Accessibility links

ქართული მასმედიის ყურადღების ქვეშ დღემდე რჩება ინციდენტი


ქართული მასმედიის ყურადღების ქვეშ დღემდე რჩება ინციდენტი,

რომელიც მოხდა ჯერ კიდევ 10 ივლისს, მთავრობის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის თვალწინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფინანსთა და კულტურის მინისტრები, ამ უკანასკნელმა კი, ქალბატონმა სესილი გოგიბერიძემ, ტირილით დატოვა დარბაზი. ამ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კულტურის პრობლემებზე ყურადღების გადატანა, როგორც წესი, სწორედ მაშინ ხდება ხოლმე, როცა ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს, როცა ხელისუფლებას და მასმედიასაც, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მის დაკრულზე თუ არ უკრავს, "ხმას აყოლებს" მაინც, ხელს არ აძლევს ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი, ხელს არ აძლევს იმის აღიარება, რომ ქვეყანაში დღეს უკვე კატასტროფულად ირღვევა ადამიანის უფლებები და, როცა პრეზიდენტსაც სჭირდება გაგვახსენოს, რომ "უხსოვარი დროიდან", ე.ი. მას შემდეგ, რაც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, ქართული კულტურის მოამაგედ ითვლება. ამიტომაც მოუხადა, ალბათ, პრეზიდენტმა ბოდიში კულტურის მინისტრს ფინანსთა მინისტრის საკმაოდ ემოციური, და, შესაძლებელია, ძალიანაც გულწრფელი განცხადების გამო. პრეზიდენტი ხომ დღესაც არ ამბობს უარს თავის სიტყვებზე "გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს ჩვენ"... აი, ფინანსთა მინისტრი კი, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ამ თვალსაზრისს არ ეთანხმება და სჯერა, რომ კულტურა, ბოდიში ამ "უკულტურო" გამოთქმისთვის, "ცარიელ კუჭებს" ვერაფრით გაავსებს.

ინციდენტი მოხდა. კულტურის მინისტრის ცრემლებმა მთელი ორი კვირის მანძილზე კათარზისის მსგავსი ეფექტი შექმნა. ოღონდ არა იმდენად საზოგადოებაში, რომლის წევრების უმრავლესობა ახლა იმაზე უფრო ფიქრობს, თუ როგორ გაიყვანოს ბავშვები გავარვარებული თბილისიდან. კულტურის მინისტრის ცრემლებმა და, გარკვეული თვალსაზრისით, პრეზიდენტის ბოდიშმა ისევ ააბობოქრა ქართული კულტურის მოღვაწეები. მართალია, მთავრობის სხდომაზე კონფლიქტი კინემატოგრაფზე საუბრისას წარმოიშვა, კინემატოგრაფისტების გარდა, კულტურის დაფინანსების აუცილებლობაზე ხელოვნების ყველა მუშაკი ალაპარაკდა.
არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს "ცრემლიანი კათარზისი" უახლოეს ხანში უფრო ეფექტურად გამოიყენოს - გაახსენოს მოსახლეობას, რომ საბჭოთა ეპოქა კარგა ხნის წინ წარსულს ჩაბარდა, რომ საქართველომ "საბაზრო ეკონომიკა" აირჩია და რომ გავიდა დრო, როცა მთავრობა კულტურას აფინანსებდა: ფილმებს "აღებინებდა", სპექტაკლებს "ადგმევინებდა", წიგნებს "აბეჭდინებდა". დაახლოებით ისე, როგორც პრეზიდენტი ამბობს ხოლმე: "რა ვქნა, სახლებს ხომ არ ჩამოვართმევ, ის დრო გავიდა, როცა მდიდარ ხალხს ვიჭერდიო"... ასეთი გამონათქვამები კი საზოგადოებას წარსულის ნოსტალგიას უღვიძებს - "ცრემლიანი კათარზისი" ხალხს ტკბილად ახსენებს ეროვნული კულტურის აღმავლობის ხანას და საბაბს უქმნის, "უწიგნურები", "უვიცები" უწოდოს ახლად გამოჩეკილ "მედასავლეთეებს". ამ თვალსაზრისით, კულტურის მინისტრის ცრემლები კანონზომიერი დაგვირგინებაა ყველაფრისა, რაც მთავრობის სხდომამდე მოხდა საქართველოში: ერთ-ერთმა ასეთმა "მედასავლეთემ", ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ჯანსუღ ჩარკვიანს "ნაძირალა" უწოდა, პოეტმა კი ჭიაბერაშვილსა და მის მომხრეებს - "უწიგნურები"... "ცრემლიანმა კათარზისმა" დაადასტურა, რომ "უწიგნური" ჩვენს ქვეყანაში "ნაძირალაზე" უარესად ითვლება. ამიტომ შეიძლება "უწიგნური" დაარბიო, მერე კი, საზოგადოების ყურადღება უფრო "ემოციურ" ფაქტზე გადაიტანო - რამდენიმე დღე იმაზე იმსჯელო, თუ როგორ აატირა ფინანსთა მინისტრმა კულტურის მინისტრი.

"ცრემლიანმა კათარზისმა" ისევ გააერთიანა ქართველი კინემატოგრაფისტები. რა თქმა უნდა, ეს ხალხი, პირველ რიგში, საკუთარ დაუმთავრებელ ფილმზე ფიქრობს და ნაკლებად აღელვებს ის, თუ ვინ ტირის და რატომ ტირის მთავრობის სხდომაზე. ქართველ რეჟისორებს ყოველთვის უყვარდათ ფელინი და ჭკუას კარგავდნენ მის "ორკესტრის რეპეტიციაზე". ყოველმა მათგანმა კარგად იცის ამ ფილმის დასასრული - კულტურული ჰარმონია მხოლოდ და მხოლოდ სევდიანი მითია და, საუბედუროდ, სილამაზეს არ შეუძლია განკურნოს ადამიანი ეგოცენტრიზმისა და ანგარებისგან.

აღმოჩნდა, რომ "ორკესტრის რეპეტიცია" ლიანა ისაკაძესაც უყვარს. ისე უყვარს, რომ ფელინის ამ ფილმს ბორჯომი-დიტცენბახის პირველი საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში რთავს, ფესტივალში, რომელიც 13 ივლისს გაიხსნა ბორჯომში და 27 ივლისამდე გასტანს. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა ფელინის ეს ფილმი ბორჯომის ფესტივალისთვის, რისი თქმა უნდოდათ ამით ფესტივალის ორგანიზატორებს, ლიანა ისაკაძემ გვიპასუხა:
[ლიანა ისაკაძის ხმა] "ეს არის ყველაზე გენიალური რეჟისორი, რომელიც ეთანხმება მუსიკის წარმოდგენას, ისეთივე უცნაური, ისეთივე განყენებულია ამ ქვეყნიდან, როგორც მუსიკა. თანაც ეს ფილმები არის მუსიკალურ თემებზე, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ლაიტმოტივი უნდა იყოს.
...იმით არის ეს ფილმი გენიალური, რომ დაკავშირებულია იდეალიზმი და სინამდვილე, რაც არსებობს. რასაკვირველია, გადატანითი აზრი არის... იდეალს ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ, მაგრამ ჩვენ ყველანი იმისკენ ვისწრაფვით."

ლიანა ისაკაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი იდეალისტია და ცდილობს ზედმიწევნით პრაგმატულ რეალობას კარგი ხელოვნება დაუპირისპიროს. ოღონდ არა სიტყვებით, არა ისტერიკით, არამედ კონკრეტული საქმით. ჩვენს კითხვაზე, მოხდება თუ არა რაიმე ძვრა ქართულ კულტურაში ამ ფესტივალის ჩატარებით, აქვს თუ არა დიდ მუსიკოსს ამის იმედი, ლიანა ისაკაძემ გვიპასუხა:
[ლიანა ისაკაძის ხმა] "იმედი მაქვს, რომ მოხდება კულტურაში და არა მარტო. კულტურისგან იწყება მთელი კეთილდღეობა ქვეყნის. პოლიტიკაც კულტურიდან იწყება. ყველაფრის "წინადარი" არის კულტურა და ხელოვნება. ჩვენ ეს დავივიწყეთ უკვე. ბევრი პრობლემების გამო ადამიანებს დაავიწყდათ, რომ მთავარი არის სულიერება და იქიდან მოდის ყველაფერი და როდესაც მოხდება ფესტივალი, მთელი მსოფლიო ჩამოვა, ჩვენი ხალხი დაინახავს, თუ რითი ცხოვრობს განვითარებულ ქვეყნებში ხელოვნების წარმომადგენელი. როგორ აღვიქვამთ ჩვენ იდეალიზმს, რაც არ უნდა მატერიალისტურებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ვინარჩუნებთ იდეალიზმს. ამას რომ დაინახავენ, ეგება გამოეცვალოთ სამყაროს აღქმა და მიხვდნენ, რა არის ლამაზი ამქვეყნად." [სტილი დაცულია]

მაშ ასე, ლიანა ისაკაძე გვარწმუნებს, რომ "ბორჯომში მთელი მსოფლიო ჩამოვიდა"... ჩამოვიდა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომელთაც "დაავიწყდათ, რა არის სულიერება", "რა არის ლამაზი ამქვეყნად". დაავიწყდათ, რომ კულტურა არა მარტო გაკოტრებული ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სპექტაკლი და ფილმია, არამედ ადამიანთა ურთიერთობაა, მათ შორის, ხელისუფლებისა და ხალხის ურთიერთობაც, ხალხისა, რომელსაც დიდი ხანია არ სჯერა ხელისუფლების ცრემლების.
XS
SM
MD
LG