Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მიმოხილვას დავიწყებთ გერმანიის გაზეთ ”ზიუდოიჩე ცაიტუნგში” გამოქვეყნებული სტატიით

საუკუნის პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის შესახებ. ამ მილსადენმა, წერს გაზეთი, კასპიის რეგიონი უნდა დააკავშიროს თურქეთთან, და ამდენად, რუსეთისაგან დამოუკიდებლად, ევროპის ენერგომომარაგება უნდა უზრუნველყოს. როგორც კომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმის” მენეჯერმა განაცხადა, 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტს და შემდგომ მოვლენებს არაფერი არ შეუცვლია ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის გეგმაში. ეს მილსადენი, რომლითაც ნავთობი, რუსეთისა და ირანის ტერიტორიების გვერდზე ავლით დაიწყებს თურქეთისკენ დინებას, ვაშინგტონის ოცნებაა. გაზეთი განაგრძობს:

”მისი მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ბაქო-ჯეიჰანის პროექტს, პოლიტიკური სარჩული უდევს. თუ მილის შესავსებად ბაქოს ნავთობი არ იქნება საკმარისი, იგი შეიძლება შეუერთდეს ყაზახეთის რესურსებს – უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მსოფლიოში აღმოჩენილ ყველაზე დიდ, კაშაგანის საბადოს. ადრე ფიქრობდნენ, რომ ნავთობის მარაგი იქ, კასპიის ზღვის შელფის ქვეშ 7-დან 9 მილიარდამდე ბარელია, ხოლო უკანასკნელი შეფასებით – 4-ჯერ უფრო მეტია. კასპიის რეგიონი, საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ალტერნატივად ითვლება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარდაჭერა აღუთქვა აზერბაიჯანს; ამერიკელები -აზერბაიჯანელებს, ხოლო 11 სექტემბრის შემდეგ ქართველ სამხედროებსაც ეხმარებიან.”

ბრიტანეთის გაზეთი ”გარდიანი” ჩეჩნეთის პრობლემას უბრუნდება და წერს, რომ ინტერნეტში, ჩეჩენ სეპარატისტთა გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, სამხრეთ ჩეჩნეთში ახლახან მოკლეს ადამიანი, რომელიც,
ამბობდა, რომ ქალაქ მანჩესტერის მკვიდრია, სადაც ადრე, თურმე, მასწავლებლად მუშაობდა.

როგორც ჩეჩენი მეამბოხეები ამტკიცებენ, ეს იყო ამირ ასადულა, რომელიც ამ დღეებში დაიღუპა რუს სამხედროებთან მომხდარი შეტაკების დროს. ცნობაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ასადულა აფრიკაში დაიბადა, ბრიტანეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული და 1996 წელს ჩავიდა ჩეჩნეთში ფედერალური ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასადულა გადაღებულია ვიდეოფირზე, რომლის დემონსტრირება გასულ წელს მოეწყო რუსეთში იმის დასადასტურებლად, რომ ჩეჩნეთში – საერთაშორისო ტერორისტები მოქმედებენ. ვიდეოფირზე ასადულა, ბრიტანეთში მცხოვრებ მაჰმადიანებს მოუწოდებს – შეურთდნენ ჯიჰადს ჩეჩნეთში. ოფიციალურმა პირებმა ლონდონში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით არ შეუძლიათ იმის დადასტურება, რომ ასადულა – ბრიტანეთის მოქალაქე იყო”.

გაზეთი ”ჩიკაგო ტრიბიუნი” რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ვატიკანს შორის მომხდარ კონფლიქტს უკეთებს კომენტარს. ორშაბათს მართლმადიდებლებმა, პროზელიტიზმის ახალი ბრალდებელი წაუყენეს კათოლიკეებს; ლაპარაკია 2 კათოლიკური ეპარქიის დაარსებაზე უკრაინაში. თუმცა, კონფლიქტი კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის 11 საუკუნეში იღებს სათავეს, და გამწვავდა გასული წლის ზაფხულში, როცა რომის პაპი იოანე პავლე მეორე უკრაინას ეწვია. ”ჩიკაგო ტრიბიუნი”, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”ვატიკანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ეპარქიები უკეთ მოემსახურება უკრაინაში მცხოვრებ კათოლიკეებს და სულაც არაა იმისთვის გამიზნული, კათოლიციზმში მოაქციოს მართლმადიდებლები. თუმცა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ვატიკანი საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს ყოფილ საბჭოთა კავშირში, და ამასთანავე, მართლმადიდებლებს უგულვებელყოფს. ”ჩვენი ეკლესია, უბრალოდ, ფაქტის წინაშე დააყენეს, როცა რამდენიმე დღით ადრე შეატყობინეს ეპარქიების დაარსების შესახებ. ეს, ომის გამოცხადებას გვაგონებს”-ამბობს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილე, არქიეპისკოპოსი ვსევოლოდ ჩაპლინი. გასულ თებერვალს ვატიკანმა, 4 ეპარქია დააარსა რუსეთში, სადაც 600 ათასამდე კათოლიკე ცხოვრობს. კონფლიქტმა, კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რომის პაპის, იოანე პავლე მეორის ვიზიტი რუსეთში.”


ამ დღეებში, შეერთებული შტატების კონგრესში ჩვენებებით გამოვიდა ჩრილოეთ კორეელი ქალი სუნ ოკ ლი, რომლიც 1984 წელს დააპატიმრეს და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებით 13 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. 1992 წელს სუნ ოკ ლი ამნისტიით გაათავისუფლეს, და 3 წლის შემდეგ მან სამხრეთ კორეაში მოახერხა გაქცევა. გაზეთი ”გარდიანი”, ამასთან დაკავშირებით წერს:

”როგორც სუნ ოკ ლიმ განაცხადა ამერიკის კონგრესში გამოსვლისას, ბანაკში, სადაც იგი სასჯელს იხდიდა, 6000 პატიმრიდან, ყოველწლიურად, ათასამდე ადამიანი კვდებოდა. ორსულ ქალებს ხელოვნურად ამშობიარებდნენ, ხოლო ახალშობილებს კლავდნენ; შიმშილისაგან დასუსტებულ პატიმრებს აწამებდნენ. სუნ ოკ ლი ამბობს, რომ იმის წყალობით გადარჩა ცოცხალი, რომ პროფესიით ბუღალტერს, ბანაკის კანცელარიაში შესთავაზეს მუშაობა. იმის გამო, რომ ჩრდილოეთი კორეაში არ უშვებენ დასავლელ კორესპონდენტებს, შეუძლებელია ხსენებული ინფორმაციის შემოწმება. თუმცა, სუნ ოკ ლის ნაამბობი სხვა მოწმეთა ჩვენებებს ემთხვევა. სხვადასხვა მონაცემებით, სულ, ჩრდილოეთი კორეის გულაგში 200 ათასამდე პატიმარი იხდის სასჯელს. როგორც ამერიკის კონგრესის იურიდიული კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, ჩრდილოეთი კორეის მრავალი ბანაკი თანამგზავრებიდანაა გადაღებული, და ფოტოსურათები ალბად სულ მალე გამოქვეყნდება”.

საფრანგეთის გაზეთ ”მონდში” გამოქვეყნებული სტატია, რუს მწერალს, ვლადიმირ სოროკინს ეძღვნება. სოროკინი, წერს გაზეთი, რუსი მწერლების იმ ახალ ტალღას ეკუთვნის, განსაკუთრებულის პოპულარობით რომ სარგებლობს ახალგაზრდა ინტელექტუალთა წრეებში. 3 წლის წინათ გამოსულმა მისმა რომანმა ”ცისფერი ქონი”, სტუდენტების მოწონება დაიმსახურა; ხოლო ამჯერად, მწერალს, პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. გასულ კვირაში, სოროკინისა და გამომცემლობა ”ად მარგინემის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული.
”მონდი” განაგრძობს:

”ყველაფერი იანვარში დაიწყო, როცა პრეზიდენტ პუტინის მომხრე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სახელწოდებით ”ერთად მავალნი”, პატრიოტული აქცია მოაწყო: ვლადიმირ სოროკინის, ვიქტორ პელევინისა და ვიქტორ ეროფეევის წიგნების გაცვლა მწერალ ბორის ვასილიევის თხზულებებში მეორე მსოფლიო ომის შესახებ. შემდეგ, დიდმა თეატრმა ოპერისთვის ლიბრეტოს დაწერა შესთავაზა სოროკინს, რამაც აღაშფოთა ”ერთად მავალნი”, და ახალგაზრდებმა დემონსტრაციები მოაწყეს კულტურის სამინისტროსა და დიდი თეატრის წინ, ხოლო სოროკინისა და მისი გამომცემლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს მილიციაში. მოსკოვის ქუჩებში თავისუფლად იყიდება ჰიტლერის წიგნი ”მაინ კამპფი”, აგრეთვე აშკარა პორნოგრაფიული ნაწარმოებები, მაგრამ პროკურატურამ ექსპერტიზის შემდეგ გადაწყვიტა – სოროკინის წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე. ”ერთად მავალნი, გასული საუკუნის 20-იანი წლების კომკავშირს მაგონებენ. ისტორია მეორდება, როგორც ფარსი”-განაცხადა ვლადიმირ სოროკინმა. ხელისუფლების უკმაყოფილება გამომცემლობა ”ად მარგინემის” საქმიანობით, გასაგებია. მარტში, ”ად მარგინემმა” გამოაქვეყნა ნაციონალისტ ალექსანდრ პროხანოვის რომანი ერთობ უცნაური სიუჟეტით: სპეცსამსახურების ყოფილი გენერლები, რუსეთის ძლევამოსილების აღდგენის მინზით ჰქმნიან საიდუმლო ორგანიზაციას და ტერორისტულ აქტებს აწყობენ ჩეჩნეთში მიმდინარე ომის გასამართლებლად”.
XS
SM
MD
LG