Accessibility links

ახლო აღმოსავლეთი ახალი ძალადობის საფრთხის წინაშე


ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება. პალესტინელთა ინფორმაციით, ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული იერიშის შედეგად 14 ადამიანი,

მათ შორის 8 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი ადამიანი, სხვადასხვა სახის ჭრილობებით, საავადმყოფოშია მოთავსებული. გარდაცვლილთა შორისაა ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" გასამხედროებული ფრთის "იედდინ ალ-ყასემის ბრიგადის" მეთაური, შეიხი სალაჰ შაჰადე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დაეძებდა ისრაელის ხელისუფლება. ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერის მკვლელობამ უკიდურესად აღაშფოთა პალესტინელები, ხოლო სამშაბათს გაკეთებულ მიმართვაში,"ჰამასის" დამფუძნებელმა და სულიერმა ლიდერმა აჰმედ იასინმა თავის მომხრეებს შურისგებისაკენ მოუწოდა.

ახლო აღმოსავლეთში ძალადობას ბოლო არ უჩანს. "ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებისა და ტერორისტული აქტების შედეგად 1780 პალესტინელი და 778 ისრაელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს. მსხვერპლთა შორის ბევრია ქალი და ბავშვი, რაც საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენალის" 23 ივლისის სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა ისრაელის არმიის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისა და ღაზის სექტორის დასახლებულ პუნქტებზე განოხორციელებული საავიაციო იერიშების შემდეგ.

სამწუხაროდ, მსხვერპლთა რაოდენობა 22 ივლისს კიდევ 14 პალესტინელით გაიზარდა. თუმცა, როგორც ისრაელის ხელისუფლება ირწმუნება, მას მხოლოდ"ჰამასის"
ერთ-ერთი აქტიური ლიდერის სალაჰ შაჰადეს განადგურება სურდა და არა უდანაშაულო ადამიანებისა, რომლებიც, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა შაჰადეს ბინაში არსებული დიდძალი საბრძოლო მასალის აფეთქების შემდეგ დაიღუპნენ. ამასთან, ისრაელის ლიდერი არიელ შარონი სამშაბათსვე გამოეხმაურა ღაზის სექტორში განხორციელებულ ოპერაციას და განაცხადა:

[არიელ შარონის ხმა] "ჩვენ, რასაკვირველია, არასოდეს ვებრძვით სამოქალაქო პირებს და ყოველთვის ვწუხვართ, როდესაც უბრალო მოქალაქეები ზარალდებიან. მაგრამ ეს ოპერაცია, ჩემის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და, რა თქმა უნდა, მოითხოვს, რომ ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვიყოთ."

ღოგორც ირკვევა, არიელ შარონს საბრძოლო მზადყოფნა ამაოდ არ უხსენებია. ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერისა და 13 ადამიანის მკვლელობამ უკიდურასად აღაშფოთა არაბები. 23 ივლისს "ჰამასის" სულიერმა ლიდერმა აჰმედ იასინმა, კერძოდ, განაცხადა, რომ ამიერიდან ისინი წყვეტენ ყოველგვარ მშვიდობიან მოლაპარაკებას ისრაელთან და თავის მომხრეებს მკაცრი შურისგებისკენ მოუწოდა.

[აჰმედ იასინის ხმა] `"ამიერიდან უკვე შეუძლებელია მხოლოდ სიტყვებით გაეცეს პასუხი იმგვარ ხოცვა-ჟლეტას, რაც გასულ ღამეს ისრაელმა დაატრიალა."

ამ მოწოდების შემდეგ, სამშაბათს დილით რამდენიმე ათასი აღშფოთებული არაბი გამოვიდა ღაზის ქუჩებში. ხოლო გუშ-კატაფის დასახლებულ პუნქტში ორი შეიარაღებული პალესტინელი დაიღუპა ისრაელის სამხედრო პოსტზე თავდასხმის შედეგად. ანალოგიური შემთხვევა განმეორდა დევნილთა ბანაკ ჯაბალიაში, სადაც სამხედროებთან შეტაკებების დროს რამდენიმე პალესტინელი დაიჭრა.

23 ივლისს პალესტინის ხელმძღვანელობამ თხოვნით მსოფლიო თანამეგობრობას, რათა დაიცვას პალესტინელი ხალხი ისრაელის აგრესიისგან. ღაზაში მომხდარ ტრაგიკული ინცინდენტს სამშაბათს გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად მასზე დაკისრებული მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობისა, ისრაელმა არ გააკეთა ყველაფერი, რათა თავიდან აეცილებინა უდანაშაულო ბავშვების მსხვეპლი.
XS
SM
MD
LG