Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ორი ავტონომიის ხელისუფლებათა შორის დაპირისპირება მწვავდება


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის გასვლით სხდომაზე ავტონომიის მეთაურმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დასარეგულირებლად გადადგმულ მის

ნაბიჯებს ცენტრალური ხელისუფლება ბლოკავს. ამას პრეზიდენტი შევარდნაძე გამოეხმაურა და თბილისსა და ბათუმს შორის დროებით მინელებული პოლიტიკური კონფლიქტი კვლავ გაჩაღდა. ახლა ბრძოლაში ასლან აბაშიძის ახალი პარტნიორი ჯონდი ბაღათურიაც ჩაერთო.

ასლან აბაშიძემ ქობულეთში, საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას, ისიც განაცხადა, რომ აფხაზეთიდან დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლება უნდა გაუქმდეს. მისი აზრით, ლეგიტიმური ხელისუფლება აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას უშლის ხელს. ახლა ამ განცხადების რეალურობის დასამტკიცებლად დაპირისპირებაში ჯონდი ბაღათურია ჩაება, რომელიც ადგილობრივ არჩევნებამდე შეუერთდა აბაშიძის აღორძინების კავშირს.

24 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლება აფხაზ სეპარატისტებთან კავშირში ამხილა. მისი განცხადებით, 2002 წლის 1 ივნისს სოფელ რუხში - იქ, სადაც აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების ოთხმხრივი კომისია იკრიბება ხოლმე - საქართველოს და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სეპარატისთა კორუფციული გარიგება შედგა.

[ბაღათურიას ხმა] „აფხაზ სეპარატისტებს, რა თქმა უნდა, გასამრჯელოს მიღებით, გადაეცა 25 ათასი ცალი პასპორტი (საკითხი ეხება ძველი საბჭოთა პასპორტების გადაცემას). ეს არის, პირდაპირ გეტყვით, სამშობლოს ღალატი. ჩვენი ინფორმაციით, შეიძლება მეტჯერ იყო, ეს უკვე მესამე, მაგრამ ეს იყო მსხვილი გატანა საბჭოთა პასპორტების.“[სტილი დაცულია]

ბაღათურიას აზრით, რუსეთი აფხაზ სეპარატისტებს პასპორტებს მეთვალყურეობის ქვეშ გადასცემს, რადგან არ სურს საბჭოთა პასპორტები აფხაზეთში მყოფმა ავღანელმა და არაბმა ტერორისტებმა მიიღონ. საქართველოს ხელისუფლების წყალობით კი, მათ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების საშუალება ეძლევათ. აღორძინების კავშირის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ აფხაზ სეპარატისტებთან აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები ბენზინის, თხილის, იარაღის, ნარკოტიკებისა და ჯართის ბიზნესით არიან დაკავშირებულნი. ბაღათურია დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელთა თბილისური სიმდიდრითა და კეთილდღეობით იმის დამტკიცებასაც ცდილობს, რომ მათ ხელს არ აძლევთ დანგრეულ და გაპარტახებულ აფხაზეთში დაბრუნება.


იგი არც ცენტრალურ ხელისუფლებას ივიწყებს და შევარდნაძეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მზადყოფნას, ხოლო ჟვანია-სააკაშვილს ევროსაბჭოში ისეთი დოკუმენტის მომზადებაში თანამონაწილეობას აბრალებს, რომელიც თითქოს აფხაზეთისთვის სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტის მინიჭებას მოითხოვს. ბაღათურიას თქმით, სწორედ ამიტომ იბლოკება რუსეთში ასლან აბაშიძის სამშვიდობო მოლაპარაკებები.

[ბაღათურიას ხმა] „ბოლოს ხელოვნურად მოხდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, აი, ამ მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა. აი, ამ პერიოდში მომზადებული იყო და მოლაპარაკება იყო შემდგარი, რომ ღალიძგამდე, მიდიოდა აქეთკენ მოლაპარაკება, რომ პირველი ეტაპი უნდა ყოფილიყო საზღვრის გადატანა ღალიძგაზე, რაც, ბუნებრივია, ძალიან წარმატებული პროცესი უნდა ყოფილიყი.“[სტილი დაცულია]

თამაზ ნადარეიშვილი ამ განცხადებებს და მის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს ასეთ კომენტარს უკეთებს:

[ნადარეიშვილის ხმა] „ეს არის უბრალოდ მონური ფსიქოლოგია, როდესაც ცდილობენ გარკვეული პიროვნებები ასიამოვნონ თავის უფროსს. ამიტომ ხან გამოხტება გელბახიანი, ხან გამოხტება ბაღათურია, ხან კიდევ გამოხტება ვიღაცა, რადგანაც მე ძალიან გულწრფელად განვაცხადე 7 თვის უკანაც და ახლაც, რომ ბატონი ასლან აბაშიძე ვერაფერს ვერ გააკეთებს.” [სტილი დაცულია]

ნადარეიშვილზე ეს თავდასხმები მაშინ გახშირდა, როდესაც მან და დევნილმა ხელისუფლებამ გაეროს 500 ათასი ხელმოწერა გადასცა, აფხაზეთში მშვიდობის ძალით დამყარების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG