Accessibility links

logo-print

რამდენი დრო სჭირდება საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 24 ივლისს მოსკოვში დაიწყო მოლაპარაკება, რომლის მიზანია რუსეთსა და საქართველოს შორის ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის შეთანხმება.

დელეგაციების ხელმძღვანელები – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და რუსეთის დუმის დსთ- ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი იმედს გამოთქვამენ, რომ ხელშეკრულების პროექტი შემოდგომისთვის მზად იქნება.

პრეზიდენტები შევარდნაძე და პუტინი გასულ კვირას სატელეფონო საუბრის დროსაც შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ აუცილებელია დაჩქარდეს
რუსეთ-საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების მომზადების პროცესი . ოპტიმისტური პროგნოზით, ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტი შემოდგომისთვის მზად იქნება და პრეზიდენტები შეხვედრისას მას ხელს მოაწერენ. სხვა საქმეა, ხომ არ ელის ამ დოკუმენტს, რომელიც ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია, 1994 წელს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ბედი, როცა საქართველომ ცალმხრივად მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიკაცია, რუსეთის დუმას კი დღის წესრიგშიც არ შეუტანია ეს საკითხი. მაშინ რუსეთის კანონმდებლები თავის უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის, მეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების მიმართ აფხაზეთის პრობლემით ხსნიდნენ. ასე რომ, ვინაიდან, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, ამ წლების განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, გამორიცხული არ არის, რუსეთის დუმამ ამჯერადაც სიჯიუტე გამოიჩინოს და კვლავ პრობლემები შექმნას ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში.
ამ კვირაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ “შეფარვით” ოპტიმიზმი გამოხატა რუსეთის, როგორც აფხაზეთის კონფლიქტში შუამავალი ქვეყნის, შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ორშაბათის რადიოინტერვიუში მან პრეზიდენტ ბუშისგან მიღებული წერილის დეტალებზე საუბრისას შენიშნა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ყურადღება გამახვილებულია პოზიტიურ როლზე, რომელიც, შესაძლოა, რუსეთმა შეასრულოს – გთხოვთ, ამას მიაქციოთ ყურადღება, ამას ამერიკის პრეზიდენტი წერს – და ასრულებს კიდეც, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ისევე, როგორც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მხრივ. ეს ახალი მოვლენაა, როცა აშშ-ის პრეზიდენტს სჯერა იმისა, რომ რუსეთს შეუძლია დადებითი როლი, საჭირო როლი შეასრულოს კონფლიქტების მოგვარებაში.”
ამ ეტაპზე კი რუსეთს იმის დამტკიცება მოუხდება, რომ საქართველოში არსებული ორი სამხედრო ბაზის გასაყვანად 10 წელიწადი სჭირდება. მოსკოვში 24 ივლისს დაწყებულ მოლაპარაკებებზე ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების ყველაზე მწვავე და პრინციპული საკითხების განხილვას შეუდგნენ. ეს საკითხები ახალქალაქსა და ბათუმში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადებს ეხება. ის, რომ ბაზები საქართველოდან გავა – ეჭვქვეშ არ დგას. კამათის საკითხად ისევ ვადები რჩება. რუსეთის მხარისგან განსხვავებით, საქართველოს ბაზების გაყვანა სამ წერიწადშიც სრულიად რეალურად მიაჩნია. ამ მოსაზრების დასაბუთება ირაკლი მენაღარიშვილს, ბორის პასტუხოვის გარდა, რუსეთის ვიცე-პრემიერ კლებანოვთანაც მოუხდება, რომელსაც 25 ივლისს შეხვდება.
XS
SM
MD
LG