Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის როლი შესაძლო პოლიტიკურ სცენარებში


ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა – მიხეილ სააკაშვილმა – ფაქტობრივად, თავად დაადასტურა საშემოდგომო ამბოხის შესაძლებლობა, რასაც ხელისუფლება მის სახელს, კარგა ხანია, უკავშირებს.

ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყნის ახლო მომავალს სწორედ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები განსაზღვრავენ; მეორე ნაწილი კი რამდენიმე თვეში სააკაშვილის პოლიტიკურ გაკოტრებას წინასწარმეტყველებს.

“დამშეული და სასომიხდილი მოსახლეობა შემოდგომაზე ქუჩაში გამოვა და მასობრივი ზეწოლით ბოლოს მოუღებს ხელისუფლებას,” – განუცხადა ორიოდე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს. გაზეთ “ახალ თაობაში” მეორე დღესვე გაჩნდა, ეგრეთ წოდებული, “გამხსნელი” სტატია სააკაშვილის ფოტოთი და სათაურით: “შევარდნაძეს შემოდგომაზე ბოლოს მოვუღებთ!”

ბოლოს და ბოლოს, რა შეიძლება მოხდეს შემოდგომაზე? პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული ვერსიით, რომელიც პრესის ფურცლებზეც ჟონავს, ედუარდ შევარდნაძეც და მიხეილ სააკაშვილიც სახალხო ამბოხს ელიან. პრეზიდენტი ცდილობს, თავიდან აიცილოს მორიგი აგრესია; სააკაშვილი კი, პირიქით, მონდომებულია, ამბოხი ამჯერად კიდევ უფრო შედეგიანად დასრულდეს, ვიდრე შარშან. მაშინ, ოქტომბერ-ნოემბრის ცნობილი სახალხო გამოსვლების მონაწილეები პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ედუარდ შევარდნაძემ გარკვეული დანაკარგი კი განიცადა, მაგრამ, საბოლოოდ, აქცია მშვიდობიანად დაშალა და თავისი პოსტიც შეინარჩუნა.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოსალოდნელია სამიდან ერთ-ერთი სცენარის განვითარება. პირველი: შემოდგომა მეტ-ნაკლებად მშვიდ პოლიტიკურ ვითარებაში ჩაივლის და პარტიები საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას შეუდგებიან, რადგან არჩევნებამდე დარჩენილ დროში ვითარების მკვეთრი გამწვავება მოსალოდნელი აღარ იქნება. მეორე: დაიწყება მძაფრი სახალხო გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით; მესამე: იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავიდან აიცილოს სახალხო ამბოხი, დაიგეგმება და განხორციელდება საგანგებო ღონისძიებები საქართველოს ტერიტორიის რომელიმე იმ ნაწილზე, სადაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ან საერთოდ არ ვრცელდება, ან ვრცელდება მხოლოდ ნაწილობრივ. ასეთი რამდენიმეა და ვითარების გამწვავება გამორიცხული არ არის არც ერთი მიმართულებით: აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, პანკისში, აჭარაში ან სხვაგან.

პირველი, მშვიდობიანი, სცენარი ხელს აძლევს პრეზიდენტს. უკიდურეს შემთხვევაში, მესამე სცენარიც დღევანდელი ხელისუფლების შენარჩუნებას მოემსახურება. მეორე სცენარი კი მთლიანად მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რასაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თავადაც აღარ მალავს. ერთი მხრივ, ხელისუფლებას მეტი რესურსი აქვს თავისი გეგმების განსახორციელებლად, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას; მეორე მხრივ, ნებისმიერი სცენარის ამოქმედების შემთხვევაში, არ არსებობს გარანტია, რომ მოიგებს ის, ვინც დაიწყებს. ფაქტია, რომ სახელისუფლო შენობებში ქვეყნის ბედის გადაწყვეტა ვეღარ ხერხდება. ამას პირდაპირ აცხადებს ოპოზიცია და ამასვე არაპირდაპირ აღიარებს ხელისუფლება.
XS
SM
MD
LG