Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიათა გაერთიანება იშლება?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, მართლდება სკეპტიკოსთა პროგნოზი პარტიათა კოალიციის უპერსპექტივობის თაობაზე. ხელისუფლების კრიმინალიზაციის ტენდენციებთნ ბრძოლის მიზეზით კოალიციის

შექმნის ორი კვირის თავზე 8 სუბიექტიან კოალიციას მწვანეთა პარტია ტოვებს. მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის განმარტებით, ეს ერთგვარი პროტესტია კოალიციის რიგებში არსებული დამოკიდებულების მიმართ.

მწვანეთა პარტია შეურაცხყოფილია კოალიციის შიგნით მის მიმართ არსებული დამოკიდებულებით. მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, პარტია ამ გაერთიანებაში დარჩენას არ აპირებს, რადგან ოპოზიციური პარტიების არც მეორე და არც მესამე შეხვედრის თაობაზე მათთვის არავის უცნობებია. ეს კი, გიორგი გაჩეჩილაძის აზრით, მწვანეების უპატივცემულობაზე მეტყველებს.
გულახდილად რომ ითქვას, ამ ორი კვირის წინათ, როცა, პრეზიდენტის შეწყალების ჟესტის საპასუხოდ, 8 პოლიტიკურმა პარტიამ ხელისუფლების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა აღიარა, ბევრს აეჭვებდა ამ გაერთიანების სიცოცხლისუნარიანობა, პირველ რიგში, თავად გაერთიანებაში შემავალი პარტიების განსხვავებულობის გამო. მართალია, ოპტიმისტები პარტიების გაერთიანების მცდელობას თვითგადარჩენის ჯანსაღი ინსტინქტით ხსნიდნენ, მაგრამ, ეტყობა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ხანგძლივი თანამშრომლობისათვის.
როგორც ჩანს, ერთიანობის გამოცდის თვალსაზრისით, გადამწყვეტ როლს ითამაშებს თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებული მოვლენები. როგორც გახსოვთ, საკრებულოს შედეგებს კოალიციაში შემავალი სამი პარტია აპროტესტებს – ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი, ედპ და სახალხო პარტია. მართალია, სამივე პარტიის აზრით, არჩევნების შედეგი გაყალბებულია, მაგრამ შემდგომი მოქმედების გეგმა განსხვავებულად წარმოუდგენიათ. ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი საკრებულოს მუშაობის დაწყებასა და, პარალელურად, ხმების გადათვლას მოითხოვს. სახალხო პარტია და ედპ – ჯერ ხმების გადათვლას და მხოლოდ შემდეგ - საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას. სახალხომ და ეროვნულ-დემოკრატებმა ამ ორიოდე კვირის წინ საოლქო სასამართლოში კი წააგეს ეს სარჩელი, მაგრამ საოლქოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და სარჩელით უზენაეს სასამართლოს მიმართეს.
ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტის ლიდერ მიხეილ სააკაშვილს თბილისის საკრებულოს მუშაობის დაწყების გაურკვეველი ვადით გადადება ხელისუფლების, კერძოდ, პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის ჩანაფიქრად მიაჩნია. 23 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის მითითებით, იუსტიციის სამინისტრო აპირებს რეგისტრაციაში გაატაროს და დააკანონოს თბილისის ძველი საკრებულოს ნორმატიული აქტები, რითაც ავტომატურად დაკანონდება ძველი საკრებულოს მუშაობის გაგრძელება. ასეთ შემთხვევაში იგი არ გამორიცხავს თბილისში “იუგოსლავიის სცენარის” გამეორების შესაძლებლობას.
საკითხს სხგაგვარად აფასებს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, რომელიც არ აპირებს უზენაესი სასამართლოდან სარჩელის გამოტანას, რადგან დარწმუნებულია, რომ უკანონო საკრებულო საქმეს არ არგებს. ამ მოსაზრების დასადასტურებლად მას მაგალითად მოჰყავს პარლამენტი, რომელიც გაყალბებით აირჩა და ამის გამო საკუთარ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს.
XS
SM
MD
LG