Accessibility links

logo-print

შემოიღებენ თუ არა მინისტრთა კაბინეტს


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 26 ივლისს, პრეზიდენტი შევარდნაძე საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი იყო საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ შარშან შეტანილი

კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტის შესახებ, რაც საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებასაც გულისხმობს. რამდენად მოახერხებს დღევანდელი პარლამენტი პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის კანონად ქცევას და ამით ქვეყანაში მმართველობის სისტემის შეცვლას? - ამ კითხვით რამდენიმე პარლამენტარს - მათ შორის, შეხვედრის მონაწილეებს - მივმართე.

მინისტრთა კაბინეტზე ლაპარაკის დაწყება საქართველოში ლამის სამომავლო დაძაბულობის ინდიკატორად იქცა. ამ საკითხის წამოწევას ყოველთვის ახლდა ან მოჰყვებოდა სიტუაციის არევა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შარშან, სწორედ ამ დროს, პრეზიდენტის ინიციატივა, გაეტანა პარლამენტში კანონპროექტი, წარუმატებლად დასრულდა და, პოლიტიკის ექსპერტთა შეფასებით, ასეც იყო განზრახული. არადა, მაშინ შევარდნაძეს ჯერ კიდევ ჰყავდა მეტ-ნაკლებად სტაბილური უმრავლესობა. კანონპროექტში პრეზიდენტს არაფერი შეუცვლია: შარშანაც და ახლაც შევარდნაძეს პარლამენტში შეაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების ისეთი მოდელი, სადაც თვითონ ისევ პასუხისმგებლობის მიღმა რჩება, მაგრამ ინარჩუნებს დიდ ძალაუფლებას, უმნიშვნელოვანეს სახელისუფლო ბერკეტებს.

ამის გამო პარლამენტის წევრები სკეპტიკურად ეკიდებიან არსებული პროექტის მიხედვით მინისტრთა კაბინეტის შემოღების პერსპექტივას. ფრაქციებს არა მარტო პრეზიდენტის, არამედ ერთმანეთისგან განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. მრეწველები, მაგალითად, საერთოდ საპარლამენტო რესპუბლიკას ითხოვენ, სადაც პრეზიდენტი ლამის სიმბოლური ფიგურა იქნება და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობას, ქვეყანაში პოლიტიკის წარმართვას განახორციელებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრეზიდენტის ჩაურევლად აკომპლექტებს კაბინეტს. შეტანილი კანონპროექტისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება გამიზიარა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ კოტე კემულარიამ [კემულარიას ხმა]: “საამისო რესურსს პარლამენტში, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. უფრო მგონია, რომ ამ საკითხზე ლაპარაკის წამოწყება ჰგავს საშემოდგომოდ ყურადღების გადატანას პოლიტიკურ “საღეჭ რეზინაზე”. პრეზიდენტი, ფაქტობრივად, გვიცხადებს, ჩემს შემოტანილ ვარიანტს თუ არ მიიღებთ, სხვა ნებისმიერს ვეტოს დავადებო. პარლამენტში კი ფრაქციების 80% სრულიად უვარგისსა და მიუღებელს უწოდებს პრეზიდენტის ვარიანტს. ასეთ ვითარებაში, როცა ხმების 2/3 სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებას, პარლამენტში მისი გასვლის შანსი თითქმის ნულის ტოლია”.

კოტე კემულარიას აზრით, ეს, შეუძლებელია, არ იცოდნენ პრეზიდენტმა და იმ ადამიანებმა კანცელარიაში, ვინც მინისტრთა კაბინეტზე ლაპარაკის წამოწყებას ცდილობს. ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამომავლოდ შეიძლება სწორედ მინისტრთა კაბინეტის ვერშემოღებას და, აქედან გამომდინარე, პარლამენტს დაბრალდეს დაუსრულებელი კრიზისი და მთავრობის უსუსურობა, რასაც ადრე ხან გვალვით ხსნიდნენ, ხან კი 1998 წლის რუსეთის დეფოლტით. არადა, წელს უკვე 70 მილიონიანი გარღვევა ბიუჯეტში, მთავრობის სხდომებზე მინისტრების ტირილი და ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრა, უწინარესად, თვითონ მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის დამსახურებაა. შევარდნაძე, რომც მოინდომოს, მაინც ვერ შეძლებს პარლამენტში იმდენი დეპუტატისთვის თავის მოქონვას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა თავის სასარგებლოდ განაწყოს და 157 ხმა მოიპოვოს.
XS
SM
MD
LG