Accessibility links

logo-print

ასლან აბაშიძე პარლამენტს “შეურიგდა”


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ბოლოს პარლამენტის ბიუროს გამსვლელი სხდომა ქობულეთში მრავალმხრივ აღმოჩნდა საინტერესო. ჯერ ერთი, გაირკვა, რომ პარლამენტი მზად არის საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო

ცვლილებების საკითხს დაუბრუნდეს, იქნება ეს მინისტრთა კაბინეტის შემოღების პროექტი თუ პარლამენტართა რაოდენობის შემცირების თემა. და მეორე – ბიუროს წევრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე შეხვდა, რომელმაც პარლამენტარებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე თავისი მოსაზრებები გააცნო.

აჭარის ლიდერისა და პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრისას ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ასლან აბაშიძის ფრაზა, რომ ის არ აპირებს ცარიელ აუზში გადახტომას. ასეთი კომენტარი გაუკეთა პრეზიდენტ შევარდნაძის პირადმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ასლან აბაშიძემ გარკვეული ძალების მხრიდან ხელშეშლას, რაც, მისივე განმარტებით, შეგნებულად და მიზანმიმართულად კეთდება. კერძოდ, მაშინ, როცა ასლან აბაშიძე მოლაპარაკებებს მართავს აფხაზურ მხარესთან და კონფლიქტის შუამავალ რუსეთთან, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ აფხაზეთში საომარი მოვლენების განახლების თაობაზე, ხოლო იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი პარტიზანული საქმიანობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ასლან აბაშიძის აზრით, გაუგებარია ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა. თუ ოფიციალური თბილისი უკანონოს უწოდებს სოხუმის ხელისუფლებას, გაუგებარია, რატომ მართავს მასთან მოლაპარაკებას. გარდა ამისა, აჭარის ლიდერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭო უნდა დაიშალოს.
ასლან აბაშიძის განცხადებებს ორშაბათის ბრიფინგზე პრეზიდენტი შევარდნაძე გამოეხმაურა.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ქართულ-აფხაზური პრობლემის მოგვარება გაუჭირდა და თბილისი ამიტომაც გაახსენდა.”

პრეზიდენტის ამ რეპლიკას უკვე ფრაქცია “აღორძინება” ეხმაურება. ვალერი გელბახიანის განცხადებით, პრეზიდენტი შევარდნაძე არასოდეს ენდობოდა ასლან აბაშიძეს და თავიდანვე ნათელი იყო, რომ მას კონფლიქტის მოგვარების პროცესში ხელის შემშლელ ბარიერებს შეუქმნიდა. როგორც ვალერი გელბახიანმა განუცხადა სააგენტო “პრაიმ-ნიუსს”, თუ ისეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც აფხაზეთის პრობლემას ოდნავ მაინც მოაგვარებს, ეს შევარდნაძისთვის უზარმაზარი მარცხი იქნება და ის ისტორიის წინაშე დასამარდება.
და მაინც, რეპლიკების გაცვლის მიღმა, უდავოდ, საინტერესო პროცესი იმალება. ფაქტია, რომ აქამდე ასლან აბაშიძე აჭარაში გამსვლელ სხდომაზე ჩასულ პარლამენტის ბიურის წევრებს დიდად არ სწყალობდა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს პარლამენტის ძველი ხელმძღვანელობის შემადგენლობისადმი ასლან აბაშიძის ანტაგონისტური განწყობითაც იყო გამოწვეული, მაგრამ ამჯერად ასლან აბაშიძის კეთილგანწყობა პარლამენტისადმი მაინც თვალშისაცემია. იგი თავად ეწვია ქობულეთს და საკმაოდ დიდი ხანი გაატარა პარლამენტართა წრეში. თუ იმ საკითხებსაც გავიხსენებთ, რაც ბიუროს გამსვლელ ს ხხდომაზე ჯერდებოდა, – მინისტრთა კაბინეტის შემოღების პროექტი და ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის საკითხები, – ასლან აბაშიძის სურვილი, კონსტრუქციული ურთიერთობა დაემყარებინა პარლამენტთან, სრულიად ლოგიკურად გამოიყურება. აქამდეც არაერთხელ თქმულა, რომ სულაც არ არის გამორიცხული, პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღების შემთხვევაში, ამ თანამდებობის დაკავების სურვილი ასლან აბაშიძეს გაუჩნდეს.
სხვათა შორის, ბიუროზე განხილულ მინისტრთა კაბინეტის შემოღების პროექტთან დაკავშირებით – შეგახსენებთ, პრეზიდენტის წარდგენილი პროექტის ალტერნატიული ვარიანტი ბიუროზე ფრაქცია “მრეწველებმა წარმოადგინეს - ორშაბათს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტმა მის პრინციპებთან შეუსაბამი კანონი მიიღო, იგი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG