Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად, ჩრდილოვანი ეკონომიკით არსებობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ეკონომისტები ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობას ხშირ შემთხვევაში მთლიანი შიდა პროდუქტის და სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობით აფასებენ. ამ მხრივ, საქართველო დიდად ვერაფრით დაიკვეხებს,

თუმცა იმდენად დიდია ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი, რომ სოციალური მდგომარეობის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით არაობიექტური იქნებოდა.

ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ნახევარ მილიარდ დოლარზე ნაკლებია, მინიმალური ხელფასი, დაახლოებით, 6 აშშ დოლარია, თვეობით ვერ რიგდება პენსიები და სოციალური შემწეობები, კარგა ხანია, თავისი სოციალური მდგომარეობით, უკიდურესად გაღარიბებული აფრიკული, პატრიარქალური მეურნეობის მქონე, სახელმწიფოს დონეზე უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ფონი საქართველოში, მართლაც, უმწვავესია, მასობრივი შიმშილობა და სიკვდილიანობა ამ ნიადაგზე, საბედნიეროდ, არ შეინიშნება.

დღევანდელი ქართული ეკონომიკა წარმოადგენს აისბერგს, რომლის უდიდესი ნაწილიც, უბრალოდ, არ ჩანს. ოფიციალურ სტატისტიკას ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებზე დღემდე არა აქვს სრული წარმოდგენა და, ობიექტურად, ამგვარი წარმოდგენის შექმნა, მართლაც, შეუძლებელია. მაგრამ თუ ქვეყანაში ფეშენებელური სასტუმროების, ძვირადღირებული ავტომობილების, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და გასართობი დაწესებულებების სიუხვით ვიმსჯელებთ, ნათელი გახდება, რომ საქართველოს, უკეთ, მის მოსახლეობას, ავად თუ კარგად, სწორედ აისბერგის ის ნაწილი აცხოვრებს, რაც, ტრადიციულად, უხილავია.

ჩრდილოვანი ეკონომიკა იმ ტიპის ეკონომიკა გახლავთ, რომელიც არ ექვემდებარება აღრიცხვას, არ იხდის სახელმწიფო გადასახადს და, ფაქტობრივად, არ ემორჩილება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საკანონმდებლო ნორმებს. მიუხედავად ამისა, საქართველოში, რეალურად, ყველაფერი იბეგრება და ნებისმიერმა საგადასახადო თუ საბაჟო სამსახურმა იცის, თუ სად რა სიმძლავრის და წარმადობის ობიექტი ფუნქციონირებს, რა ტიპის და რაოდენობის ტვირთი მოძრაობს და ვინ რა სახის მომსახურებას ეწევა.

ყველასათვის ნათელია, რომ, როდესაც აუცილებელი სასიცოცხლო მინიმუმი 100 ლარზე მეტია, შეუძლებელია 14 ლარად ადამიანმა, ელემენტარულად, იარსებოს. უბრალოდ, ის ბეგარა, რომელსაც არალეგალური, ანუ ჩრდილოვანი, მეწარმე იხდის, მიდის ცალკეული ჩინოვნიკების ჯიბეში და არანაირად არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში. ჩრდილოვანი ეკონომიკით იკვებება ჩვეულებრივი მოსახლეობაც, იკვებება ბიუროკრატიული იერარქია და ხშირად სახელმწიფოც, მაგალითად, არჩევნების დროს, სარგებლობს ჩრდილოვანი სალაროთი, თუმცა ისიც - არალეგალურად. ანუ შეკრულია კლასიკური მაფიოზური წრე.

არსებობს მოსაზრება, რომ თუ ხელისუფლება ერთი ხელის დაკვრით მოინდომებს ამ სექტორის ლეგალიზებას და მაფიასა და კორუფციასთან ბრძოლას, შეიძლება საფრთხე შეექმნას თავად სახელმწიფოებრიობას და კატასტროფული კატაკლიზმების პროვოცირება მოხდეს. ეს მოსაზრება იმთავითვე არასწორია და, ძირითადად, სწორედ კორუმპირებული ჩინოვნიკების იდეოლოგიურ საფრთხობელას წარმოადგენს. თუ სახელმწიფო ქვეყანაში დაამყარებს წესრიგს, რაც მისი უპირველესი მოვალეობაა, ბიზნესს შეუქმნის ნორმალურ გარემოს და იმ მარცხენა შემოსავლებს, რაც ცალკეული ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს, ეს მხოლოდ მოსახლეობას წაადგება: გაიცემა ხელფასები და შემწეობები, გაჩნდება საინვესტიციო კაპიტალი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და სახელმწიფოც შეძლებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მას აკისრია და რაც დღეს მხოლოდ დეკლარაციების დონეზე არსებობს.
XS
SM
MD
LG