ შეუკავებია ქვეყნის მთავრობისათვის მოეწოდებინა ეზრუნა ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებაზე და ფულის რეცხვის წინააღმდეგ გაეაქტიურებინა მუშაობა. პოლ ო’ნილმა უკრაინის ხელისუფლებას შეახსენა, რომ საჭიროა დაიცვას მსოფლიო ცივილიზებულ ეკონომიკაში მოქმედი თამაშის წესები. არა გვგონია, ბიზნესგარემოსა ან ჭუჭყიანი ფულის მხრივ, საქართველოში უკრაინაზე უკეთესი მდგომარეობა იყოს, მაგრამ ფინანსთა მინისტრმა ჩვენთან მაინც მეტისმეტი დელიკატურობა გამოიჩინა.

გასულ კვირას მაღალი უცხოელი სტუმრების რევერანსებს ხელისუფლება აღტკინებით ხვდებოდა. ბუნებრივია, სასიამოვნოა, როდესაც გაქებენ, ან მსოფლიო ეკონომიკის აღირებული ავტორიტეტები პატივს გვდებენ და თავს იკავებენ ჩვენს პრობლემებზე გადამეტებული საუბრით, მაგრამ ყოველივე ეს ისევ და ისევ ავანსია. კორუფციის, ეკონომიკის კრიმინალიზაციის, არასისტემური პოლიტიკის და დემოკრატიული ფასეულობებისაგან თანდათანობითი განდგომის მიუხედავად, ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, რადგან საქართველო ჯერ კიდევ რჩება დასავლეთის ინტერესის სფეროში და ჩვენს უცხოელ მეგობრებს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ სურვილი რამენაირად დაგვეხმარონ სახელმწიფოდ ფორმირებაში. საინტერესოა, აქვს თუ არა იგივე სურვილი თავად საქართველოს ხელისუფლებას და გააგრძელებს თუ არა იგივე დასავლეთი ავანსად ჩვენს დასაჩუქრებას?
XS
SM
MD
LG