Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო ცდილობს სამშვიდობო ოპერაციებში ქალთა როლის გაძლიერებას


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა თითქმის ორი წლის წინათ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია სამშვიდობო ოპერაციებში ქალთა როლის გააქტიურების შესახებ.

ხუთშაბათს, უშიშროების საბჭოში ამ საკითხის განხილვამ აჩვენა, რომ ცალკეული ქვეყნები და გაეროს ბიუროკრატია არ ჩქარობენ რეზოლუციაში გამოთქმული რეკომენდაციების შესრულებას.

დებატების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილი გაეროს სამშვიდობო მისიების მაღალ დონეზე; და რომ ჯერაც არ ისჯება სათანადოდ ომის მსვლელობაში ქალთა მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება, მაგალითად ჯგუფური გაუპატიურება; სულ უფრო ხშირად ხდება გაეროს მოქმედების ადგილებში თვათ გაეროს პერსონალის მიერ ქალების უფლებების ხელყოფა.

უშიშროების საბჭოს მოთხოვნის განხორციელება სამშვიდობო ოპერაციებში ქალების მონაწილეობის გაძლიერების შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ჟან-მარი გუენოს დაევალა.

გუენოს თქმით, ამ საკითხში მას სკეპტიციზმის დაძლევა მოუწევს, საკუთარის ჩათვლით. მისივე სიტყვით, თავდაპირველად ის იზიარებდა აზრს, რომ საბჭოს რეზოლუციის მიზანი ერთგვარი “პოლიტიკური კორექტულობის” დაცვა იყო. ახლა გუენო დარწმუნებულია, რომ საჭიროა ქალების ჩართვა ძალადობის პრევენციისა და მშვიდობის დამყარების საქმეში.

გენდერულ საკითხებში გაეროს საგანგებო მრჩეველმა ანჯელა კინგმა თქვა, რომ გაეროს გენერალური მდივნის ოფისის მიერ ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს, რომ ქალები ხელს უწყობენ საზოგადოების ტრანსფორმირებას კონფლიქტების ადგილებში, მათ შორის კოსოვოსა და აღმოსავლეთ ტიმორში.

კინგი აღნიშნავს, რომ გაეროს მაღალ ეშელონებში ქალები, სამწუხაროდ, ძალიან სუსტად არიან წარმოდგენლი. მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ გაეროს მისია საქართველოში, რომელშიც ორი ყველაზე მაღალი პოსტი ქალებს უჭირავთ.

გაეროს ქალთა განვითარების ფონდის დირექტორმა ნოელინ ჰაიზერმა თქვა, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება კონფლიქტურ სიტუაციებში ქალთა მდგომარეობის შესახებ, მით უფრო იოლი იქნება პრევენციული ზომების მიღება.

[ჰაიზერის ხმა] “ჩვენთვის ცნობილია საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ავღანელი ქალების გარიყვისა და იმ რისკის ამბავი, რომელიც დაკავშირებული იყო ქალებისთვის განათლებისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან. მაგრამ ასეთ შემთხვევებზე არც დაკვირვება წარმოებს და არც მათი აღრიცხვა ხდება.”

სინგაპურში გაეროს წარგზავნილმა კიშორე მაჰბუბანიმ გამოთქვა მოწოდება, აღიარებულ იქნეს ფაქტი, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ კონფლიქტების ბუნება შეიცვალა და რომ მთავარი მსხვერპლი ახლა ქალები და ბავშვები არიან.

გაეროს გენერალური მდივნის ოფისის განცხადებით, რამდენიმე კვირაში ის გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ცხადყოფს მჭიდრო კავშირს გენდერულ უთანასწორობას, ომის ეკონომიკასა და კრიმინალურ ჯგუფებს შორის. აშკარა ხდება, რომ საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება კონფლიქტურსა და პოსტ-კონფლიქტურ ვითარებაში ქალებს ტრეფიკინგისკენ უბიძგებს.
XS
SM
MD
LG