Accessibility links

logo-print

ვინ დგას ჩეხი ჟურნალისტი ქალის მკვლელობის მცდელობის უკან


ჩეხეთში ცნობილი ჟურნალისტის 29 წლის საბინა სლონკოვას მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული სკანდალი პიკს აღწევს. გამოძიების ვერსიით,

შურისძიების მიზეზი გახდა პოპულარულ გაზეთ "მლადა ფრონტა დნეში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა სერია, რომელშიც სლონკოვამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ მოსკოვის კერძო ფირმებთან გაფორმებულ საეჭვო გარიგებებს ახადა ფარდა. ინტრიგას აძლიერებს ის გარემოება, რომ პოლიციის მიერ ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილიდან, ერთ-ერთი, კარელ სრბა ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მომავალი თავმჯდომარის, იან კავანის დაახლოებულ პირად ითვლება.

მსგავსად 130 ლარიანი ქართველ მოხელეებისა, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე კარელ სრბა კარგა ხანი ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ინფორმაციები მისი კორუმპირებულობის შესახებ მხოლოდ ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი იყო და რომ 330 ათას დოლარად შეფასებული ფეშენებლური სახლი და ორი მოზრდილი ფერმა მან დედის მიერ დანატოვარი ფულით შეიძინა. დედამისმა კი ფული თურმე გარდაცვლილი მეუღლის ფეხსაცმლის ყუთში აღმოაჩინა.

მაგრამ სხვა ბრალდებებს მან ვეღარაფერი დაუპირისპირა. ჩეხმა ჟურნალისტმა საბინა სლონკოვამ გასული წლის ივნისში ყოვედღიურ გაზეთ "მლადა ფრონტა დნესში" გამოაქვეყნა სენსაციური ინფორმაცია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კორუფციულ საქმიანობას შეეხებოდა.

[საბინა სალინკოვას ხმა] "ჩვენ ადგილზე შევამოწმეთ მისი კუთვნილი ქონება და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი მოხელე, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 1300 დოლარს შეადგენს, ასეთი თანხის დაგროვებას დიდ ხანი ვერ შესძლებს."

ჟურნალისტების მტკიცებით, საგარეო საქმეთა მინისტრის იმჟამინდელი თანაშემწე კარელ სრბა აგრეთვე უშუალოდ მონაწილეობდა მოსკოვში ჩეხეთის კუთვნილი შენობის გაყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებაში, რის გამოც სახელმწიფომ 3,3 მილიონი დოლარი იზარალა.

გამოძიების პროცესში, საგარეო საქმეთა მინისტრის ბიოგრაფიიდან ჟურნალისტებმა სხვა უცნობი ფურცელი, კერძოდ უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ისტორია ამოქექეს. პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ კარელ სრბას თანამდებობის დატოვება მოუწია, მაგრამ, როგორც ირკვევა, მან კარის გაჯახუნება გადაწყვიტა და ჟურნალისტის მოსაკლავად სამი ადამიანი, მათ შორის ბოჰემიელი ბიზნესმენი კარელ ჟეპიელი დაიქირავა, რომელმაც თავად აცნობა პოლიციას მკვლელობის სამზადისის შესახებ.

სკანდალის გახმაურების შემდეგ ჩეხეთის საზოგადოება კიდევ უფრო იმან აღაშფოთა, რომ მკვლელეობის მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ დიპლომატი ჩეხეთის საგარეოს საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარლამენტის წევრი იან კავანთან დაახლოებული პირი აღმოჩნდა და, რომ , მიუხედავად სრბას ბიოგრაფიაში არსებული "შავი ლაქებისა", სწორედ კავანმა შეუწყო 1998 წელს ხელი მის ელვისებურ კარიერას.

სწორედ ამიტომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვს კავანისგან, რათა მან მორალური მოსაზრებით უარი თქვას გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობაზე, რასაც ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი არ იზიარებს.

[იან კავანის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს მიზეზი გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის პოსტიდან ჩემი გადადგომისა და იმედი მაქვს, რომ საღი აზრი და რაციონალური მიდგომა მალე გაიმარჯვებს."

კავანი არც იმას გამორიცხავს, რომ სრბას მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო აღმოჩნდეს. ამასვე ფიქრობენ ეჭვმიტანილის ადვოკატი და მეუღლე , რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მკვლელები დაიქირავა ვინმე ევა ტომშოვიცოვამ, რომელსაც მისი მეუღლის საყვარლად გახდომა სურდა.

მიუხადავად იმისა, რომ ამ სკანდალური საქმის გამოძიება გრძელდება, ერთი რამ ფაქტია: შურისძიების მიზნით ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობამ სერიოზული ზიანი მიაყენა ჩეხეთის დემოკრატიას, ამიტომ იმ პირებს, რომლებიც ჩეხეთის ყოფილ საგარეოს საქმეთა მინისტრს გაეროს ასამბლეის თავმჯდომარეობაზე უარის თქმას ურჩევენ, 23 ივლისს პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველიც შეუერთდა.
XS
SM
MD
LG