Accessibility links

logo-print

აფხაზეთის საკითხი და პოლიტიკური პროცესი


პირდაპირ ან ირიბად, აფხაზეთის პრობლემის გააქტიურება ყოველთვის კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება. 1999 წელს ამ პრობლემის გადაჭრას საქართველოს მოსახლეობას ცალ-ცალკე

ჰპირდებოდა ორი პოლიტიკური ცენტრი – თბილისის და ბათუმის. არჩევნების შემდეგ კი აფხაზეთის თემამ აქტუალობა დაკარგა მანამ, სანამ ასლან აბაშიძე პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად არ დაინიშნა აფხაზეთის მოწესრიგების საკითხში.

დღეს პრეზიდენტსა და მის პირად წარმომადგენელს შორის უთანხმოებაა: ასლან აბაშიძე უკმაყოფილოა ედუარდ შევარდნაძით, ედუარდ შევარდნაძე კი შენიშვნებს ასლან აბაშიძის მიმართ გამოთქვამს. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით პოზიციების სერიოზულ “აცდენასთან” გვაქვს საქმე.

ია ანთაძე გესაუბრებათ აფხაზეთის საკითხის კავშირზე ერთიან პოლიტიკურ პროცესთან.

შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე საუბარი ძალიან ხშირად წინასაარჩევნო დაპირებებს ემთხვევა. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ძლიერი პარტიები თუ ბლოკები ამომრჩეველს სწორედ სტრატეგიული საკითხების მოგვარებას ჰპირდებიან. ამგვარი კი საქართველოსთვის, პირველ რიგში, აფხაზეთია.

ასლან აბაშიძე, როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ლიდერი, ყოველთვის მიანიშნებდა საკუთარ რესურსზე აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ პირველი ცენტრიდან ოფიციალური ნებართვისა და დავალების გარეშე ამ სახელმწიფოებრივ საკითხთან შეხების ერთადერთი გზა რჩებოდა – სახალხო დიპლომატია - რაც ასლან აბაშიძეს, ცხადია, არ აკმაყოფილებდა. არჩევნებამდე არა, მაგრამ არჩევნების შემდეგ აჭარის ლიდერმა მიიღო სტატუსი, რომელიც მას მოქმედების საშუალებას აძლევდა. რამ უბიძგა ედუარდ შევარდნაძეს ამგვარი პოლიტიკური გულუხვობისკენ, დღემდე უცნობია. თუმცა, ყოველთვის ცნობილი იყო, რომ ასლან აბაშიძეს აფხაზეთის საკითხის მოგვარების სხვა რესურსი არ გააჩნდა, გარდა მისი კავშირებისა რუსეთში.

ვიდრე აჭარის ლიდერი თავისი რესურსის ამოქმედებას ცდილობდა, პარალელურად, პირველი ცენტრი, მალხაზ კაკაბაძის მეშვეობით, პრობლემის გადაჭრის გზებს დასავლეთში ეძებდა. უშლიდა თუ არა ხელს ერთმანეთს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლისა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის ძალისხმევა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ოფიციალური პირები ერიდებიან. არაოფიციალური ვერსიის თანახმად კი, ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის საკითხის მოგვარებას, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია, არავის დაუთმობს. პრეზიდენტს თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ცხოვრების მიზანი აფხაზეთის დაბრუნებაა.

მეორე მხრივ, აფხაზეთის თემა ხშირად იჩენს თავს პრეზიდენტის მემკვიდრის კონტექსტში. მართლაც ადვილი წარმოსადგენია, რა მხარდაჭერას მიიღებს საქართველოში ის პოლიტიკური მოღვაწე, რომლის სახელსაც დაუკავშირდება აფხაზეთის პრობლემის თუნდაც ნაწილობრივ მოგვარება. ამიტომ, როდესაც შარშან შემოდგომაზე კოდორის ხეობაში სტიქიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, პრესაში გაჩნდა ვერსია, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი – კახა თარგამაძე – პრეზიდენტობას აფხაზეთში ეძებდა.

მოგვიანებით, როდესაც ქართულ ჯარში “წრთვნისა და აღჭურვის” ამერიკული პროგრამის განხორციელება დაიწყო, პრესის ვერსიით, აფხაზეთის თემა თავდაცვის მინისტრის – დავით თევზაძის – სამომავლო კარიერას დაუკავშირდა. როდესაც ამ ტალღამაც მეტ-ნაკლებად ჩაიარა, გახშირდა საუბარი პარტიზანების ულტიმატუმზე და მათ მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებზე; “ომის პარტია” ისევ გააქტიურდა და პრესაში გაჩნდა სათაური “აფხაზეთში ომი იწყება”. ზუსტად ამ დროს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ასლან აბაშიძე და ედუარდ შევარდნაძე, რაც, ფაქტობრივად, უპრეცედენტო შემთხვევაა და საკონფლიქტო საკითხის მნიშვნელობაზე მიუთითებს. უახლოეს თვეებში არც არჩევნებია, არც პრეზიდენტის მემკვიდრის ბედი წყდება და არც აფხაზეთში შეცვლილა ძალთა განლაგება. და თუ აფხაზეთის ირგვლივ ვითარების დაძაბვა გაგრძელდება, სამომავლოდ ერთ ვერსიაზე შეიძლება ვიფიქროთ. კერძოდ: პოლიტიკურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ საშემოდგომოდ დაგეგმილია სახალხო გამოსვლები და ხელისუფლების დამხობა. შეგახსენებთ რამდენიმე სათაურს მხოლოდ ორშაბათის – 22 ივლისის – პრესიდან: “საქართველოში შეიარაღებული გადატრიალება მზადდება”, “საპარლამენტო კრიზისი შემოდგომისთვის იგეგმება”, “არეულობა გარდუვალია”, “სახელმწიფო გადატრიალება ციხიდან დაიწყება”. გაზეთმა “ქრონიკამ” სატელეფონო გამოკითხვაც კი ჩაატარა თემაზე: “არსებობს თუ არა სექტემბერში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე?”. სწორედ ამ ვითარებაში აქტიურდება “ომის პარტია” - საბრძოლო მოქმედებების დაწყების თარიღიც კი ქვეყნდება; არძინბა აცხადებს, რომ “ბლიცკრიგი” აფხაზეთის წინააღმდეგ გამორიცხულია; პრეზიდენტი და მისი პირადი წარმომადგენელი კი საჯაროდ უტევენ ერთმანეთს. ეს პროცესი მიანიშნებს, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლება მართლაც გეგმავდეს ზოგიერთ საგანგებო და ძალისმიერ ღონისძიებას. მიზეზად შეიძლება ვივარაუდოთ საშემოდგომო არეულობისა თუ სახალხო ბუნტის თავიდან აცილების მცდელობა, თუნდაც, აფხაზთის ხარჯზე.
XS
SM
MD
LG