Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ისევ გადაიდო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 ივლისს პრეზიდენტ შევარდნაძისა და საპარლამენტო ფრაქციათა ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ,

საკონსტიტუციო ცვლილებების თემა კარგა ხნით მოიხსნა დღის წესრიგიდან. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით, საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი არ განიხილავს მინისრტთა კაბინეტის შემოღების პროექტს.

მინისტრთა კაბინეტის შემოღების პროექტის შესამუშავებლად სახელმწიფო კომისია შეიქმნება – ასეთია 26 ივლისს გამართული პრეზიდენტ შევარდნაძისა და საპარლამენტო ფრაქციების შეხვედრის მთავარი შედეგი. შესაბამისად, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე არ განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებას.
მართალი რომ ითქვას, შეხვედრის შედეგი ცოტა უცნაურად გამოიყურება. როგორც ცნობილია, აქამდე არსებობდა საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარლამენტს გაუგზავნა განსახილველად და რომლის განხილვა პარლამენტს არც დაუწყია. ერთი კვირის წინ პარლამენტის ბიუროს ქობულეთურ გამსვლელ სხდომაზე ბიურომ განიხილა და მოიწონა ფრაქცია “მრეწველების” მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც, ასევე, მინისტრთა კაბინეტის შემოღების საკითხს ეხება. ამ კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ იგი ვეტოს დაადებს მინისტრთა კაბინეტის შემოღების იმ კანონს, რომელიც მის ძირითად პრინციპებს არ ეთანხმება. ანუ გამოდის, რომ სახელმწიფო კომისია, რომელიც ჯერ არ შექმნილა, შეეცდება პრეზიდენტისა და ფრაქცია “მრეწველების” მიერ მომზადებული ორი პროექტის შეჯერებას. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, ამ ორი პროექტის პრინციპები იმდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, – ერთი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების გაზრდას გულისხმობს, მეორე კი, პირიქით, შემცირებას, – რომ სრულიად წარმოუდგენელია, როგორ მოხერხდება შეუთავსებელთა შეთავსება.
პრეზიდენტი შევარდნაძე თავის თავს არ ღალატობს. პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღების იდეა მისთვის მიუღებელია და იგი საკმაოდ ოსტატურად ახერხებს თავისი პოზიციის დაცვას. შარშან ზაფხულში, როცა პარლამენტის ახალგაზრდულმა ფრთამ “კლანჭები” გამოაჩინა, პრეზიდენტი შევარდნაძე დასთანხმდა მინისტრთა კაბინეტის შემოღების იდეას, ოღონდ, ჯერ ერთი, ისეთი პროექტი შესთავაზა პარლამენტს, რომელიც, თავიდანვე ნათელი იყო, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა, და მეორე – ჯერ არარსებულ თანამდებობაზე მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ხილვის სურვილი გამოთქვა, რაც,ასევე, იმის გარანტია გახლდათ, რომ პარლამენტის მაშინდელი ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა. შესაბამისად, ახლაც, როცა კვლავ პოლიტიკოსთა საყვარელ თემაზე – მინისტრთა კაბინეტის შემოღებაზე - იწყება საუბარი, პრეზიდენტი მშვიდი სინდისით ამბობს, რომ მან პარლამენტს პროექტი შესთავაზა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო ამ სერიოზულ საკითხს არ იხილავს.
დასკვნა კი მარტივია: 2005 წლამდე, სანამ პრეზიდენტ შევარდნაძის უფლებამოსილების ვადა არ ამოიწურება, საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ იარსებებს. რა მოხდება 2005 წლის შემდეგ - ეს უკვე 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოიკვეთება.
XS
SM
MD
LG