Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლების ინსტიტუტის საქმის გამოძიება ჭიანურდება


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 22 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის გამო წინასწარ პატიმრობაში აყვანილმა გიორგი დოიჯაშვილმა გადათქვა პირველად მიცემული ჩვენება და,

საერთოდ, უარყო თავისი მონაწილეობა ამ საქმეში. ორშაბათსვე დოიჯაშვილის ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი თბილისის საოლქო სასამართლოში ასაჩივრებდა ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებას დოიჯაშვილისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ამასობაში, ითვლება, რომ ძიება გრძელდება, მაგრამ რამდენადმე უცნაურად: სამძებრო ორგანოები, ერთი შეხედვით, მოწადინებულნი არიან, მიაგნონ დამნაშავეებს, მეორე მხრივ კი, ბევრს არაფერს აკეთებენ საამისოდ.

თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის გამოძიებაზე წინა კვირის სიუჟეტებში ლაპარაკის დროს აღვნიშნეთ, რომ ამ საქმეზე პოლიციას რამდენიმე პირი ჰყავდა დაკავებული. თუმცა დაზარალებულები მხოლოდ ერთის ამოსაცნობად წაიყვანეს. ამის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. აღარც ეჭვმიტანილის ამოსაცნობად წაუყვანიათ სხვა დაზარალებულები (ასეთი კიდევ 6 ადამიანია), არც იმავე შენობაში მდებარე და ასევე დარბეული ოფთალმოლოგიური კლინიკის თანამშრომლები “შეუწუხებიათ”. პოლიცია, ბუნებრივია, არ ამხელს იმ პირთა ვინაობას, ვინც დოიჯაშვილის თავდაპირველ ჩვენებაში ფიგურირებდნენ, ვითარცა თავისუფლების ინსტიტუტის “სტუმრები” და არც აკავებს მათ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიცია უკმაყოფილოა, რომ დაზარალებულებმა დოიჯაშვილი ვერ ამოიცნეს. სამართალდამცავები კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ამას შეგნებულად აკეთებენ, რათა დანაშაულის მთელი სიმძიმე, საბოლოოდ, ხელისუფლებასა და შევარდნაძეს დაეკისროს და არა კონკრეტულ დამნაშავეებს. ჯერ ერთი, პოლიციის “ხათრით”, ეჭვმიტანილს ხელს დანამდვილებით ვერავინ დაადებს, მეორეც, იმის მიუხედავად, აღმოჩნდება თუ არა დამნაშავე დოიჯაშვილი ან კიდევ სხვა ვინმე, თავისუფლების ინსტიტუტის დარბევაში ხელისუფლებისა და პრეზიდენტის წილი მაინც განუზომელია, რადგან, უწინარესად, მან არ იღონა არაფერი ისეთი გარემოს შექმნის წინააღმდეგ, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა რბევა ჩვეულებრივი ამბავია. სხვათა შორის, დარბევის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ლევან რამიშვილი ჯერ არც ერთხელ არ დაუკითხავთ. ძიებასთან დაკავშირებულ საეჭვო გარემოებებს ლევან რამიშვილი შემდეგს ამატებს [რამიშვილის ხმა]: “პოლიცია ავრცელებს უსინდისო ტყუილს, რომ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ეს რომ ტყუილია, შემიძლია რამდენიმე ფაქტით გავამყარო: ჯერ ერთი, მათ აიღეს თითის ანაბეჭდები და რაღაც ფირზე ჰქონდათ დატანილი. ეს ფირი მთელი ერთი კვირის განმავლობაში მათ ჩვენი ოფისიდან არ წაუღიათ. ჩვენ ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთების მეშვეობით ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის ინფორმირების შემდეგ დაინტერესდა პოლიცია, მოგვაკითხეს და წაიღეს ეს თითის ანაბეჭდის ფირები”.

პოლიცია დღეს აცხადებს, რომ ეს თითის ანაბეჭდები გიორგი დოიჯაშვილისაა და მტკიცებულებად მოიხმობს ამოცნობის დროს მომხდარ პარადოქსს: დოიჯაშვილმა ხელი აქეთ დაადო ჩვენს კოლეგას, სოზარ სუბელიანს და თქვა, რომ სკამი მას სწორედ სუბელიანმა ესროლა. ლევან რამიშვილს ესეც საეჭვოდ მიაჩნია [რამიშვილის ხმა]: “მე მაშინ დავიჯერებ, რომ ეს პოლიციის დადგმული სპექტაკლი არ იყო, როცა ბატონი კობა ნარჩემაშვილი მოახერხებს, ვანო ჩხარტიშვილს ამოაცნობინოს მის მიერ დაზარალებული მეანაბრეები, რომ კი, შენ ნამდვილად ჩემი ბანკის მეანაბრე იყავი და მე მოგპარე ის ფულიო”.
XS
SM
MD
LG