Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი არ აპირებს პალესტინელთა უკანონოდ დეპორტაციას


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ელიაკიმ რუბინშტეინმა განაცხადა კვირას, რომ ისრაელი არ აპირებს ღაზის სექტორში იმ ტერორისტების ნათესავების დეპორტაციას,

რომელთა მიერ მოწყობილ ორ აფეთქებაში გასულ კვირაში 12 ადამიანი დაიღუპა. პარასკევს საღამოს ქალაქ ნაბლუსში მოწყობილ რეიდში 21 ნათესავი იქნა დაკავებული.

დეპორტაციის მუქარამ საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. გაისმა ხმები, რომ ისრაელი კოლექტიურ სასჯელს მიმართავს. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ “ვერავითარი თავდაცვა ვერ გაამართლებს კოლექტურ სასჯელს”.

“ამნესტი ინტერნეიშენლმა” და პალესტინელთა და ისრაელის ადამიანის უფლებების დამცავმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ზომა საერთაშორისო კანონების დარღვევას ნიშნავს. ისრაელის უახლოესმა მოკავშირემ შეერთებულმა შტატებმაც გააფრთხილა ისრაელი, რომ არ დაუჭერს მხარს ნებისმიერი პირის დეპორტაციას, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ტერორისტის ნათესავია.

ისრაელის მთავრობა, როგორც წესი, მოქმედებს გენერალური პროკურორის იურიდიული გადაწყვეტილების შესაბამისად და ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოიქცევიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების სამსახურები დეპორტაციას შემაკავებულ ზომად მიიჩნევენ, მთავრობა ანგარიშს გაუწევს რუბინშტეინის გადაწყვეტილებას. დეპორტირებულ იქნებიან მხოლოდ ის ნათესავები, რომლებიც უშაუალოდ ეხმარებოდნენ და აქეზებდნენ ტერორისტებს, რაც გამოძიებით უნდა დადგინდეს.

შარონის პრესმდივანმა რაანან გისინმა თქვა, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი დეპორტაციისთვის, თუ არ დამტკიცდა, რომ ამა თუ იმ პირის ხელი აშკარად ერია ტერორისტულ აქტში. “მას შემდეგ, რაც დამთავრდება 21 დაკავებულის გამოძიება და დამტკიცდება რომელიმე მათგანის უშუალო მონაწილეობა, შეიძლება განხილულ იქნეს დეპორტაციის საკითხიო,” თქვა მან.

გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, თუ დეპორტაციის განკარგულება იქნა გაცემული, პალესტინელებს მიეცემა 12 საათი აპელაციის შესატანად. ნათევასებმა შეიტანეს პეტიცია ისრაელის უზენაეს სასამართლოში, მაგრამ კვირას, მას შემდეგ რაც გამოირკვა, რომ დეპორტაციის განკარგულება არ ყოფილა გაცემული, ის უკან წაიღეს.

“ტერორისტებისა და მათი ოჯახების გადასახლება არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სასჯელი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და რომელიც შეაკავებს ტერორისტებს,” თქვა ერთ-ერთმა მაღალი რანგის სამხედრო პირმა.

დეპორტაცია ძალიან მტკივნეული ზომაა პალესტინელებისთვის, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში მჭიდრო ნათესაური კავშირები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დეპორტაცია დაარღვევს მათ სოციალური, ემოციური და ეკონომიკური მხარდაჭერის სისტემას.

დებატები დეპორტაციის შესახებ დაემთხვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის შიმონ პერესისა და პალესტინელთა კაბინეტის მინისტრის საებ ერეკატის შეხვედრას, რომელზეც ირჩეოდა პალესტინელთა მდგომარეობის შემსუბუქების საკითხი. 700 ათასი პალესტინელი კარგა ხანია კომენდანტის საათის პირობებში ცხოვრობს. ლაპარაკი იყო აგრეთვე, ისრაელის ჯარების გაყვანაზე მდინარე იეორდანეს დასავლეთი ნაპირის შვიდი ქალაქიდან, სადაც ისინი შევიდნენ 18-20 ივნისის თვითმკვლელური ტერორისტული აქტების შემდეგ, რომლებშიც ისრაელის 26 მოქალაქე დაიღუპა.

თუმცა გაყვანის გრაფიკი არ ყოფილა ნახსენები, პერესმა ისრაელის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ არმიას “ამ ადგილებში დარჩენის არავითარი ინტერესი არა აქვს და გავა, როგორც კი პალესტინელები დაამტკიცებენ, რომ აკონტროლებენ სიტუაციასო.”

შარონის პრესმდივანმა რაანან გისინმა კი თქვა, რომ სამწუხაროდ, აქამდე არ ჩანს, რომ პალესტინლებეი აპირებენ ამის გაკეთებას. “წარსულში ჩვენ მათ დაპირებებს ვენდობოდით და მივიღეთ ტერორისტული თავდასხმები. ნუთუ ვინმე თვლის, რომ კვლავაც ასე უნდა ვიმოქმედოთო?”თქვა მან.
XS
SM
MD
LG