Accessibility links

სიღარიბის დაზლევის პროგრამის შენიშვნები და რეკომენდაციები


სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ხელისუფლებას, დაახლოებით,

200 მილიონ ამერიკულ დოლარამდე თანხის გამოყოფას ჰპირდებიან. საქართველოში მოუთმენლად ელიან ამ დაფინანსებას, თუმცა თანხის დროულად მისაღებად ბევრს არაფერს აკეთებენ. არაოფიციალური დაუზუსტებელი ინფორმაციით „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგრამის“ შესამუშავებლად უკვე დახარჯულია 3 მილიონამდე დოლარი. დამკვირვებელთა დამოუკიდებელმა ქსელმა კი პროგრამის შენიშვნები და რეკომენდაციები მოამზადა, რომლებიც მთლიანად ცვლის მის შინაარსს და 3 მილიონის ხარჯვის მიზანშეწონილობასაც კითხვის ქვეშ აყენებს.

დამოუკიდებელი დამკვირვებლების აზრით, „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგრამა,“ მიუხედავად ავტორთა მცდელობისა, სამოქმედო გეგმის ძირითადი საკითხებისა და დასახული ღონისძიებების სპონტანურ ნაკრებია, რომელშიც არ არის გამოკვეთილი პოლიტიკური ლოგიკა და სამოქმედო გეგმაც არარეალურია. ამის მაგალითია თავად პროგრამის სათაური. ეკონომიკური ზრდა შეიძლება მართლაც განხილული იქნას როგორც სიღარიბის დაძლევის პირობა, მაგრამ იგი არაა საკმარისი სოციალური მიზნების მისაღწევად თუ არ იქნება შემუშავებული ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური მექანიზმები, შოკებისაგან თავდაცვის გზები და პრინციპები იმისა თუ როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოება. დამოუკიდებელ დამკვირვებელთა ჯგუფის ქსელის წევრის ნიკო ორველაშვილის განცხადებით:

[ორველაშვილის ხმა] „თუ გვინდა მთლიანობაში ჩვენ როგორც მოქალაქეებს სახელმწიფო ავაშენოთ, ამ სახელმწიფოს მინიმუმ ნახაზი მაინც უნდა შევქმნათ თუ დასრულებული პროექტი არა. როცა ამას ვაკეთებდით და ქსელის საბჭომ გადაწყვიტა ამის გაკეთება, გვინდოდა გვქონოდა თუნდაც ცალკეული მოსაზრებები იმის თაობაზე რა უნდა იყოს პროგრამაში. ამას აკეთებს გლეხი, მუშა, ხელოსანი, ჯერ აანალიზებს რა აქვს, მერე ფიქრობს რა უნდა და მერე ფიქრობს როგორ მოიპოვოს. ჩვენს შემთხვევაში უკუღმაა. რაღაცას გავაკეთებთ და მერე ვფიქრობთ ეს ის არის თუ არა რაც ჩვენ გვინდოდა.“

ის თუ რა აკლია მთავრობის მიერ შემუშავებულ სიღარიბის დაძლევის პროგრამას დამოუკიდბელ ექსპერტთა ჯგუფმა დაწვრილებით ჩამოაყალიბა. ეკონომიკის ზრდის ნაწილზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ, მხოლოდ ერთს ავღნიშნავ, რომ მთავრობის მიერ მომზადებული პროგრამის მიხედვით 2003 წელში საქართველოს უდეფიციტო ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს.

ექსპერტები თვლიან, რომ მხოლოდ ეკონომიკაზე ფიქრი სიღარიბეს ვერ აღმოფხვრის რადგან ეკონომიკური რეფორმის ჩატარება შეუძლებელია კარგად მოფიქრებული სოციალური რეფორმის გარეშე და პირიქით სოციალურმა რეფორმამ ეკონომიკის განვითარებას უნდა შეუქმნას საფუძველი.

უკვე არსებულ პროგრამაში სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად ძირითადი ყურადღება დასაქმებაზეა გადატანილი. თუმცა კი აღწერით ნაწილში ნათლადაა ჩამოწერილი არსებული სოციალური პრობლემები. სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი ნათელა სახოკია კი თვლის, რომ

[სახოკიას ხმა] „რა თქმა უნდა გასაგებია, რომ უნდა ასწავლო თევზის ჭერა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ სანამ ჭერას ასწავლი კაცი არ უნდა მოკვდეს, თორემ მერე გვინ იქნება.“

მისი აზრით პროგრამაში ყურადღება უნდა გამახვილდეს სოციალურ დახმარებაზეც და სოციალურ მომსახურებაზეც. რომელთა უგულებელყოფამ რა შედეგამდე მიიყვანა საქართველოში განხორციელებული რეფორმები ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ. ექსპერტთა აზრით, ასევე საჭიროა: სოციალური ინფორმაციის ერთიანი სისტემის შექმნა, ოჯახების მისამართული დახმარების კონცეპტუალური გააზრება, სოციალური სფეროს მენეჯერების მომზადება, გადამზადების სისტემის შექმნა და სხვა.

ამავე პრობლემაზეა გადაჯაჭვული მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა. მთავრობის მიერ მომზადებულ პროგრამაში არაფერია ნათქვამი იმაზე თუ რა გავლენა მოახდინა ეკოლოგიაზე სიღარიბის ზრდამ.

კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა რომელზეც სიღარიბის დაძლევაა დამოკიდებული, სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობაა. ეს ნაწილი სიღარიბის დაძლევის პროგრამაში, ანტიკორუფციული პროგრამიდან პირდაპირ არის გადატანილი. შესაბამისად პროგრამა შორს დგას არსებული ვითარების ობიექტური ანალიზიდანაც კი. ნიკო ორველაშვილის თქმით:

[ორველაშვილის ხმა] „ჩვენს შემთხვევაში, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ყველა ჩვენი გაჭირვება და პრობლემები ბრალდება გვალვას, სეტყვას და თურქეთში და რუსეთში 98 - 2000 წლებში განვითარებულ ინფლაციურ პროცესებს, აბსოლიტურად განწირულია მცდელობა იმისა, რომ მივიღოთ ობიექტური დასკვნა იმ ქმედებების თაობაზე რომელიც უნდა განხორციელდეს სიტუაციის გამოსასწორებლად.“

თუ ხელისუფლება დამკვირვებელთა დამოუკიდებელი ქსელის მიერ მომზადებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ან ამ ექსპერტებს პროგრამის ავტორებად მიიწვევს, შესაძლებელი გახდება დაახლოებით 200 მილიონიანი დახმარება უფრო ეფექტურად საზოგადოების ინტრესების შესაბამისად დაიხარჯოს და მხოლოდ ჩინოვნიკების ჯიბეების გასქელებას არ მოხმარდეს.
XS
SM
MD
LG