Accessibility links

logo-print

დამიანო დამიანის ფილმები აქტუალური გახდა


დასავლეთის კინემატოგრაფიულ წრეებში მასზე განუწყვეტლივ ქილიკობდნენ. ქილიკობდნენ საბჭოთა კინემატოგრაფისტებიც.

მის ფილმებზე არც ჩვეულებრივი საბჭოთა მაყურებელი კარგავდა ჭკუას. მაგრამ იგი ძალიან უყვარდა კომუნისტურ ხელისუფლებას, რომლის იდეოლოგები ამტკიცებდნენ: “დამიანო დამიანი დასავლეთის პროგრესული კინოს ერთ-ერთი ლიდერიაო”. საბჭოთა კავშირის შემდეგ იტალიელი კინორეჟისორის ფილმები საზოგადოებამ ახლებურად აღიქვა - აღმოჩნდა, რომ კომუნისტური ხელისუფლება ყოველთვის არ ტყუოდა. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე” დღეს სწორედ დამიანო დამიანის მიეძღვნება. იტალიური მაფიის ამ დაუძინებელ მტერს 23 ივლისს 80 წელი შეუსრულდება.

საბჭოთა ხელისუფლება დიდხანს, ძალიან დიდხანს ცდილობდა მაყურებელს იტალიელი კინორეჟისორი დამიანო დამიანი შეჰყვარებოდა. 70 –იან წლებში დამიანის ფილმები, რომელიც, როგორც წესი, იტალიური მაფიის ბოროტების შესახებ გვიამბობდა, საუკეთესო საშუალება გახდა, ე.წ. “კონტრპროპაგანდის” ჩასატარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბრეჟნევის ეპოქაში, როცა იმიგრაციის მსურველთა რიცხვმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მოსახლეობას უნდა შეეგნო, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში კანონი არ კანონობს, ხელისუფლება, სასამართლო, პოლიცია, პრესა კორუმპირებულია და მოქალაქის უფლებები დაცული არ არის... კაპიტალისტურ ქვეყნებში საშიშია ღამით ქუჩაში სიარული, საშიშია უცნობ ადამიანებთან კონტაქტი: ყველგან მაფიის აგენტები მოქმედებენ -ისმინება ტელეფონები, ისინჯება წერილები, კაპიტალისტურ ქვეყნებში ადამიანებს ჰაერით სუნთქვის საშუალებაც კი არა აქვთ.

ეს არ არის მხოლოდ გაზეთ “პრავდის” “მოწინავე წერილის” ტექსტი. ასეთი შთაბეჭდილება იქმნება დამიანო დამიანის ფილმების ნახვის შემდეგ. “უძრაობის ეპოქაში” დასავლეთის არც ერთ კინორეჟისორს არ ღირსებია კრემლის იდეოლოგთა ასეთი პატივისცემა: მაშინ, როდესაც კომუნისტური სისტემის დანგრევამდე საბჭოთა ეკრანებზე არ უჩვენებიათ გენიალური რეჟისორების - ორსონ უელსის, ჟან-ლუკ გოდარის, იასიძორე ოძუს არც ერთი ფილმი, დამიანო დამიანის ახალი სურათების პრემიერა აქ თითქმის ყოველწლიურად ეწყობოდა. ხელისუფლება ისე გაკადნიერდა, რომ 1973 წლის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უბრძანა, ოქროს პრიზით აღენიშნათ დამიანის ფილმი “პოლიციის კომისრის აღსარება რესპუბლიკის პროკურორის წინაშე”. ჟიურიმ ბრძანება შეასრულა და მხატვრული თვალსაზრისით ეს საშუალოზე საშუალო ფილმი უფრო წინ დააყენა, ვიდრე მოსკოვის კონოფორუმის კონკურსში ჩართული დიდი რეჟისორების, კანეტი სანდოს და ანჯეი ვაიდას ახალი ნამუშევრები.

მიუხედავად ამისა, დამიანო დამიანის ფილმებს მაინც არ ჰყავდა მაყურებელი. პუბლიკას მობეზრდა იტალიური მაფიის მხილება, მით უმეტეს, რომ ყველამ წინასწარ იცოდა რა მოხდებოდა ამ ფილმებში – სამართლიანობისთვის მებრძოლი ადვოკატები, გამომძიებლები, პოლიციის კომისრები, ჟურნალისტები აუცილებლად მარტო დარჩებოდნენ და, ბოლოს, დაიღუპებოდნენ კიდეც.

“უძრაობის” ხანა დასრულდა. ხელისუფლების სათავეში მიხაილ გორბაჩოვი მოვიდა, რომელსაც “პერესტროიკა” ჯერ დაწყებული არ ჰქონდა, როცა მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიით დამიანო დამიანის ახალი ნამუშევრის, ტელესერიალ “რვაფეხას,” პრემიერა გაიმართა. ამბობენ, რომ 1984 წელს, როცა იტალიის ტელევიზია პირველად უჩვენებდა “რვაფეხას,” ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ზუსტად ისე, როგორც საფეხბურთო მატჩების დღეებში. იგივე განმეორდა ერთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირშიც. დიასახლისები აღნიშნავდნენ, რომ კომისარი კატანი, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის, მათი ოჯახის წევრი გახდა. მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ მოსახლეობამ იცოდა – დამიანო დამიანის ამჯერად არაფერი მოუგონია.

ტელესერიალს რეალური ამბავი დაედო საფუძვლად: 1982 წელს პალერმოში 62 წლის გენერლის კარლო ალბერტო კიეზეს მანქანა დაუდგენელმა პირებმა ალყაში მოაქციეს და უმოწყალოდ დაცხრილეს, გენერალი და მისი მეუღლე მხეცურად მოკლეს. ამ ბოროტმოქმედებამ - ისევე, როგორც საშინელი სისასტიკით ჩადენილმა სხვა დანაშაულებმა სიცილიაში - კინოდრამატურგ ენიო დე კონჩინის უბიძგა, შეექმნა სცენარი კინოსერიალისთვის, რომლის ეკრანიზაციის პატივი დამიანო დამიანის ერგო. იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი საბჭოთა კავშირში მხოლოდ მაშინ გახდა პოპულარული, როცა კომუნისტურმა სისტემამ ნგრევა დაიწყო.

“მაფია იტალიის არსებული წყობილების განუყრელი ნაწილია, – წერდა დამიანო დამიანი “რვაფეხას” სატელევიზიო პრემიერის წინ. – საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს ხელისუფლების სისტემის დემოკრატიზაცია, ბიუროკრატიის განადგურება, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ეკონომიკური სტრუქტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიის საზოგადოება უძრაობის ჭაობში ჩაეფლობა.”

“რვაფეხას” საბჭოთა პრემიერამდე ეს ინტერვიუ გაზეთმა “პრავდამაც” გამოაქვეყნა – არადა, მიხაილ გორბაჩოვი ხელისუფლებაში სულ რამდენიმე თვის მოსული იყო. დამიანო დამიანის სიტყვები ”უძრაობის ჭაობი”, ფაქტობრივად, პირველად დაფიქსირდა საბჭოთა პრესაში. მერე კი “რვაფეხას” ტელესეანსებიც შედგა. არ არის გამორიცხული, რომ იმხანად უკვე რაღაც ცვლილებები მზადდებოდა საბჭოთა მოსახლეობის ცნობიერებაში – მაყურებელი კომისარ კატანის გმირობას დისტანციიდან აღარ უყურებდა. ენიო მორიკონეს მელოდიას ფილმიდან “რვაფეხა” მაყურებელი ქუჩაში, სამსახურში, სახლში უსტვენდა ხოლმე.

[მუსიკა. ენიო მორიკონე]

არც ისაა გამორიცხული, რომ “პერესტროიკის” სამზადისში მყოფი გორბაჩოვის ხელისუფლება დამიანო დამიანის ტელესერიალს უკვე იყენებდა თავისი პოლიტიკისათვის. საქმე ისაა, რომ საზღვარგარეთული ფილმის საბჭოთა პრემიერა ასეთი ელვის სისწრაფით არასდროს ჩატარებულა. ყოველი უცხოური სურათის შესყიდვას ყოველთვის წინ უძღოდა ხანგრძლივი ბიუროკრატული პროცესი, რასაც, როგორც წესი, 3-5 წელი სჭირდებოდა ხოლმე, რომ აღარაფერი ვთქვათ დუბლიაჟზე - ასევე საკმაოდ გაჭიანურებულ პროცედურაზე. “რვაფეხა” კი, სხვათა შორის, საკმაოდ ძვირადღირებული ფილმი, მაშინვე იყიდეს, გაახმოვანეს და ცენტრალური ტელევიზიის არხით გაუშვეს. რაც მთავარია, რეცენზიებში, რომელიც დამიანო დამიანის ტელესერიალს მიეძღვნა, აღარაფერს წერდნენ “ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისზე”, დასავლური კონსტიტუციის “არაადამიანურობაზე” და ა.შ. როგორც წესი, წერდნენ მხოლოდ კომისარ კატანის გმირობაზე, ბეჭდავდნენ ინტერვიუს მსახიობ მიკელე პლაჩიდოსთან, რომელიც აღნიშნავდა: “მინდოდა მეჩვენებინა, რომ კატანი მარტო მამაცი და პატიოსანი პოლიციელი არ არის, არამედ სამყაროში წარმოებული სიკეთისა და ბოროტების გლობალური ბრძოლის მონაწილეცაა. კორუფცია დღეს ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ყვავის, ამიტომ ამ ბოროტებას ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ.”

ასეთ ინტერვიუებს “უძრაობის ხანის” საბჭოთა პრესაში არ ბეჭდავდნენ. თავისუფალი ლაპარაკი “გლობალურ ბრძოლაზე”, იმაზე, რომ “კორუფცია მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში ყვავის”, იმას ნიშნავდა სწორედ, რომ “რვაფეხას” პრობლემატიკა ახლობელი უნდა ყოფილიყო საბჭოთა ადამიანისთვისაც, რომელიც მიხაილ გორბაჩოვთან ერთად სისტემის გარდაქმნისთვის ემზადებოდა.

საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ დამიანო დამიანის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. 90-იანი წლების მიწურულს რუსეთში ხელახლა დაბეჭდეს 70-იან წლებში ჩვენს ეკრანებზე გამოსული დამიანის ფილმების ასლები. შარშან, როცა თბილისს პალერმოს მერი ესტუმრა (სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის წინ ვაკეში), მაფიასთან ბრძოლის ამ დიდოსტატს ქართველებმა დამიანო დამიანის ფილმები გაახსენეს. სტუმარმა გაიკვირვა, რომ ჩვენში ასე კარგად იცნობდნენ საშუალო იტალიელ რეჟისორს, რომელსაც კინოხელოვნებაში ახალი სიტყვა არ უთქვამს, რომელიც, შესაძლებელია, მეტისმეტადაც ამუქებდა ფერებს თავის ფილმებში, როცა 70-იანი, 80-იანი წლების იტალიის სინამდვილეს ასახავდა. მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ დამიანო დამიანის პოლიტიკური დეტექტივები, შესაძლოა, სახელმძღვანელოდ იქცეს ქართველი კომისარი კატანებისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთები მოიძებნებიან ჩვენს ქვეყანაში. იქნებ, ოდესმე პოლიციის კომისარმა აღსარება თქვას გენერალური პროკურორის წინაშე და ამისათვის იგი არავინ დასაჯოს.
XS
SM
MD
LG