Accessibility links

რამდენად რეალურია სამხრეთ ქვეყნების ენერგეტიკული კონსორციუმის შექმნა


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთი შიშობს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულმა კონსორციუმმა, შესაძლოა, მას გასაღების ბაზარი წაართვას. კონსორციუმის შექმნის იდეა საქართველოს ეკუთვნის.

სწორედ ამ თემას ეძღვნება 16 ივლისის “ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოქვეყნებული წერილი.

“ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “რუსეთის სააქციო საზოგადოება
“ეეს როსიას” ცხვირწინ უახლოეს ხანში შეიძლება ერთგვარი ენერგეტიკული კონსორციუმი შეიქმნას”. გაზეთი წერს, რომ “ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის ერთიანი ენერგოსისტემის შექმნის ინიციატივით ამ დღეებში საქართველოს ხელმძღვანელობა გამოვიდა. მართალია, რუსეთის ენერგოჰოლდინგის წარმომადგენლები ასეთ გეგმას ჯერჯერობით სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი კარგავს თავის პოზიციებს ამ რეგიონში”.

გაზეთის აზრით, “ნიშანდობლივია, რომ გაერთიანების იდეა წარმოიშვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძისა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის რეგიონალური დირექტორის ჰილდეგარდ გაშეკის შეხვედრაზე. სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და აქტიურ ეკონომიკურ განვითარებას. პროექტისათვის სახსრების გამოყოფა დაგეგმილია რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკიდან კრედიტის მიღების გზით. ამჟამად ბანკი განიხილავს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში რიგი პერსპექტიული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას”.

“ნეზავისიმაია გაზეტა” აღნიშნავს, რომ “საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სამხრეთ კავკასიის ერთიანი ენერგოსისტემის პროექტის რეალიზაციას საფუძვლად შეიძლება დაედოს ამ ქვეყნებში არსებული ჰიდრორესურსებისა და აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მარაგის კომპლექსური ათვისება”. ამასთან, გაზეთი წერს, რომ “სააქციო საზოგადოება “ეეს როსია” საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს სამხრეთ კავკასიის ენერგოკომპანიების გაერთიანების იდეას. სააქციო საზოგადოების წარმომადგენელმა განაცხადა: “ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს ქვეყნები შეძლებენ თავიანთი ენერგოსისტემების პარალელური მუშაობის უზრუნველყოფას რუსეთის გარეშე. ამას ადასტურებს ახლახან მომხდარი დიდი ავარია, როცა აზერბაიჯანის უმეტესი ნაწილი ენერგომომარაგების გარეშე დარჩა”.

მაგრამ როგორც ენერგეტიკულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკსანდრ რემეზოვი აღნიშნავს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საერთაშორისო აქტიურობა ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ქვეყნების ბაზარზე თავის პოზიციებს კარგავს. ამავე დროს, ცენტრის ხელმძღვანელი კატეგორიულად არ იზიარებს თეზისს იმის თაობაზე, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ტექნიკურად უძლურები არიან. მისი თქმით, “თუ 5-6 წლის წინათ სომხეთის ენერგეტიკა მთლიანად დანგრეული იყო, უკვე ორი წელია, რაც ეს რესპუბლიკა რაღაცით უსწრებს კიდეც რუსეთს. ამჟამად სომხეთს საკუთარი სარეზერვო სიმძლავრეები აქვს, ის ექსპორტიორი ხდება და უკვე სავსებით შეუძლია რუსეთისათვის კონკურენციის გაწევა”.

რემეზოვის აზრით, “საქართველო იმიტომ გამოდის გაერთიანების ინიციატივით, რომ სხვა არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია: საკუთარი სიმძლავრეები რესპუბლიკაში არც ისე ბევრია, თუმცა ის თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტს ახორციელებს”.
ენერგეტიკულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი “ნეზავისიმაია გაზეტას” ფურცლებზე ამბობს, რომ “გაერთიანებაზე საუბრისას, საქართველო თავისი პოზიციების განმტკიცებას ესწრაფვის ენერგობაზარზე. ამასთან, თურქეთი, სადაც წლების განმავლობაში სწრაფად ვითარდება მრეწველობა და ტურიზმი და, ამდენად, ენერგომოხმარებაც იზრდება, გემრიელ ლუკმას წარმოადგენს არა მხოლოდ ამიერკავკასიისათვის, არამედ ევროპის ენერგოკომპანიებისთვისაც”.
XS
SM
MD
LG