Accessibility links

საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევის შედეგები


„გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში?“ - ამ კითხვაზე პასუხს ეძებს საქართველოდან არალეგალურად მიგრირებულ მოქალაქეთა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა,

ამ კითხვითაა დასათაურებული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგებიც. საქართველოში არალეგალური მიგრაციის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, ამ მოვლენის ხასიათიდან გამომდინარე. მისი მიახლოებითი სურათის შესაქმნელად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, რაც ქმნის წინაპირობებს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმების შესამუშავებლად.

არალეგალურ მიგრანტთა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დიდი ნაწილი ერიდება გამოაქვეყნოს თავს დამტყდარი უბედურება. მიზეზი უამრავია, ძირითადად კი, ისინი ოჯახურ ტრადიციებს უფრთხილდებიან. ეს კარგ პირობებს ქმნის იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც ტრადიციული ფასეულობები უცხოა და, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგისადმი საზოგადოების დამოკიდებულების წყალობით, უკანონოდ მდიდრდებიან. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მხოლოდ მაშინ გამოავლინეს ერთ-ერთი დამნაშავე, როდესაც ის მისმა პოტენციურმა მსხვერპლმა გამოასალმა სიცოცხლეს. ტრადიციებთან ერთად, ადამიანებით მოვაჭრეებს სამართალდამცავი სისტემის უმოქმედობა და საკანონმდებლო ბაზის უქონლობაც უწყობს ხელს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოახერხა და სამშობლოში დაბრუნებული 270 არალეგალური მიგრანტი გამოკითხა. მათგან დიდი ნაწილი, 264 ადამიანი, საქართველოს მოქალაქეა. გამოკითხულთა ერთმა ნაწილმა, 72 პროცენტმა, საზღვარგარეთ იმოგზაურა 1996-1999 წლებში, 17 პროცენტი კი საზღვარგარეთ 2000-2001 წლებში იმყოფებოდა.

არალეგალურ მიგრანტთა დიდი ნაწილი, 69 პროცენტი, ქალია, - მათგან ტრეფიკინგს 86 პროცენტი ემსხვერპლა, მაშინ, როცა მამაკაცებში ეს ციფრი 13 პროცენტს შეადგენს. ტრეფიკინგით დაზარალებულთა ასაკი, ძირითადად, 21-დან 30 წლამდე მერყეობს და მათი თითქმის 50 პროცენტი დაუოჯახებელია, ხოლო 25 პროცენტი - განქორწინებული.

არალეგალურ მიგრანტთა განათლების დონე საშუალო ქართველისთვის დამახასიათებელია. ესა და სხვა მონაცემები იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ საზღვარგარეთ არალეგალური გზით წასულთა პირადული მონაცემები, სქესისა და ოჯახური მდგომარეობის გარდა, დიდად არ განსხვავდება საქართველოს 15-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემებისგან.

თითქმის გამონაკლისის გარეშე, არალეგალური მიგრაციის მონაწილენი საქართველოდან საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოს საძებნელად. ეს არალეგალური მიგრაციის ძირითად მოტივად აღიარა გამოკითხულთა 90-მა პროცენტმა. ტრეფიკინგის მსხვერპლთა 13-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო გახდა იძულებული დროებით სხვა ქვეყანაში წასულიყო არსებობისათვის საჭირო სახსრების მოსაპოვებლად.

ამ მონაცემების მიხედვით, ექსპერტები დაასკვნიან, რომ მიგრაციის მონაწილე ქართველთა მნიშვნელოვანი მოტივაცია სამშობლოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პირობებია. ეს დასკვნა ვრცელდება ყველა გამოკითხულზე, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი.

ტრეფიკინგი არალეგალური მიგრანტის მიმართ მოტყუებას, ძალადობას, დაშინებასა და სისასტიკეს გულისხმობს და მიგრანტების ადგილობრივ პირობებში იძულებითი ადაპტაციისათვის გამოიყენება.

ყველაზე გავრცელებული დაპირება, რითაც ქართველი ტრეფიკერები ატყუებენ ახალგაზრდა ქალებს, ეს საზღვარგარეთ ძიძებად მუშაობის პირობაა. ასეთ სამსახურს ფირმები მომხმარებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში სთავაზობენ. ამ დაპირების სიცრუეში დასარწმუნებლად მარტივი ინფორმაციაა საჭირო: შეერთებულ შტატებთან საქართველოს შრომითი ხელშეკრულება არა აქვს დადებული, ხოლო გერმანიასთან სწორედ ძიძების ლეგალურად დასაქმების პროგრამა მუშაობს და არალეგალური მიგრაცია სულაც არ არის საჭირო.

რაც შეეხება მამაკაცებს, მათთვის შეთავაზებული პირობები ახლოსაა რეალობასთან და ტყუილი, ძირითადად, დაპირებულზე ნაკლებ ხელფასსა და მეტ სამუშაო საათებში მდგომარეობს. გამოკითხულ მამაკაცთა უმრავლესობა ელოდა, რომ საზღვარგარეთ მშენებლობაზე მოუწევდათ დასაქმება. ეს, მართლაც, ასე იყო, თუმცა სამუშაო პირობები იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მათ წარმოედგინათ.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობას არ ჰქონდა უფლება თავისი ხელფასი მთლიანად მიეღო. მათ დიდ ნაწილს პროსტიტუცით გამომუშავებული, საშუალოდ, 1000 – 1500 დოლარის 75 პროცენტი საკუთარი დამქირავებლისთვის უნდა მიეცა.

საქართველოში დაბრუნებულმა ტრეფიკინგის თითქმის ყველა მსხვერპლმა, 92 პროცენტმა, განაცხადა, რომ დიდი პრობლემები ჰქონდა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებისას. არალეგალურ მიგრანტთა 62 პროცენტმაც, დაახლოებით, იგივე განაცხადა, 38 პროცენტს კი ეს არ გასჭირვებია. რამდენიმემ ისიც კი თქვა, რომ საზღვარგარეთ დაგროვილი ფულით საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესა.
XS
SM
MD
LG