Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განვითარების პროექტის წლიური ანგარიში


ელენე ლორთქიფანიძე ოთხშაბათს, 24 ივლისს, გაეროს განვითარების პროგრამამ, რომელიც მსოფლიოში ცხოვრების დონეს შეისწავლის, თავისი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის შემდგენლებმა წლეულს ყურადღება მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ტენდენციებზე გაამახვილეს. ანგარიშის თანახმად, გაეროს 189 წევრი ქვეყნიდან ყოველმხრივ დემოკრატიული შეიძლება ეწოდოს 82-ს. ამავე დროს, 40 ქვეყანაში, რომელთა ჯამური მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 28 პროცენტს შეადგენს, სიღარიბე მეფობს.

ანგარიშის გამოქვეყნებისას, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, პროექტის დირექტორმა მარკ მალოკ ბრაუნმა თქვა, რომ თუ ამ ქვეყნების მთავრობები ვერ შეძლებენ სიღარბისი დაძლევას, ეს შეუცვლის მიმართულებას დემოკრატიულ ტენდენციებს მსოფლიოში.

გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილემ ჟან ფაბრმა ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ მაშინ, როცა გასული ათწლეულის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ყოფილი კომუნისტური სამყაროს ქვეყნებში, დაისახა პროგრესი, მისი ნაყოფის განაწილება არათანასწორად ხდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 21 ქვეყანაში შეინიშნება ადამიანის განვითარების ინდექსის დაქვეითება. ეს ინდექსი ითვალისწინებს სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას, განათლების ხარისხსა და შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, 1990-იანი წლების განმავლობაში.

ფაბრი აღნიშნავს, რომ ყველაზე მძიმე ეკონომიკური პირობები შეიქმნა ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებში, თუმცა ასეთი რეჟიმი ბევრ ისეთ ქვეყანაშიც აღმოცენდა, სადაც ეკონომიკა სწრაფად განვითარდა (განსაკუთრებით ეს შუა აზიის ქვეყნებზე ითქმის), რაც რესურსების არათანასწორ განაწილებაზე მიუთითებს.

ფაბრის თქმით გადაუდებელი ამოცანაა ისეთი დემოკრატიის შექმნა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსახლეობას, ხმამაღლა გამოხატოს თავისი აზრი. მაგრამ ფაბრი იქვე დასძენს, რომ კარგი მთავრობა და დემოკრატია არ არის ეკონომიკური კეთილდღეობის ავტომატურად მიღწევის რეცეპტი.

[ფაბრის ხმა] “დემოკრატია ავტომატურად არ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ქვეყანას უარესისგან იცავს. ხოლო როცა ეკონომიკური ზრდა იწყება, დემოკრატია იძლევა დოვლათის უფრო სამართლიანი განაწილების საშუალებას, ვიდრე ამას სხვა ქვეყნებში ვხედავთ. ზოგადად, ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას ყველასთვის. კონფლიქტები დემოკრატიულ ქვეყნებს შორის გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის.”

ფაბრის სიტყვით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა იყოს არა მარტო დემოკრატიული, არამედ ძლიერიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერორიზმისთვის და სხვა სახის ექსტრემიზმისთვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება.

გაეროს განვითარების პროგრამა მთავრობებს სწორედ ამიტომ ეხმარება ფინანსურად. განვითარების პროგრამა გაეროს ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თავისი მილიარდდოლარიანი ბიუჯეტის 60 პროცენტი მოახმარა მოსახლეობის ტრენინგს ადმინისტრაციულ, სამართალდაცვისა და მართლმსაჯულების სფეროებში.

ანაგარიშში ნათქვამია, რომ დახმარება განვითარებადი ქვეყნებისთვის არასაკმარისია. დონორი ქვეყნების მიერ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად გაღებული სახსრები ექვსჯერ ნაკლებია, ვიდრე საკუთარი ფერმერების სუბსიდირებისთვისა. ეს კი გამოყოფილი თანხები. აპარტახებს ღარიბი ქვეყნების ისედაც სუსტ სოფლის მეურნეობას.

ჟან ფაბრის აზრით, საუკეთესო საშუალება იქნებოდა ვაჭრობის წესების შეცვლა. თუ ვაჭრობა სამართლიანი წესით იწარმოებს, ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს ღარიბი ქვეყნების განვითარებას, ვიდრე პირდაპირი ფულადი დახმარება.
XS
SM
MD
LG