Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სამხედრო ბუნტი თუ პოლიტიკური შეკვეთა?”, “რა ხდება ქართულ ჯარში”


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი “სამხედრო ბუნტი თუ პოლიტიკური შეკვეთა?”, “რა ხდება ქართულ ჯარში”, “დაპირისპირება ქართულ არმიაში” – ეს სათაურებიც მოწმობს,

რომ გასული კვირის ბოლოს ქართული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა კოჯორში განვითარებული მოვლენები, როცა 102 ოფიცერმა და ზემდეგმა თავდაცვის მინისტრს პატაკით მიმართა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. ქართული პრესის ცნობით, ასეთ არაორდინალურ გადაწყვეტილებას სამხედროები ხელისუფლების ნიჰილისტური განწყობილებით ხსნიან. 20 ივლისის “დილის გაზეთი” მკითხველს შეახსენებს, რომ სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა თავის დროზე ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც 2001 წლის 25 მაისის აჯანყებული გვარდიელების კრიტიკა არ დაიზარა. არადა, 25 მაისის აჯანყებულებიც სწორედ ხელისუფლების აბსოლუტურ უყურადღებობასა და ჯარში გამეფებულ კორუფციაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. 20 ივლისის გაზეთი “რეზონანსი” კი აცხადებს, რომ კოჯრის ბატალიონის საპროტესტო აქციამ არ უნდა ჩაშალოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. გაზეთი წერს:


ქართულ პოლიტიკაში მოვლენები უცნაური და საშიში თანმიმდევრობით ვითარდება. პრეზიდენტი შევარდნაძე აეროპორტში მისული არ იყო, როცა კოჯრის ბატალიონის ჯარისკაცებმა ერთხმად განაცხადეს, ჯარში სამსახური აქ არსებული აუტანელი პირობების გამო არ გვსურსო.
ლეონიძის ქუჩაზე ისევ იპოვეს ავადსახსენებელი ტროტილი, რომელიც, კაცმა არ იცის, ვინ და რატომ ჩააგდო ტუალეტში. თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ამის მოქმედს კარგი არაფერი ჰქონდა ჩაფიქრებული.
რამდენიმე დღის წინათ იმავე პარლამენტის შენობაში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ აშს-ის მიერ დაფინანსებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ჩაიშლებოდა. პოლიტიკოსებმა პოლიტიკური ქულები ჩაიწერეს, დღეს კი აცხადებენ, რაღაც ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ დაზუსტებული არაო.
იქნებ, მართალია პარლამენტის კულუარებში მოარული ხმები, მავანთ ძალიან მოსწონთ თვდაცვის მინისტრად სამოქალაქო პირის გაყვანის ალბათობა და ბევრი პარლამენტარი საკუთარ თავზე გენერლის ქუდსაც წინასწარ ხედავსო? იქნებ, მართლაც, სანამ დროა, საზოგადოება დაინტერესდეს, რა ხდება ქართულ ჯარში, სადაც ქართველი ბიჭები აღარ ან ვეღარ მიდიან.
გარეშე მტრის საქმე ამჯერად სანახევროდ მაინც შესრულებული აღმოჩნდა. დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რაოდენ მყიფეა ქართული სტაბილიზაცია. სამწუხაროდ, მართლაც, ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს - შემთხვევითი თუ არაშემთხვევითი, გასარკვევია. იმ ოფიცრების პროტესტი, ვინც განცხადება დაწერა, გასაგებია. მათი ლიდერი ნიკა ჯანჯღავა მინიშნებით, მაგრამ მაინც, საუბრობს ქართულ ჯარში გამეფებულ კორუფციასა და არაადამიანურ პირობებზე. ძნელია, არ იგრძნო თავი დამნაშავედ, როცა გესმის ფრაზა: “ საზოგადეობა საკმაოდ გულგრილად ეკიდება იმას, რაც ხდება ქართულ ჯარში.” ეს ჯანჯღავამ თქვა და მწარე სიმართლეა.
და მაინც, დღეს საქართველოში არსებული სიტუაცია არავის - არც ჯარისკაცს, არც ერსა და არც ბერს - იმის უფლებას არ აძლევს, სპონტანური და ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს. ერთი დიდი მწერლის თქმისა არ იყოს, სამშობლო ხაჭაპური არ არის და ყველანაირი უნდა გიყვარდეს. უნდა გიყვარდეს განსაკუთრებით მაშინ, როცა ის დაძაბუნებულია და უჭირს. ჩვენ კი ხანდახან წინდაუხედაობითა თუ სიჩქარით, ზოგჯერ მიზანმიმართულადაც, ისეთ ფრაზას და ბრალდებას ვისვრით, რაც საქართველოს დახმარების სურვილს ნებისმიერ ქვეყანას გაუქრობდა.
მთავარი, რაც დღეს უნდა ითქვას, ისაა, რომ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა არ უნდა ჩაიშალოს, ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ იმ ოცნების განხორციელებაზე, რასაც ქართული რეგულარული არმიის შექმნა ჰქვია. თუმცა ისიც უნდა გავითავისოთ, რომ ქართული ჯარი არც თევზაძისაა და არც ჯანჯღავასი. ის თითოეული ჩვენგანის საქმე და სატკივარი უნდა იყოს. შესაბამისად, იმაზე, რაც ქართულ ჯარში პერიოდულად ხდება, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს და დასკვნები გამოიტანოს.



19 ივლისის “დილის გაზეთის” ცნობით, გამოძიება გახსნილად აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლებზე მომხდარი თავდასხმისა და ოფისის დარბევის საქმეს. ზუსტად 8 დღის შემდეგ რუსთავში დააკავეს სპორტსმენი დავით დოიჯაშვილი. ეს ინფორმაცია პირველად ქალაქის პროკურორმა თენგიზ მახარაძემ გაახმაურა. მან განაცხადა, რომ დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა და 4-5 თანამონაწილეც დაასახელა. გაზეთის ცნობით:


მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერაცია ეჭვმიტანილების დასაკავებლად. დღის ბოლოს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა მაინც არ იყო ცნობილი. ქალაქის პროკურორის მოადგილემ ჯანგულ ჯანელიძემ განაცხადა, რომ დაკავებულმა თავდასხმის მოტივიც დაასახელა: თავისუფლების ინსტიტუტი ინტენსიურად ახორციელებდა იეჰოვას მოწმეების მხარდამჭერ გამოსვლებს და ისინი საკუთარი ინიციატივით, დამოუკიდებლად მივიდნენ საქმის გასარკვევად თავისუფლების ინსტიტუტში, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. საინტერესოა ისიც, რომ დაზარალებულებიდან ვერც ერთმა ვერ ამოიცნო თავდამსხმელი. ეჭვმიტანილმა კი ამოიცნო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც მისთვის სკამის ჩარტყმა სცადა. პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულების მშობლები მივიდნენ და შვილების ნახვას ითხოვდნენ. როგორც გაირკვა, დოიჯაშვილის ადვოკატი არ შეუშვეს დასაცავად, რაზეც პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამით არანაირი უფლებები და პროცესუალური ნორმები არ დარღვეულა – ადვოკატს, უბრალოდ, ორდერი არ ჰქონდა საქმეში წარდგენილი. იგი მოგვიანებით შეუშვეს და დღის ბოლოს უკვე განაცხადა, რომ დოიჯაშვილს არაფერი უღიარებია და ის დამნაშავე არ არის. ამგვარად, აბსურდული ვითარებაა შექმნილი: დაზარალებული ერთს ამბობს, გამოძიება - მეორეს და დაკავებული, შეიძლება, - მესამეს. კობა ნარჩემაშვილი კი ამაოდ ცდილობს, საზოგადეობა საკუთარ სიმართლესა და გულწრფელობაში დაარწმუნოს.



ამ კვირის ერთ-ერთი სასიამოვნო ცნობა საქართველოში აშშ-ის ფინანსთა მინისტრის პოლ ო ‘ნილის ვიზიტს ეხება. 18 ივლისის გაზეთ “24 საათის” ცნობით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრი საქართველოს უკრაინაში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში ვიზიტების შემდეგ ეწვია. ამერიკის ადმინისტრაციის შეფასებით, ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა საბაზრო ეკონომიკის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ და ამიტომ იგი მათთვის ფინანსური დახმარების გაზრდას გეგმავს. თუმცა, გაზეთის ვარაუდით, ამ ოთხი ქვეყნის გამორჩევის კრიტერიუმად ამერიკელებისთვის მათი ანტიტერორისტულ კამპანიაში აქტიურად ჩართვა იქცა. გაზეთი “24 საათი წერს”:


“აშშ-ს ეკონომიკური სფეროს ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლის ვიზიტის მიზანს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება იყო. ო’ ნილმა საქართველომდე მონახულებულ ქვეყნებში საკმაოდ მკაცრი შენიშვნები გააკეთა საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღების, ფულის “გათეთრებასთან” ბრძოლისა და ბიზნესის გამჭვირვალობის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით. არც საქართველოსა აქვს არაფერი თავმოსაწონებელი არც ერთ ამ სფეროში. ქართველ ჩინოსანთა განცხადებით, ამ სფეროებში არსებული მდგომარეობის შეფასებები მთავრობის ეკონომიკური ბლოკისა და ო’ნილის მოადგილის, ჯონ ტეილორის, შეხვედრაზე ამერიკული მხრიდან არ გაკეთებულა. სამაგიეროდ, კორუფციაზე საუბრობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. ავთანდილ ჯორბენაძის განცხადებით, კორუფცია, კონტრაბანდა, პრივატიზაციის სფეროში არსებული შეფერხებები და ახალი ტექნოლოგიების დეფიციტი ყველაზე მეტად უშლის ხელს ქართული ეკონომიკის განვითარებას. სახელმწიფო მინისტრმა დახმარება, პირველ რიგში, ხელისუფლების ოპტიმიზაციის, სპეციალური, ძლიერი ფინანსური პოლიციის შექმნასა და საგანმანათლებლო სფეროში ითხოვა.
საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე სასიხარულო იმის გაგება იყო, რომ აშშ დახმარების გაზრდას აპირებს. საუბარია ამერიკული დახმარების ორიენტაციის საკრედიტო ფორმიდან გრანტულ პრინციპზე გადატანის შესახებ. ეს ყოველივე კარგად ჯდება პრეზიდენტ ბუშის ახალ კონცეფციაში, რომელიც ამ ქვეყნების გაძლიერებისკენ არის მიმართული. მით უმეტეს, რომ მათ სოლიდური საგარეო ვალებიც ამძიმებთ. ამერიკელების განცხადებით, ისინი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ზუსტი სურათის მისაღებად, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეყრდნობიან. ამის მეშვეობით აპირებენ ისინი იმ სფეროების დადგენას, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებულ ხელშეწყობას საჭიროებს. ჯონ ტეილორის განცხადებით, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მათთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება წარმოადგენს. თუმცა, ბიზნესის გარდა, ამ დახმარების არეალში სოციალური, კერძოდ, ჯანდაცვის სფეროც მოხვდება – შესაძლოა, პირველი სერიოზული პროექტი შიდსთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG