Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აფერხებს თბილისის საკრებულოს მუშაობის დაწყებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი არაერთი სასამართლო პროცესისა და დადგენილების მიუხედავად, კვლავ ბურუსით არის მოცული 2 ივლისს არჩეული თბილისის საკრებულოს ბედი.

დღეს ყველაზე დიდ ოპტიმისტებსაც უჭირთ იმის პროგნოზი, თუ როდის და როგორ დასრულდება თბილისის საკრებულოს ირგვლივ შექმნილი “გაუგებრობა.” ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე კი თბილისის ძველი საკრებულო მუშაობას განაგრძობს.

ქართული კანონმდებლობის უხეირობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ირგვლივ შექმნილი სიტუაციითაც დასტურდება. შარშან ოქტომბერში, როცა პარლამენტმა პრეზიდენტს უკვე დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გადადება მოსთხოვა, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 1998 წელს არჩეული საკრებულოების მუშაობის ვადა 2002 წლის 20 ივნისამდე გააგრძელა.
თბილისის ძველი შემადგენლობის საკრებულო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ კანონის საფუძველზე, ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, უკვე განაგრძობს მუშაობას და ამ გადაწყვეტილებასაც თავისი ლოგიკა აქვს: კანონში გარკვეულად წერია, რომ ძველი საკრებულოს უფლებამოსილება წყდება მაშინ, როცა ჩატარდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა. ასეთი სხდომა თბილისის საკრებულოს არ ჩაუტარებია და, ღმერთმა უწყის, როდის ჩაატარებს.
იმის გასარკვევად, თუ, ბოლოს და ბოლოს, როდის შეასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადამოწმების შესახებ, საარჩევნო დარღვევების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავისებური ულტიმატუმი წაუყენა – 25 ივლისის საღამოს 5 საათისთვის წერილობით ეცნობებინა საპარლამენტო კომისიისთვის, თუ როდის დაიწყება ხმების გადათვლა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ დადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობის საკითხი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ სიტყვიერი განცხადება იმის თაობაზე, თუ როდის დაიწყება ბიულეტენების გადათვლა, უკვე 24 ივლისს, საპარლამენტო კომისიის მიერ მიცემული ვადის ამოწურვამდე გააკეთა. მისი ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია სამშაბათს, 30 ივლისს, შეუდგება ბიულეტენების გადათვლას. ოღონდ, რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროცედურას, კომისიის თავმჯდომარეს ამის განსაზღვრა უჭირს. შეგახსენებთ: ხმების გადათვლისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია, დამატებით, 75 ათასი ლარით დაფინანსებას ითხოვს. ფინანსთა სამინისტრო ამ თანხის მისაღებად ბიუჯეტში ცვლილების შეტანას არ გამორიცხავს. ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, თუ ბიუჯეტში ასეთი ცვლილების მიღება აუცილებელია, პარლამენტი მას მიიღებს, რადგან ყველა დაინტერესებულია, თბილისს საკრებულო ჰყავდეს.
შესაბამისად, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 ივლისიდან, ბოლოს და ბოლოს, შეუდგება ხმების გადათვლას, სექტემბრის შუა რიცხვებში საკრებულოს საბოლოო შემადგენლობა ცნობილი გახდება.
XS
SM
MD
LG