Accessibility links

logo-print

აფრიკაში აღმოჩენილი თავის ქალა ეჭვქვეშ აყენებს თეორიას ადამიანის წარმოშობის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა; თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო სამი წლის მანძილზე დმანისში აღმოჩენილი უძველესი

ადამიანის ნაშთებმა, შესაძლოა, შეცვალოს მეცნიერთა წარმოდგენები ადამიანის ევოლუციის შესახებ. კერძოდ, დმანისური აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს აქამდე არსებულ მოსაზრებას, რომ უძველესი ადამიანის სამშობლო აფრიკა იყო. მეცნიერთა მეორე ვერსიით, უძველეს დროში ადამიანის წინაპარი კავკასიაში დღევანდელი პალესტინის გავლით აღმოჩნდა. მაგრამ ამას წინათ გაკეთებული აღმოჩენების ფონზე, ჩვენი “დმანისელები” ძუძუმწოვარა ბავშვებად გამოიყურებიან. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემაში “ათასწლეულთა მიჯნაზე”.

თამარ ჩიქოვანი:
სამი წლის წინათ დმანისში აღმოჩენილმა ორმა თავის ქალამ დიდი გამოცოცხლება გამოიწვია პალეონტოლოგთა წრეში. ჰომო ერექტუსის ორი თავის ქალა 1,7 მილიონი წლით დათარიღდა. ეს კი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის, რადგან ამ აღმოჩენით ორჯერ გაიზარდა ევროპაში ადამიანის არსებობის ისტორიის ხანგრძლივობა. ესპანეთის, იტალიისა და სამხრეთი საფრანგეთის შემდეგ, პირველი ევროპელის ნაშთი საქართველოში იპოვეს, რითაც დადასტურდა, რომ საქართველო მდებარეობდა მიგრაციის დიდი გზების გასაყარზე და რომ სწორედ კავკასიის გავლით მოხდა აფრიკიდან წამოსული პრეისტორიული ადამიანი ევროპაში.

მცირე ექსკურსი დმანისის ექსპედიციის შესახებ – დმანისის ნაქალაქარზე გათხრები რამდენიმე ათეული წელია, მიმდინარეობს. 1983 წელს შუა საუკუნეების ორმოებში ნაპოვნ ძვლებში პროფესორმა აბესალომ ვეკუამ მარტორქის კბილი აღმოაჩინა, რამაც იმავე წელს ნაპოვნ სხვა ნამარხებთან ერთად საშუალება მისცა, განესაზღვრა ამ შრეების გეოლოგიური ასაკი – ადრე პლეისტოცენი. შემდეგ წელს პირველი ქვის იარაღებიც იპოვეს, 1984 წლიდან კი ნათელი გახდა, რომ დმანისში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ ადრეული ადამიანის ცხოვრების ნაშთებია შემონახული. 1984-89 წლებში სამუშაოები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. დმანისის ძეგლის შესწავლაში ახალი ეტაპი 1991 წელს დაიწყო – მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა ჰომინიდის ქვედა ყბა. ეს დაემთხვა პროექტში გერმანელი არქეოლოგების ჩაბმას, რამაც ხელი შეუწყო დმანისში სამუშაოების გაფართოებასა და საერთაშორისო აღიარებას.

ინტერდისციპლინარულ სამუშაოებში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი, ესპანელი კოლეგები. წლევანდელმა აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ეს ინტერესი უსაფუძვლო არ არის. წელს დმანისში, დაახლოებით იმავე ადგილას, იპოვეს მესამე თავის ქალა, რომელიც მილიონ 750 ათასი წლით დათარიღდა. სამი წლის წინათ აღმოჩენილ თავის ქალებთან შედარებით, მესამე უფრო პატარაა. “ახალი დმანისელი” ადამიანის ტვინის მოცულობა 600 კუბური სანტიმერტია – თანამედროვე ადამიანის ტვინზე ორჯერ ნაკლები. არადა, დმანისის აღმოჩენებამდე ითვლებოდა, რომ პირველმა ადამიანებმა აფრიკა დაახლოებით 1 მილიონი წლის წინათ დატოვეს, მათ ჰქონდათ მოზრდილი ტვინი და საკმაოდ განვითარებული ქვის იარაღები. დმანისის ადამიანები იყენებდნენ ქვის უმარტივეს იარაღს, დაახლოებით ისეთს, როგორიც აღმოსავლეთ აფრიკაში იქნა აღმოჩენილი.
დმანისში არქეოლოგიური გათხრები ახლაც გრძელდება. ექსპედიციის ხელმძღვანელის დავით ლორთქიფანიძის თქმით, დმანისის ექსპედიციას ჟურნალი “ნეშენალ ჯეოგრაფიკი” აფინანსებს.

ელენე ლორთქიფანიძე:
აფრიკის კონტინენტის იმ ნაწილში, რომელსაც უწინ უგულებელყოფდნენ, პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ადამიანის წინაპრის თავის ქალა – უძველესი დღემდე ნაპოვნთა შორის. ამ აღმოჩენამ მეცნიერთა აღფრთოვანება გამოიწვია. მათი თქმით, ის იძლევა საშუალებას, თვალი შევავლოთ დედამიწის არსებობის იმ პერიოდს, რომლის შესახებ დღეს თითქმის არაფერი ვიცით.

ადამიანი-მხეცი ერთ დროს ბინადრობდა ჩრდილო-ცენტრალურ აფრიკაში – დღევანდელი ჩადის რესპუბლიკაში, რომელიც ლიბიასა და ნიგერიას ესაზღვრება. ეს არსება არც ადამიანია და არც მაიმუნი. მას ორივეს დამახასიათებელი ნიშნები აქვს.

თავის ქალა იპოვა პალეონტოლოგების ჯგუფმა, რომელსაც ფრანგი მეცნიერი მიშელ ბრიუნე ხელმძღვანელობს. ქალა, რომელიც აქამდე უცნობ არსებას ეკუთვნის, თითქმის მთლიანად არის შემონახული. მისი ასაკი დაახლოებით 7 მილიონი წელია.

იმის გასააზრებლად, რას ნიშნავს ეს პერიოდი, წარმოიდგინეთ, რომ 7 მილიონი წელი ერთი დღე-ღამეა – 24 საათი. მაშინ იესო ქრისტე 24 წამის წინ დაიბადებოდა.

პალეონტოლოგებისთვის, ვინც სიცოცხლის პრეისტორიულ ფორმებს სწავლობს, და ანტროპოლოგებისთვის, რომელთა დაკვირვების საგანი ადამიანის ბუნებაა, აღმოჩენას უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს – მას ჩვენ ადამიანის წარმოშობის გამოცანის ამოხსნისკენ მივყავართ.

სტატია აღმოჩენის შესახებ ბრიტანეთის ჟურნალ “ნეიჩერის” ივლისის ნომერში დაიბეჭდა. ჟურნალის პალეონტოლოგიის განყოფილების რედაქტორი ჰენრი ჯი ამბობს, რომ ქალა აქამდე უცნობ არსებას ეკუთვნის, ადამიანის სახიან მაიმუნს.

[ჰენრი ჯის ხმა] “უკნიდან ის შიმპანზეს ჰგავს. ტვინის ღრუ გარკვეულწილად შიმპანზეს ტვინის ღრუს მსგავსია. მაგრამ წინიდან ის საოცრად გვაგონებს ადამიანს”.

ჯის თქმით, ეს აღმოჩენა მოგვაგონებს უძველესი ადამიანის თავის ქალას, რომელიც პირველად 1856 წელს გერმანიაში, ნეანდერტალში, ანუ ნეანდერის ველზე იქნა ნაპოვნი. მაგრამ ნეანდერტალელი (ასე დაერქვა ამ პირველყოფილ ადამიანს), “სულ რაღაც” 30 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა.

იმ არსებას, რომელსაც აფრიკაში აღმოჩენილი თავის ქალა ეკუთვნის, დაარქვეს “ტოუმაი”, რაც ადგილობრივი ტომის – გორანის – ენაზე “სიცოცხლის იმედს” ნიშნავს.

მიშელ ბრიუნე, რომელსაც ჰენრი ჯი “პალეონტოლოგთა პალეონტოლოგს” უწოდებს, ამბობს, რომ აღმოჩენა მას მოწიწებას ჰგვრის:

[მიშელ ბრიუნეს ხმა] “ყველა მახასიათებელი ადამიანისაა, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქათ, რომ თავის ქალა ადამიანის შტოს ეკუთვნის. და ევოლუციის თეორიის მიხედვით, ძალიან ახლოსაა საწყისთან, ამოსავალ წერტილთან.”

ჰენრი ჯი აღნიშნავს, რომ ჩადის აღმოჩენას უდიდესი გავლენა ექნება პალეონტოლოგიისა და ანტროპოლოგიის დარგებზე, ორი პრინციპული მიზეზით: [ჰენრი ჯის ხმა] “პირველი: ის ეკუთვნის იმ პერიოდს, რომლის შესახებ ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით. ეს გულისდამწყვეტია, ვინაიდან ეს ის პერიოდია – 10-დან 6-ს მილიონამდე წლის წინანდელი – როცა ადამინის ოჯახი ცალკე ერთეულად გადაიქცა, როცა გამოეყო შიმპანზეს ან იმას, რაც შემდეგ გადაიქცა შიმპანზედ. მაგრამ მეორე რამ, როცა კარგად დააკვირდებით, ის არ არის, რასაც ევოლუციის თეორიიიდან გამომდინარე მოელით, და რაც ასე უნდა ჟღერდეს: ‘აი, აქ ჩვენ თანდათან ჩამოვშორდით რაღაც მაიმუნისმაგვარს და შევიძინეთ თანამედროვე ნაკვთები.’ აქ საქმე გვაქვს ძველისა და თანამედროვის ამაღელვებელ ნარევთან.”

ზოგიერთმა “ტოუმაი” (როგორც ზემოთ ვახსენეთ, აღმოჩენილი თავის ქალის პატრონს ეს სახელი შეარქვეს), შესაძლოა, ევოლუციის დაკარგულ რგოლად მიიჩნიოს, რგოლად, რომელიც აკავშირებს ადამიანსა და მაიმუნს, და რომელსაც უკვე დიდი ხანია ეძებენ. მაგრამ ჰენრი ჯის თქმით, ტოუმაი საერთოდ აუქმებს ამ დაკარგული რგოლის ცნებას.

ჩადის აღმოჩენა ადასტურებს ანტროპოლოგებს შორის ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომ ადამიანის ევოლუცია კომპლექსური, ან, მათ ტერმინოლოგიას თუ მივთართავთ, “ბუჩქური” იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ შიმპანზესა და ადამიანის წინაპრების შექმნამდე, ბუნება აშკარად ატარებდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა სახის პრეისტორიულ ადამიანებსა და მაიმუნებზე. და სანამ, საბოლოოდ, ეს ორი შტო წარმოიშვა, როგორც ჩანს, შეიქმნა ბევრი წარუმატებელი სახეობა, რომელთა კვალი დროთა განმავლობაში დაიკარგა.

ჩადის აღმოჩენა უდავოდ უბიძგებს მეცნიერებს, აფრიკაში ახალი ექსპედიციები მოაწყონ და, იქნებ, იმ კონტინენტებსაც მიაპყრონ ყურადღება, რომელთა მიმართ პალეონტოლოგები უწინ სათანადო ინტერესს არ იჩენდნენ.
XS
SM
MD
LG