Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თავისუფლება ფულის გარეშე?


“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი მატერიალური მარაგის

უდიდესი ნაწილი უნდა მოახმაროს მსოფლიოში კაპიტალიზმისა და დემოკრატიის განმტკიცებას. თავისუფალი ვაჭრობისგან განსხვავებით, ისინი ბუნებრივად არ არსებობს და იურიდიული საფუძველი სჭირდებათ. შეერთებული შტატების როლიც ეს არის - ხელი შეუწყოს საამისოდ საჭირო სტრუქტურების განვითარებას იქ, სადაც მათი ნაკლებობაა, აუცილებლობის შემთხვაში კი სამხედრო ძალაც გამოიყენოს, როგორც გააკეთა ეს 1945-ში გერმანიასა და იაპონიაში.”
ამ მოსაზრების ავტორია ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და ფინანსთა ისტორიის მეცნიერებათა პროფესორი, ორმოც წელს მიტანებული ნაიელ ფერგიუსონი, რომელიც, ამავე დროს, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორია.
ფერგიუსონმა ეს სიტყვები დაწერა წელიწადზე მეტი ხნის წინ, სექტემბრის თავდასხმებამდე. ახლა, როცა ამერიკის ეკონომიკა - ამერიკული დოლარი, საფონდო ბირჟები - კრიზისშია, აქტუალურად ჟღერს ფერგიუსონის მოსაზრება, რადგან მსოფლიო - საქმიანი მსოფლიო - დამფრთხალი, შეშინებული შეჰყურებს საბირჟო მრუდს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვემოთ მიცოცავს. არადა, ფერგიუსონის მოსაზრება, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს როლი უნდა იკისროს, უშუალოდ არის დაკავშირებული სწორედ ფინანსებთან.

თავიდან ფერგიუსონი ვარაუდობდა, რომ მის რჩევას ამერიკა არ მიიღებდა და იქვე ასახელებდა ამის მიზეზებსაც: პირველი, იმის გამო არ ისურვებენ ამერიკელები მსოფლიოს მმართველის როლი თამამად იკისრონ, რომ მათ იდეოლოგიური კომპლექსი აქვთ და არ მოსწონთ მსოფლიო მათ მბრძანებლად მიიჩნევდესო. მეორე მიზეზი, ფერგიუსონის აზრით, ის არის, რომ ამერიკელებს რუსეთის და ჩინეთის შურისძიების სრულიად დაუსაბუთებელი შიში აქვთ, და მესამე: ამერიკა ზედმეტად მგრძნობიარეა ადამიანთა დაკარგვის მიმართ.
და აი, მოხდა 11 სექტემბრის თავდასხმები. ამ ფაქტით შეძრწუნებულმა ამერიკელმა ხალხმა შეიცვალა დამოკიდებულება თავისი როლისადმი მსოფლიოში. მაგრამ ითამაშოს ეს როლი, - იოლი არ არის.
ფერგიუსონი თავის სქელტანიან ნაშრომში “ფულადი ურთიერთობები” აღწერს იმ სტრუქტურას, სახელმწიფოს მოწყობის იმ ფორმას, რომელიც მას სამხედრო საქმეში დიდი წარმატების შესაძლებლობას და, აგრეთვე, იმის საშუალებას აძლევს,რომ უმცირესი ხარჯით მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები გაიჩინოს, რაც, სხვათა შორის, საშინაო სტაბილურობის გარანტიასაც იძლევა. ეს მოდელი სახელმწიფო მოწყობისა, ფერგიუსონის თანახმად, ბრიტანეთმა მიიყვანა სრულყოფამდე. მთავარია მოდელის ოთხი ნაწილი: დემოკრატია და პარლამენტი, საგადასახადო ბიუროკრატია, სახელმწიფოს დავალიანება და ცენტრალური ბანკი. საპარლამენტო უწყებები, რომლებშიც გადასახადის გადამხდელთ, გარკვეულად, თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ, სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გაზარდოს გადასახადი, ანუ მოხდეს ბიუჯეტის ლეგიტიმირება. იმისათვის, რომ იმოქმედოს საგადასახდო სისტემამ, საჭიროა განათლებული, პატიოსანი და ქმედითი ბიუროკრატია. ძველ სისტემებში გადასახადის შეგროვება ხდებოდა ადგილობრივი მესაკუთრეებისა და კერძო ამკრეფთა მეშვეობით, რაც იმას იწვევდა, რომ ფული მათ ჯიბეებში ჩაედინებოდა. სახელმწიფოს დავალიანებისა და სახელმწიფო კრედიტების გზით შესაძლებელია დიდი ფულადი სახსრების სწრაფად და გადასახადის გაუზრდელად მოპოვება, შემდგომ კი გადასახადის ნელი ზრდა. ამგვარად შეუძლია სახელმწიფოს სოციალურ პრობლემებს მოერიოს და დრო და ენერგია მთლიანად ომის წარმართვას მიუძღვნას. თუ არა ასეთი სისტემა, გადასახადების გაზრდამ, შესაძლოა, შიდა რევოლუცია გამოიწვიოს. ყოველივე ამის მართვა - სახელმწიფოს დავალიანება და ფულის შოვნა - ცენტრალურ ბანკს ევალება.
ეს ოთხკომპონენტიანი მოდელი შეიქმნა და განვითარდა ინგლისში რევოლუციის შემდეგ, 17-ე საუკუნის ბოლოს. მისი ისტორიის აღწერისას ფერგიუსონს მოჰყავს უამრავი ნიმუში, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების, რომელიც ამ მოდელის უპირატესობას ადასტურებს, ომების შემთხვევაში.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ამ მოდელის ლამის სრულყოფილ ნიმუშს. მაგრამ ფერგიუსონი ფიქრობს, რომ შეერთებულმა შტატებმა მისი ბოლომდე გამოყენება ჯერ ვერ მოახერხა. იგი იხსენებს ოციანი წლების ბოლოს, ეგრეთ წოდებული დიდი დეპრესიის პერიოდს, როცა კაპიტალის დინება შეწყდა, და აცხადებს: ბრიტანეთს მაშინ რომ მსოფლიო ჰეგემონია არ დაეთმო, კრიზისი არ დადგებოდაო. ამასთან, გვეკითხება: ამერიკამ უარი რომ განაცხადოს თავის პასუხისმგებლობაზე, რა ეშველება გლობალურ საფინანსო სისტემასო.
ბრიტანელი პროფესორი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სხვა სახელმწიფო ან კიდევ საერთაშორისო ორგანიზაცია შეძლებს იკისროს გლობალური წესრიგის შენარჩუნება. გაერო და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ამოცანას ვერ გასწვდებიან უფულობისა და გავლენის უქონლობის გამო. ამ კონტექსტში ის ევროპის კავშირზე, საერთოდ, არ ლაპარაკობს. ამაში მას, ალბათ, მისი ბრიტანელობაც ეხმარება. ის ფიქრობს, რომ სავალუტო კავშირი არ გაამართლებს და მის წევრ სახელმწიფოებს, უბრალოდ, გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ. ფერგიუსონი თავის ნაშრომში ეკამათება იმ მკვლევრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამხედრო ხარჯებზე მომავლის აგება დემოკრატიისთვის მიუღებელია. მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა რომ, სულ მცირე, 5 პროცენტით გაზარდოს სამხედრო ხარჯები, უკვე შეძლებს ურჩ სახელმწიფოებში დემოკრატიის დამყარებას და ამას ეკონომიკური გამართლებაც ექნება: შესაბამისი ქვეყნები, მაგალითად, თუნდაც იგივე ერაყი, სულ მალე გახდება ვაჭრობის ახალი არეალი, რაც უთუოდ მოგებას მოიტანს.

ყოველივე ამასთან ერთად, ფერგიუსონმა კომფორტული მსოფლიო წესრიგის უარყოფითი მხარეც იცის, უფრო სწორად, გრძნობს ამ უარყოფითი მხარის არსებობას. ის წერს: დემოკრატია მსოფლიოში ავტოკრატიაზე გაიმარჯვებს, მაგრამ თავისუფლება ( ეკონომიკური თავისუფლება ხომ მისი ნაწილია!), თავისთავად, მოწილე არ იქნება ამ გამარჯვებაშიო. ფერგიუსონი სვამს შეკითხვას, რომელიც ადასტურებს, რომ მისთვის ამოსავალი მხოლოდ ეკონომიკა და მისი თავისუფლებაა. აი, შეკითხვაც: იქნებ თავისუფლებაზე დამყარებული ეკონომიკური წინსვლა და დემოკრატია, რომელიც თანასწრობას ანიჭებს უპირატესობას, საბოლოო ჯამში, ერთმანეთს ვერ ეგუება?
ფერგიუსონის ეს შეკითხვა დღეს განსაკუთრებით სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. სიმპტომატურია, რომ ამ მასშტაბის მეცნიერი, როგორიც ფერგიუსონია, - ახალი თაობის ბრიტანელ მეცნიერთა შორის ერთ- ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესორი, - ვერ ხსნის თავისუფლებისა და თანასწორობის კონფლიქტს. სიმპტომატურია, რომ მისთვის თავისუფლება ეკონომიკაში ბინადრობს. წესით, მას საფრანგეთის რევოლუციის მოწოდება გაგონილი უნდა ჰქონდეს: თანასწორობა, თავისუფლება და ძმობა. - თავისუფლება კულტურის სფეროში არსებობს, ეკონომიკურ სფეროში ძმობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG