Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 445-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გამარჯობათ. ახლა გთავაზობთ “მეათე სტუდიას”. რადიოჟურნალის 445-ე გამოშვებაში გიამბობთ მწვანეთა პარტიაში შექმნილ ვითარებაზე; ვიმსჯელებთ აგროტურიზმის პერსპექტივაზე საქართველოში; გავიხსენებთ საქართველოში, მთელი მისი ისტორიის მანძილზე ჩასულ ტურისტთაგან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილს: დიდ ფრანგ მწერალს ალექსანდრ დიუმას, რომლის 200-წლიანი იუბილე აღინიშნა 24 ივლისს; დაბოლოს, შემოგთავაზებთ მასალას ჯაზის ცნობილ მუსიკოსსა და კომპოზიტორზე ჯო ზავინულზე. “მეათე სტუდიას” დღეს დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

საქართველოს მწვანეთა პარტიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება

დავით კაკაბაძე:
საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, პარტიის მიმართ არა მხოლოდ იგნორირების, არამედ დევნის პოლიტიკაც ტარდება. ამ დღეებში პარტიის ლიდერმა პროტესტი გამოხატა იმ ოპოზიციური კოალიციის წინააღმდეგ, რომელიც ედპ-ის ინიციატივით შეიქმნა, თუმცა თავიდან მწვანეები მონაწილეობდნენ კოალიციის შეხვედრებში. მწვანეთა პარტიის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ გიორგი კაკაბაძე გესაუბრებათ.

გიორგი კაკაბაძე:
გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, მწვანეთა პარტია მუდამ მხარს უჭერს პოლიტიკურ გაერთიანებებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ამიტომაც მიიღო მონაწილეობა ოპოზიციურ პარტიათა პირველ შეხვედრაში. მეორე შეხვედრის შესახებ მწვანეთა პარტიამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შეიტყო.

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] “მერე გავაფრთხილეთ, რომ თუ იქნება მესამე შეხვედრა, გთხოვთ, რომ დაგვიკავშირდეთ. ეს არ მოხდა. მერე, უბრალოდ, მივხვდით, რომ, როგორც ჩანს, რაღაც სხვა პროცესებთან გვაქვს საქმე, და,პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს არის უპატივცემულობა.”

გიორგი გაჩეჩილაძემ გაიხსენა 1999 წელი, როდესაც 27-მა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შექმნა “თავისუფლებისა და დემოკრატიის ეროვნული ცენტრი”, სადაც საქმიანი და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო სუფევდა. პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, იმ დროს ხელისუფლება შეუშინდა ცენტრის საქმიანობას. [გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] “ჩვენ რომ ვაკვირდებოდით საინფორმაციო საშუალებებს, როგორ ცდილობდნენ, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ ამ გაერთიანებისა, ძალიან სასაცილო იყო. სხვათა შორის, ამ ახალ გაერთიანებასთან დაკავშირებით ასეთი ტენდენცია არ ჩანს”.

იგნორირების თემაზე საუბრისას გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო თუ კერძო ტელეკომპანიებმა არ გააშუქეს მწვანეთა პარტიის 48 პრესკონფერენცია, მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ ქუჩის აქცია.

რაც შეხება პარტიის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ აქციებს: 1997 წელს პარტიის შენობაში მოხდა ხანძარი, მაგრამ გამოძიებამ ვერ დაადგინა მიზეზი; 98 წელს, ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს, დაარბიეს პარტიის ოფისი და ამ შემთხვევაშიც გამოძიება უძლური აღმოჩნდა; 99 წლის პირველ იანვარს, ღამით, ისევ დაარბიეს პარტიის ოფისი, მოიპარეს ორი კომპიუტერი, სადაც პარტიული ინფორმაცია ინახებოდა და გამოძიება ისევ უშედეგოდ დასრულდა.

ამა წლის 2 ივნისს, ადგილობრივი არჩევნების დღეს, მწვანეთა პარტიის მანქანას თავს დაესხა სამი ბოროტმოქმედი და მძღოლს სამი ჭრილობა მიაყენა კისრის არეში. [გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] “და როდესაც შემთხვევით პოლიციის რეიდმა გამოიარა, ორი ბოროტმოქმედი გაიქცა და მესამე დაიჭირეს, როდესაც ამ დაჭრილ ადამიანს ახრჩობდა, და ყველაზე უცნაური ის არის, რომ ორი დღის შემდეგ დაპატიმრებული გაიყვანეს სასამართლოზე, ჩვენ არც კი დაგვიძახეს, და სასამართლომ გამოუშვა თავდებით, ქუჩაში გამოუშვა პოტენციური მკვლელი.”

გარდა ამისა, პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მომხდარის თაობაზე ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ გავრცელებულა.

საერთოდ, მწვანეთა პარტიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას გიორგი გაჩეჩილაძე პოლიტიკურ დევნად აფასებს. [გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] “ჩვენ ეს უკვე განცხადებული გვაქვს საერთაშორისო დონეზე, საელჩოების დონეზე საქართველოში, საერთაშორისო წარმომადგენლობების დონეზე და ეს უკვე ყველამ იცის იმიტომ, რომ ელჩებიც მოდიან, საელჩოების წარმომადგენლებიც მოდიან ჩვენთან, აინტერესებთ, რა ხდება რეალურად და ძალიან გახშირდა საზღვარგარეთული საინფორმაციო საშუალებების ვიზიტები. მაგალითად, ორჯერ იყვნენ აშშ-ის უმსხვილესი ტელეკომპანიების წარმომადგენლები, გერმანიის “დოიჩე ველესა” და საფრანგეთის “ტვ-5-ის” წარმომადგენლები”.

როგორც უკვე აღინიშნა, “ადგილობრივი” დამოკიდებულება მწვანეთა პარტიის მიმართ დიდად განსხვავდება საზღვარგარეთულისაგან. გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, არსებულ მდგომარეობას, სწორედ რომ, პარტიის საქმიანობა განსაზღვრავს. მაგალითად, პირველად მწვანეებმა წამოსწიეს საკითხი საქართველოს მიწისქვეშა წყლების აზერბაიჯანში გადინების შესახებ, აგრეთვე, დემირელის კაშხალის თემა, “რადიოაქტიური” სიგარეტისა და სხვა პრობლემები.

“ეს კი, უმრავლეს შემთხვევაში, ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების, ისე საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯგუფის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს”, – ამბობს პარტიის თავმჯდომარე.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

აგროტურიზმის პერსპექტივა საქართველოში

დავით კაკაბაძე:
საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს აგროტურიზმის ასოციაციის ინიციატივით ხორცი ესხმება ერთ საინტერესო პროექტს, რომელსაც თბილისში ევრაზიის ფონდმა შეუწყო ხელი. პროექტი გულისხმობს სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყანაში სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მოზიდვას აგრარული და ეკოლოგიური ტურიზმისათვის. პროექტი მხოლოდ წელს დაიწყო და, ბუნებრივია, ასე მალე ტურისტთა დიდი ინტერესი მოსალოდნელი არ არის, თუმცა ქართველი გლეხები - იგივე მასპინძლები პირველ სტუმრებს წელსაც მიიღებენ. დავით პაიჭაძე უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.

დავით პაიჭაძე:
აგროტურიზმი თანამედროვე ქართველისათვის შეიძლება ახალი ცნება იყოს, მაგრამ ახალს არაფერს გულისხმობს: უბრალოდ, რასაც აქამდე, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში აკეთებდა ქალაქის მოსახლეობის ნაწილი, ახლა იმავეს გააკეთებს ტურისტად ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქე. ლევან თარხნიშვილმა, სამხრეთი კავკასიის პროგრამის კოორდინატორმა ევრაზიის ფონდში, მოკლედ ასე აღწერა აგრარული ტურიზმის არსი [თარხნიშვილის ხმა]: “აგროტურიზმი და ეკოტურიზმი მსოფლიოში ტურიზმის გავრცელებული სახეობაა: ტურისტი მიდის აგრარულ ზონაში, გლეხთან და ცხოვრობს იმავე პირობებში, რომელშიც ცხოვრობს და საქმიანობს გლეხი, ანუ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მიირთმევს, სუფთა ჰაერს სუნთქავს და ა.შ. გარდა ამისა, აგროტურისტს, სურვილისამებრ, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში: ვთქვათ, დააყენოს ღვინი, ამოიყვანოს ყველი, მოუაროს ძროხას, მოხნას მიწა... ეს არის, როგორც წესი, ქალაქში მცხოვრები ადამიანი, რომელიც მოწყურებულია სოფლის ყოფას, სუფთა ჰაერს, სუფთა პროდუქტებს და მიდის, რათა ეს ერთი თუ ორი კვირა აქტიურად დაისვენოს და გაატაროს აგროარეალში”.

საქართველოს აგროტურიზმის ასოციაცია, რომელსაც ლევან ფალავანდიშვილი ხელმძღვანელობს, კარგა ხანია, მუშაობს იმ ოჯახების დასადგენად, რომლებიც ტურისტების მასპინძლობას გასწევენ. სადღეისოდ 2000 ასეთი ოჯახი უკვე არსებობს. მრავალი მათგანი უკვე რამდენიმე წელია, იღებს ტურისტებს. ევრაზიის ფონდის მონაწილეობა პროექტში იმით შემოიფარგლა, რომ მან ხელი შეუწყო ამ ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნას და რეკლამას: გამოიცა ჟურნალი, გაკეთდა საგანგებო ვებ-გვერდი (www.eatsc.com), რომელთანაც გაკავშირებთ ტურიზმზე არსებული სხვა ვებ-გვერდები. ამით უთუოდ გაფართოვდა არეალი, სადაც ქართველი გლეხების მომავალი, კარგი გადამხდელი სტუმრები ცხოვრობენ. ლევან თარხნიშვილის თქმით, რუსეთისა და უკრაინის ტურისტული სააგენტოების გარდა, საქართველოში აგროტურიზმის ინტერესი, სწორედ ვებ-გვერდის გაცნობის შემდეგ, გამოხატეს გერმანიის, ნიდერლანდებისა და შვეიცარიის სააგენტოებმაც.

საქართველოში რამდენიმე წელია სიმწვავე არ აკლდება უცხოელი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხს. საქართველოს აგროტურიზმის ასოციაცია თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებებთან და შესაბამის სამსახურებთან, რომელთაც მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და უზრუნველყოფა ევალებათ [თარხნიშვილის ხმა]: “ყოველი ობიექტი, ყოველი ოჯახი მათ შესწავლილი ჰყავთ და რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის კრიმინოგენური და პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იმდენად იძლევიან გარანტიას, რომ ტურისტების უსაფრთხოება დაცული იქნება”.

მართალია, აგროტურიზმი ბუნებრივ პირობებში ცხოვრებას გულისხმობს, მაგრამ წარმოდგენა ამ “ბუნებრივ პირობებზე” სტუმარსა და მასპინძელს შეიძლება ძალიან განსხვავებული ჰქონდეთ. სტუმარს, მით უმეტეს, თუ ის ყოფილი საბჭოთა სივრციდან არ არის, აუცილებლად ექნება გარკვეული დონის სერვისისა თუ კომფორტის მოლოდინი. აგროტურიზმის ასოციაცია ეხმარება გლეხებს სახლ-კარის კეთილმოწყობაში (მაგალითად, ნაწილობრივ ან მთლიანად უფინანსებს რემონტს) და ასწავლის [თარხნიშვილის ხმა] “როგორ უნდა მოიქცეს, რა არის ნორმალური უცხოელ ტურისტთან ურთიერთობაში, რისგან შეიკავოს თავი, რა საჭმელი გააკეთოს და ა.შ.”.

ჯერ ორი თვეც არ გასულა ზემოთ ხსენებული ვებ-გვერდის შექმნისა და ჟურნალის გამოცემა-გავრცელების შემდეგ და ხუთი ქვეყნის ტურისტული სააგენტოები უკვე დაინტერესდნენ. ცხადია, თუ საქართველოში ეკონომიკური, სოციალური და კრიმინოგენური ვითარება გაუმჯობესდა, ეკოლოგიურ და აგრარულ ტურიზმს მიმდევრები მხოლოდ შეემატება. სხვათა შორის, არ არის აუცილებელი, ისინი მაინცდამაინც უცხოელი მოქალაქეები იყვნენ. ამის გაკეთება ჩვენს თანამემამულეებსაც შეუძლიათ.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

ალექსანდრ დიუმა - 200

დავით კაკაბაძე:
მისი ცხოვრება ისევე მდიდარი იყო ფათერაკებითა და თავგადასავლებით, როგორც მისივე რომანების გმირებისა: მას უყვარდა ქალები, დუელში იწვევდა თავისი ღირსების შემლახველთ, მოლხენისა და ჭამა-სმის დიდი მოყვარული გახლდათ და სისტემატურად სტუმრობდა პარიზის სალონებს. ბევრი მას ამორალურობაში ადანაშაულებდა, ბევრსაც რევოლუციონერებთან მისი ახლო ურთიერთობა აღიზიანებდა... თავად კი ის ლიტერატურულ აღიარებაზე ოცნებობდა.

დღეს ალექსანდრ დიუმა-უფროსი რომანტიკის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ავტორად ითვლება. და მისი 200 წლისთავი 24 ივლისს მთელი მსოფლიოს ლიტერატურულმა საზოგადოებამ აღნიშნა.

არადა, სიცოცხლით ტკბობაზე ალექსანდრ დიუმას არასოდეს უთქვამს უარი და ლამის ბოლო დღეებამდე ეწეოდა ცხოვრებას, რომელსაც მისი ზოგიერთი თანამედროვე აღვირახსნილს უწოდებდა. პარიზის მახლობლად, სენ-ჟერმენ-ან-ლეს ტყეში, მან აიშენა ექსტრავაგანტული სასახლე, რომელსაც სახელად მონტე კრისტო დაარქვა. იქ მასპინძელი ხშირად აწყობდა გრანდიოზულ ღრეობებსა თუ ბალ-მასკარადებს, რომელთა სტუმრები ხშირად მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებიც იყვნენ.

საერთოდ, “გრაფ მონტე-კრისტოს” ავტორს უყვარდა მაღალ წრეებში ტრიალი. თავის მხრივ, ამ წრეების წარმომადგენლებიც ხალისით ურთიერთობდნენ უაღრესად შარმიანსა და გონებამახვილ მწერალთან, რომელიც, თანამედროვეთა ცნობით, უმალ აჯადოებდა თანამოსაუბრეს ორატორული ხელოვნებითა თუ მოხდენილი შენიშვნით.

დღეს ალექსანდრ დიუმა საფრანგეთის ყველაზე აღიარებულ ავტორთა რიცხვს მიეკუთვნება. მაგრამ ეს მუდამ ასე არ ყოფილა. მისი სათავგადასავლო რომანები “სამი მუშკეტერი” და “ოცი წლის შემდეგ”, “პარიზელი მოჰიკანები” და “გრაფი მონტე-კრისტო”, “რკინის ნიღაბი” და “დედოფალი მარგო” ძირითადად, რომ იტყვიან, ფართო მასებს მოსწონდათ. რაც შეეხება მწერლის კოლეგებსა და ლიტერატურის კრიტიკოსებს, ისინი დიდად აღფრთოვანებული არ იყვნენ დიუმას გულადი და სიცოცხლის წყურვილით აღსავსე გმირებით.

ონორე დე ბალზაკს ერთხელ ისიც კი უთქვამს, მაგ “ზანგის” სახელს ჩემს სახელთან ერთად ნუ ახსენებთო (საქმე ის გახლავთ, რომ დიუმას ბებია შავკანიანი იყო და თვით მწერალსაც, როგორც ამბობენ, საკმაოდ მუქი ფერის კანი ჰქონდა). ვიქტორ ჰიუგოსა და სხვა თანამედროვეებს დიუმას ნაწარმოებები მეტისმეტად უხეშად და არათანაბრად მიაჩნდათ. მწერალს ხშირად იმასაც საყვედურობდნენ, თქვენს რომანებში ისტორიულ სინამდვილეს ამახინჯებთო.

ქალების მოყვარულმა მწერალმა ამ საყვედურს მისთვის დამახასიათებელი იუმორით უპასუხა: “ისტორიული სინამდვილე ქალივით არის, რომელიც შეგიძლია გააუპატიურო; ოღონდ იმ პირობით, რომ ამის შედეგად მას ლამაზი ბავშვები გაუჩნდებაო.”

დიუმას ხშირად უწუნებდნენ დიალოგების მხატვრულ დონესაც. კრიტიკოსთა აზრით, მისი გმირები სალაპარაკო ენით მეტყველებდნენ და მათს საუბარში ნაკლებად შეინიშნებოდა ლიტერატურული დახვეწილობა. ამ საყვედურში უდავოდ იდო ჭეშმარიტების მარცვალი: ჩვეულებრივ სამეტყველო ენასთან მწერლის ასეთ სიახლოვეს ლიტერატურის დღევანდელი მკვლევარები იმით ხსნიან, რომ დიუმა საუცხოო დრამატურგიც გახლდათ. მისი დრამატული ნაწარმოებებიდან ყველაზე დიდი წარმატებით სარგებლობდა პიესა “ანრი მესამე და მისი კარი”, რომლის პრემიერა 1829 წელს შედგა.

დიუმა არა მარტო დიდი ნიჭის პატრონი იყო, არამედ უაღრესად შრომისმოყვარე მწერალიც გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ იგი იძულებულიც კი იყო, გაუთავებლად ეწერა, რათა მისივე ცხოვრების ყაიდით განპირობებული დიდძალი ვალები გაესტუმრებინა. ბალზაკისა არ იყოს, ისიც ხშირად აქვეყნებდა სტატიებსა თუ მოთხრობებს საფრანგეთის გაზეთებში, რომლებიც იმხანად ავტორებს გასამრჯელოდ საცოდავ გროშებს უხდიდნენ. საინტერესოა, რომ დიუმამ მაშინვე მიმართა მეთოდს, რომელმაც მეოცე საუკუნეში ბესტსელერების ავტორთა შორის ფართო გავრცელება ჰპოვა: მან დაიქირავა რამდენიმე მწერალი (დღეს მათ “გოუსტრაიტერებს” უწოდებენ), რომლებსაც “შავ სამუშაოს” ასრულებინებდა: კონკრეტულ დავალებას აძლევდა, შემდეგ კი მათს ნაწერს “აშალაშინებდა”.

თავისი სისხლსავსე და ფათერაკიანი ცხოვრების მანძილზე ალექსანდრ დიუმა არაერთხელ გამხდარა მითქმა-მოთქმისა თუ სკანდალის მიზეზი. გაზეთები ხელიდან არ უშვებდნენ შესაძლებლობას, მკითხველისთვის მწერლის მორიგი სასიყვარულო თუ სხვა თავგადასავლის ამბავი ეცნობებინათ. ამიტომ, ალბათ არ უნდა გვიკვირდეს, რომ დიუმას გარშემო სკანდალი მისი 200-წლიანი იუბილეს დღეებშიც ატყდა. საქმე ის გახლავთ, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ალექსანდრ დიუმას ნეშტი მისი მშობლიური ქალაქიდან, ვილე-კოტრედან, პარიზში, ხელოვნებისა და პოლიტიკის ყველაზე გამოჩენილი ფრანგი მოღვაწეების პანთეონში უნდა გადაასვენონ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვილე-კოტრეს მცხოვრებთა მძაფრი პროტესტი მოჰყვა. ქალაქის მერმა პრესის მეშვეობით გაავრცელა ღია წერილი, რომელშიც ამტკიცებდა, თვით მწერალს სურდა, თავის მშობლიურ ქალაქში ყოფილიყო დაკრძალულიო. მაგრამ, როგორც ჩანს, ტყუილად არ ამბობენ, ძალა აღმართს ხნავსო: ვილე-კოტრეს მერმა მთავრობის ზეწოლას ვერ გაუძლო და ამ რამდენიმე კვირის წინათ თანხმობა განაცხადა დიუმას ნეშტის პანთეონში გადასვენებაზე, რაც შემოდგომაზე უნდა განხორციელდეს.

ცალკე საუბრის თემაა დიუმა და კავკასია, დიუმა და საქართველო. ალექსანდრ დიუმა საქართველოში უაღრესად პოპულარული რომ იყო, ამაში მწერალი თავად დარწმუნდა, როცა 1858-59 წლებში კავკასიაში იმოგზაურა.

[მუსიკა]

კახური “მრავალჟამიერი”, რომელსაც თქვენ ახლა ისმენთ, თავის დროზე ალექსანდრ დიუმასაც ნამდვილად მოსმენილი ექნება. მაგრამ ამ ჩანაწერის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ სიმღერას ქართველები არ ასრულებენ. ეს გახლავთ ქართული სიმღერის პარიზელი თაყვანისმცემლების, კერძოდ კი საფრანგეთის დედაქალაქში დაარსებული ანსამბლ “მარანის” მიერ შესრულებული “მრავალჟამიერი”.

თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები ალექსანდრ დიუმამ თავის “კავკასიაში” აღწერა. სხვათა შორის, ეს წიგნი, საფრანგეთის შემდეგ, პირველად საქართველოში გამოიცა, თუმცა არა ქართულ, არამედ რუსულ ენაზე და თანაც კუპიურებით. და მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა განმარტებით, “კავკასია” ფრანგის მიერ ფრანგებისთვის არის დაწერილი, დიდი მწერლის ამ წიგნს არაფრანგებიც ინტერესით კითხულობენ, განსაკუთრებით საინტერესო კი იგი ჩვენთვის, ქართველებისთვის არის.

რა შეიცვალა საქართველოში დიუმას მოგზაურობის შემდეგ და შეიცვალა თუ არა ქართველი მკითხველის დამოკიდებულება მწერლისადმი? ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
სანამ იმაზე ვისაუბრებთ, რა შეიცვალა საქართველოში ალექსანდრე დიუმას მოგზაურობის შემდეგ, ურიგო არ იქნებოდა იმის თქმა, თუ რა არ შეიცვალა “სამი მუშკეტერის”, “გრაფ მონტე-კრისტოსა” და უამრავი სხვა სათავგადასავლო წიგნის ავტორის თბილისში სტუმრობის შემდეგ – საქართველოში ისევ აუტანელ მდგომარეობაშია გზები, საქართველოში ისევ უყვართ სტუმრები, განსაკუთრებით, უცხოელები; თბილისელი ლამაზმანები ისევ არაფრით ჩამორჩებიან ფრანგული მოდის სიახლეებს; ქართველებს ისევ უყვართ ღვინო და მოლხენა; ქართველები ისევ ხელგაშლილები არიან და კვლავინდებურად უყვართ ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა.

დიუმას “კავკასიის” ნაწილი ქართულ ენაზე ამ 30 წლის წინათ გამოიცა თინათინ ქიქოძის თარგმანით. სამწუხაროდ, მას შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გამოცემულა. არადა, სიუჟეტურადაც და თხრობის ენითაც, წიგნი დღემდე უაღრესად საინტერესოდ იკითხება, რომ არაფერი ითქვას იმ შთაბეჭდილებებსა და ადამიანებზე, ვინც ასე მომხიბვლელად არის აღწერილი დიდი ფრანგი მწერლის მიერ, დაწყებული მაშინდელი ქართული არისტოკრატიის საუკეთესო წარმომადგენლებით და ჩვეულებრივი მოკვდავებით დასრულებული. თავადები ჭავჭავაძეები, ერისთავები და ორბელიანები, კახელი, მეგრელი და იმერელი აზნაურები და გლეხები, ინტელიგენციის წარმომადგენლები,ფრაგმენტები საქართველოს უძველესი ისტორიიდან – ეს ყველაფერი ერთად მართლაც მომხიბვლელი უნდა ყოფილიყო ფრანგი მკითხველისთვის, ვისთვისაც ფიუმას წიგნი იყო განკუთვნილი.

არაერთი მკვლევარის განმარტებით, დიუმას “კავკასიას” თავისუბური გზამკვლევის ფუნქცია ენიჭებოდა. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ წიგნში საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი არა მხოლოდ ამა თუ იმ ქალაქის ღირშესანიშნაობები და ტრადიციები, არამედ ისიც, თუ რა ღირს ამა თუ იმ ქალაქში სასტუმრო, საჭმელი, დალაქის მომსახურეობა და ა.შ. საინტერესო ნიუანსი – დიუმას შენიშვნით, თბილისი პარიზზე ძვირი ქალაქია. მაგალითად, მაშინ თბილისში დალაქის მომსახურება სამჯერ ძვირი ღირდა პარიზთან შედარებითაც კი. და ეს დიუმასთვის, რომელსაც დალაქმა მეუღლისთვის მისივე გაკრეჭილი თმების წაღების უფლება სთხოვა, ვინაიდან დალაქის მეუღლე დიდი დიუმას თაყვანისმცემელი ყოფილა.

დიუმას თბილისში ყოფნისას თითქოს გადაწყდა, რომ ქართულ ენაზე ითარგმნებოდა “გრაფი მონტე-კრისტო”. ამის პირობა მწერალს ჟურნალ “ცისკრის” რედაქტორმა ივანე კერესელიძემ მისცა. გიორგი ლეონიძის სახელობის ლიდერატურული მუზეუმის ფონდებში დღემდე ინახება “გრაფი მონტე-კრისტოს” კერესელიძის მიერ თარგმნილი 86 ფურცელი. ქართულ ენაზე ეს რომანი პირველად მხოლოდ 1953 წელს გამოიცა. დიუმას “კავკასიაში” კერესელიძესთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოყავს – მწერლის საპატივცემულოდ გამართული ნადიმის შემდეგ “ცისკრის” რედაქტორმა დიუმას ცნობა მისცა, რომ “1858 წლის 28 ნოემბერს ბატონი დიუმა ეწვია რედაქციას და მის საპატივცემულოდ გამართულ სადილზე ქართველზე მეტი ღვინო დალია”. ივანე კერესელიძის ამ ცნობას ასევე წერილობით ადასტურებს თავადი ნიკოლოზ ჭავჭავაძე: “ვესწრებოდი და ვადასტურებ, რომ ბატონმა დიუმამ მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა.”

საერთოდ, დიუმას განწყობა ქართველების მიმართ არაჩვეულებრივად კეთილია. მცირე ციტატა მისი დახასიათებიდან: “უკვე გითხარით, რომ მომხიბვლელი ნაკლის მიუხედავად, ქართველები ბუნების გამორჩეული ქმნილებები არიან. გითხარით ისიც, რომ ქართველები არაპრაქტიკული ხელგაშლილობის გამო ხშირად კოტრდებიან. გითხარით, რომ ისინი ღვინის უპირველესი მოყვარულები არიან მსოფლიოში. და ბოლოს, აღვნიშნეთ ის, რომ ისინი მამაცნი არიან – ამაზე არავინ დავობს. ყველაზე გულადი რუსებიც კი, რომლებსაც სამაგალითოდ მოყავთ ქართველების სიმამაცე.”

ახლა კი ის, რაც შეიცვალა დიუმას თბილისში მოგზაურობის შემდეგ. სამწუხაროდ, აღარ არსებობს იმ სახლების უმრავლესობა, რომელსაც მწერალი აღწერს. არც ის თეატრი, რომლის სილამაზითაც აღფრთოვანდა მრავლისმნახველი მწერალი.

ბოლოს კი დიუმას კიდევ ერთ დაკვირვებას შეგახსენებთ, რომელიც დღევანდელ პრაგმატულ სამყაროში, ძნელი სათქმელია, კომპლიმენტად უნდა აღიქვა და შეფარულ ირონიად. ალექსანდრე დიუმას აზრით, “ქართველ ერს უყვარს გასცეს ზუსტად იმდენი, რამდენიც სხვა ერთს უყვარს, რომ მიიღოს.”

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ჯო ზავინული - 70

დავით კაკაბაძე:
არსებობენ ადამიანები, რომლების ისეთ დაღს ასვამენ კულტურის განვითარებას, რომ მათზე სასაუბროდ არ არის საჭირო რაიმე საგანგებო საბაბი. ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი, პიანისტი ჯო ზავინული – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ჯაზსა და პოპში. მაგრამ ამ შემთხვევაში ”საგანგებო საბაბიც” მოგვეპოვება. თითქოს დაუჯერებულია, რომ ამ მარად ახალგაზრდა მუსიკოსს სულ ახლახანს 70 წელი შეუსრულდა. ჯო ზავინულზე ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
ჯო ზავინულს ტყუილად არ უწოდა მისმა ერთმა კოლეგამ მუსიკის უდიდესი ალქიმიკოსი. ზავინული – პიანისტი, არანჟირების ოსტატი, კომპოზიტორი, ბგერებზე მოკირკიტე ექსპერიმენტატორი და ცნობილი ჯგუფის Weather Report-ის სულისჩამდგმელი – ფიუჟენს ქმნიდა, სანამ საერთოდ გაჩნდებოდა ეს ცნება; ჯაზროკს – სანამ იგი მოდად იქცეოდა; ელექტრონულ ჯაზს – სანამ იგი ლამის ყოველ სარეკლამო კლიპში აჟღერდებოდა; ე.წ. ”თავისუფალ მუსიკას”, სანამ იგი ყურებს გამოგვიჭედავდა.

ვისაც ჯაზი და პოპმუსიკა გაეგება, მისთვის ცხადია, რომ კლავიშების ამ ჯადოქრის გარეშე ეს ჟანრები წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ მისი განსაცვიფრებლად მრავალმხრივი, მუდამ მომავლისკენ მიმართული შემოქმედება ხშირად მოდურობის იარლიყით არის ხოლმე დაღდასმული, ზავინული ერთ-ერთი ყველაზე უფრო ”მუსიკალური” მუსიკოსია, რომელიც ჯაზის ისტორიას ახსოვს. ამას იგი არა მხოლოდ იმ უმაღლეს მუსიკალურ სკოლას, ვარსკვლავების იმ სამჭედლოს უნდა უმადლოდეს, რომლის კურსის გავლაც მას ბედმა არგუნა ისეთ დიდ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან, მაგალითად, ჩიკ კორეა, ჰერბი ჰენკოკი თუ კით ჯარეტი. ეს ”სამჭედლო” თუ ეს ”უნივერსიტეტი”, ლეგენდარული მესაყვირე და ნოვატორი მუსიკოსი მაილს დევისი და მისი ჯგუფი გახლდათ.

ზავინულმა იგი, შეიძლება ითქვას, ჯაზის პროფესორის რანგში დატოვა. იმის ნათელსაყოფად, თუ რას ვგულისხმობ, შეგახსენებთ, რომ ზავინულს სხვებივით კი არ უცდია მაილს დევისის ჯგუფში მოხვედრა, იგი თავად მიიპატიჟეს. და მანაც დაუვიწყარი კვალი დააჩნია მაილსის ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ალბომები In A Silent Way და Bitches Brew.

[მუსიკა: In A Silent Way]

მაგრამ მაინც მთავარი, რამაც დაუმკვიდრა ზავინულს ამერიკაში ყველაზე წარმატებული ევროპელი ჯაზმენის სახელი, არის მისი განსაკუთრებული ნიჭი, რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი უბრალოდ გენიალობას უწოდებს.

ვენაში, მუშის ოჯახში, თანაც საკმაოდ მძიმე პერიოდში დაბადებულ ზავინულს მუსიკოსად ჩამოყალიბების არავითარი წინაპირობა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო აკორდეონზე დაკვრა და მერე ფორტეპიანოს სწავლასაც შეუდგა. მისი მასწავლებელი დარწმუნებული იყო, რომ პატარა იოზეფი კლასიკურ მუსიკაში დიდ წარმატებებს მოიპოვებდა, გაკვეთილებზე მართლა რომ ეარა.

ტრივიალური ამბავია: მშობლებს სურთ, რომ ბიჭისგან რაღაც დადგეს. ბიჭსაც სურს, ოღონდ არა ის, რაც მშობლებს. ერთხელ ვენის კონსერვატორიაში მოუსმენია, როგორ უკრავდა მისი თანაკურსელი ფეტს უოლერის ერთ-ერთი კომპოზიციის იმპროვიზაციას და უთქვამს: ”ეს ჯაზია. მეც ეს მინდა დავუკრაო”. მაგრამ ჯაზში მას ტრადიცია კი არ ხიბლავდა, არამედ თავად ბგერა, რომელიც ამ მუსიკისთვის იყო ჩვეული.

ამის შემდეგ იწყება ზავინულის კარიერის მკვეთრი აღმასვლა. ჯერ ვენის პერიოდი, შემდეგ, 1959 წლიდან შეერთებული შტატები. ამერიკაში იგი ჯერ მომღერალ დაინა ვაშინგტონის პიანისტი იყო, შემდეგ კი გამოჩენილმა ალტ-საქსოფონისტმა, ჯულიან ”კენონბოლ” ედერლიმ აიყვანა თავის კვინტეტში, რომელშიც ზავინულმა ცხრა წელი დაჰყო. ედერლისთან ზავინული, შეიძლება ითქვას, გაიფურჩქნა. სწორედ ამ წლებში გაითქვა მან საქვეყნოდ სახელი, როგორც ვირტუოზმა მუსიკოსმა და უნიჭიერესმა კომპოზიტორმა. უდაოა მისი დამსახურება ამ კვინტეტის წარმატებებში. მისი დაწერილია ამ ჯგუფის ისეთი ჰიტები, როგორიცაა “Walk Tall”, “Country Preacher”. ყველაზე ცნობილი კი ალბათ მაინც არის “Mercy, Mercy, Mercy”.

[მუსიკა: “Mercy, Mercy, Mercy”]

ედერლისთან მუშაობის უკანასკნელ წლებში – სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მაილს დევისთან მისი თანამშრომლობაც – ზავინულმა დიდი წვლილი შეიტანა ჯაზის ელექრონულ ეპოქასთან მორგების საქმეში. ხოლო ანსამბლის დატოვების შემდეგ, 1970 წელს თავად ჩამოაყალიბა ჯგუფი Weather Report, რომელიც ლეგენდად დარჩა ჯაზ-როკის ისიტორიაში. 1985 წელს ჯგუფის წამყვანი მუსიკოსები, უეინ შორტერი და ჯო ზავინული თავთავიანთ გზებს დაადგნენ. ზავინულმა ცოტა ხანში ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი Zawinul Syndicate.

მართალია, დღეს იგი უკვე იმ ასაკშია, როცა მუსიკოსების განვლილი წარმატებებით ტკბობას ეძლევიან ხოლმე. მაგრამ მუსიკის მოყვარულთა აზრით, ჯო ზავინული კიდევ არაერთხელ შეიძლება მოგვევლინოს გურუდ და ახალი მიმართულებით გაუძღვეს თანამედროვე მუსიკას.

[მუსიკა. Birdland]

დავით კაკაბაძე:
“მეათე სტუდიას” და მასთან ერთად ჩვენს დღევანდელ გადაცემას ვამთავრებთ ჯო ზავინულის კიდევ ერთი შედევრით: “Birdland”. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG