Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები გაეროს ახალი ოქმის წინააღმდეგ


ოთხშაბათ საღამოს, გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ, 35 ხმით 8-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა ოქმი "წამების დაუშვებლობის შესახებ",

რომელიც ძალადობისგან პატიმრების დაცვის მიზნით ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ოქმის მიღების მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც, მართალია, გადაჭრით ილაშქრებს წამების წინააღმდეგ, მაგრამ დოკუმენტში მოცემულ ზოგიერთ დებულებას თავსმოხვეულად მიიჩნევდა და მის განსახილველად ათწლიან ვადას ითხოვდა.

ადამიანის უფლებათა კონვენციის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის თანახმად, არავინ შეიძლება გახდეს წამებისა და ძალადობის მსხვერპლი. მაგრამ ამ პრინციპის გატარება დიდ წინააღმდეგობას აწყდება როგორც წინასწარი გამოძიების პროცესში, ისე სასჯელაღსრულების ადგილებში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ეჭვმიტანილი ხდება წამების ობიექტი. სწორედ ძალადობისა და წამების ეფექტიანი პრევენციის მიზნით შეიქმნა ოქმი "წამების წინააღმდეგ", რომლის განხილვაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მრავალწლიანი დებატების შემდეგ, 24 ივლისს დასრულდა.

წამების მეთოდების გამოყენების თავიდან ასაცილებლად, დოკუმენტი შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტებს დაუბრკოლებლად მოინახულონ იმ ქვეყნებში არსებული საპყრობილეები, რომლებიც წამების საწინააღმდეგო ოქმის რატიფიკაციას მოახდენენ. მათ შორის საუბარია იმ ციხეებზეც, სადაც თალიბანისა და "ალ-ყაიდის" წევრები იხდიან სასჯელს.

მაგრამ, როგორც ირკვევა, დოკუმენტის სწორედ ეს პუნქტი აწყდება ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გაეროში შემავალი რამდენიმე ქვეყნის და, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომლებმაც, საბოლოოდ, მხარი არ დაუჭირეს წარმოდგენილ ოქმს. გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის ჯონ დევისონის განცხადებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ გაეროს ახალი დოკუმენტი უფლებას აძლევს ინსპექტორებს, ციხეები შტატის გუბერნატორის ნებართვის გარეშე მოინახულონ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

[ჯონ დევისონის ხმა] "არსებული ოქმის ტექსტს რამდენიმე სერიოზული ნაკლი აქვს. ცალკეულ შემთხვევებში კი მთელი დებულება ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, განსაკუთრებით, როცა საქმე ისეთ სპეციფიკურ საკითხებს ეხება, როგორიცაა დამნაშავის ძიება და შეპყრობა. გარდა ამისა, ჩვენი ფედერალური აღმასრულებელი ხელისუფლების თვალსაზრისით, პროექტით გათვალისწინებული სისტემა დიდწილად თავსმოხვეული იქნება."

თუმცა, გაეროს ექსპერტები და ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ ოქმი წინგადადაგმული ნაბიჯია და იგი ერთგავარად ავსებს წამების აკრძალვის შესახებ არსებულ კონვენციას, რომელიც 15 წლის წინათ შევიდა ძალაში და 130 ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული. ამასთან, ახალ ზომები წლის დასაწყისში უკვე მოიწონა ჟენევაში მოქმედმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ, ხოლო დოკუმენტის მიღება უფლებათა დამცველების მიერ აღიარებული იქნა, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა.

თანაც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩის" ექსპერტმა რორი მანგოვენმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს განუცხადა, ოქმი არ გამორიცხავს ინსპექტირების წინ მთავრობასთან კონსულტაციას და მის წინასწარ გაფრთხილებას. მანგოვენი მიიჩნევს, რომ გაეროს ოქმი განსაკუთრებით კარგ სამსახურს გაუწევს მექსიკას, სამხრეთ აფრიკას და ყველა იმ ქვეყანას, სადაც წამება ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

[რორი მანგოვენის ხმა] "ჩემი აზრით, ახალი ოქმი განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება იმ ქვეყნებში, რომელთა მთავრობებმა გააცნობიერეს ეს საშიში პრობლემა და იგრძნეს საერთაშორისო დახმარების აუცილებლობა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ოქმი რეალურ იმპულსს მისცემს ასეთ გამოწვევებს."

აღსანიშნავია, რომ ოქმი წამების დაუშვებლობის შესახებ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას გაეროს გენერალური ასამბლეა დაამტკიცებს.

წამების დაუშვებლობის შესახებ ოქმს, ევროპის ქვეყნების გარდა, მხარი დაუჭირეს ლათინური ამერიკისა და სამხრეთი აფრიკის სახელმწიფოებმაც. რაც შეეხება მოწინააღმდეგეთა ბანაკს, აშშ-ის გარდა, მასში შედიან კუბა, ირანი, ლიბია და ჩინეთი. პირდაპირ უნდა ითქვას: ვაშინგტონისთვის არცთუ სახარბიელო კომპანიაა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG