Accessibility links

logo-print

“AES თელასი” საქართველოს მთავრობას კვლავ საერთაშორისო არბიტრაჟით ემუქრება


თბილისს კვლავ მძიმე ზამთარი ელის. ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება “თბილგაზისა” და “AES თელასის” ამჟამინდელი მდგომარეობიდან.

ორივე ორგანიზაცია ფინანსურ სირთულეებს განიცდის და ამის გამო ვერ ახერხებს ზამთრისათვის მომზადებას. თუ თბილგაზს თავად აქვს უზარმაზარი დავალიანება, თელასის შემთხვევაში პირიქითაა: ადგილობრივ ორგანიზაციებს დიდძალი თანხა მართებთ საქართველოში AES კორპორაციის შვილობილი კომპანიებისა. ამას ემატება ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში, რაც “AES თელასის“ ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს და მას აიძულებს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გარკვევა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სცადოს.

AES კორპორაციის შვილობილ კომპანიათა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში „AES მტკვარია“. პრივატიზების დღიდან მისმა ენერგობლოკებმა 64 მილიონი ლარის ღირებულების ენერგია გამოიმუშავა. ამჟამად „AES მტკვრის“ მიმართ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს 50 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს. შესაბამისად, AES-ის ეს შვილობილი კომპანია ფინანსურ სირთულეებს განიცდის და ხელფასების გაცემასაც კი ძლივს ახერხებს, არათუ ზამთრისთვის სამზადისის დაფინანსებას. თუმცა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ იმედიანად განაცხადა, რომ „AES მტკვრის“ მეცხრე ენერგობლოკი 1 სექტემბერს ამუშავდება. კომპანიის ლობისტმა ირაკლი მელაშვილმა 25 ივლისს განაცხადა, რომ მინისტრის დაპირება ვერ შესრულდება, რადგან ბლოკის ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად საჭირო თანხა არ არსებობს.

მელაშვილი ეჭვობს, რომ ხელისუფლებას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გაკოტრება აქვს გადაწყვეტილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „AES მტკვრის“ მიმართ არსებული დავალიანება გაუსტუმრებელი დარჩება, რადგან საბითუმო ბაზარი ქონებას არ ფლობს. მელაშვილის თქმით:

[მელაშვილის ხმა] „გარწმუნებთ, რომ გამოიღებს ძალიან მძიმე შედეგებს არამარტო AES-თვის, არამედ მთლიანად ქართული ენერგეტიკისათვის, რაც შეიძლება გახდეს სერიოზული დავის პროცესი სახელმწიფოსა და AES-ს შორის, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ან უნდა მიიღწეს რაღაც შეთანხმება ამ საკითხებთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს ამ თანხების აკუმულირება, ან არადა, ჩვენ კიდევ ვიმეორებთ, ძალიან მძიმე ზამთარი გველის. ეს არ არის მუქარა, ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.“[სტილი დაცულია]

მეორე საკითხი, რომლის გამოც AES კორპორაცია საქართველოს მთავრობას შეიძლება დაუპირისპირდეს, თელასის ახალ საგადასახადო რეჟიმში მოქცევაა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც AES-ი საქართველოდან წასვლას აპირებდა, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ენერგია დახარჯა იმისათვის, რომ ამერიკელი ინვესტორი შეენარჩუნებინა. ახლა საქართველოს პარლამენტმა ის საგადასახადო ცვლილება გააუქმა, რომლის გამოც AES-მა საქართველოდან წასვლა გადაიფიქრა.

5 თვის მანძილზე AES თელასი და სხვა სადისტრიბუციო კომპანიები დამატებული ღირებულების გადასახადს ამოღებული თანხის მიხედვით იხდიდნენ და არა მომწოდებლებისგან მიღებული ენერგიის მოცულობის შესაბამისად. ახლა კი დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა ისე მოუწევთ, როგორც ამას საგადასახადო კოდექსის სხვა სუბიექტები აკეთებენ.

ეს ცვლილება კანონში 2 კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა ღამის 11 საათსა და 30 წუთზე შეიტანა ისე, რომ მთავრობამ არაფერი იცოდა. ასეთი საგადასახადო სისტემის არსებობის პირობებში კი უცხოელი ინვესტორები საქართველოს ენერგეტიკაში კაპიტალის დაბანდებას მოერიდებიან. მელაშვილის აზრით:

[მელაშვილის ხმა] „აი, ის მაფია, ის დიდი ენერგეტიკული დაჯგუფებები, რომლებიც მართლა უზარმაზარ ფულს აკეთებდნენ ამ სისტემაში, ისინი, უბრალოდ, კარგავენ ბოლო სადავეებსაც კი. მე არ ვამბობ, რომ ის ინვესტორები, ვინც ჩამოდიან, ყველაფერს კარგად აკეთებენ და ანგელოზები არიან, მაგრამ ფაქტი ერთია: აი, ის ხალხი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკას 10-12 წლის განმავლობაში განაგებდა, ისინი კარგავენ ყველაფერს დღეს. ეს ბრძოლა სწორედ მაგისთვის მიდის და ეს ცვლილება სწორედ მათ დასაცავად არის.“

AES-ის საყვედურების შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტში ძველი საგადასახადო რეჟიმის აღსადგენად კანონპროექტი შეიტანა, თუმცა მის მიღებამდე AES-თელასს პროტესტის საფუძველი მაინც რჩება.
XS
SM
MD
LG