Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კონგრესმენი თავისი რიგებიდან გარიცხა


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს კენჭი უყარა კონგრესმენ ჯეიმს ტრეფიკანტისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას და ოჰაიოს შტატიდან დემოკრატიული პარტიის

წარმომადგენელს პარლამენტი დაატოვებინა. ასეთი რამ მეორედ ხდება ამ ქვეყანაში ბოლო 100 წელიწადში. კონგრესმენისთვის წაყენებული ბრალდებები სერიოზულია: ქრთამის აღება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ასევე გადასახადისთვის თავის არიდება. აქვე გეტყვით, რომ ტრეფიკანტი კონგრესის ყველაზე კოლორიტული წევრი იყო, პირში მთქმელი, კრიტიკულად განწყობილი.

პალატის წევრები, რომელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ტრეფიკანტის განკვეთას, კონგრესმენს დამნაშავედ მიიჩნევენ. მან საზოგადოების ნდომა ბოროტად გამოიყენა და ამდენად მისთვის მანდატის ჩამორთმევა სამართლიანია, თვლიან ისინი. კალიფორნიელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან ზო ლოფგრენი აზუსტებს ტრეფიკანტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს: დასტურდება, რომ ის ოფიციალურ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა განსაკუთრებით სერიოზული ფორმით. ის თავის ოფიციალურ ბიუროს, არადანიშნულებისამებრ თავის ფერმას ახმარდა და ეს ხდებოდა სისტემატურად, სხვადასხვა ფირმასთან თუ პირთან მიმართებაში. ამასთან, ტრეფიკანტი, განაგრძობს კალიფორნიელი კონგრესმენი, ათეულ ათასობით დოლარს გამოძალავდა ხელფასიდან თავის თანამშრომლებს. და კიდევ ერთი, მან ორჯერ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საგადასახადო სამსახურს შემოსავლის შესახებ.
ბრალდებული, მისი მომხრეები, სხვა პოზიციაზე არიან. თვით ბრალდებული აცხადებს, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ ფედერალურ სასამართლოში. მისი მომხრეების თანახმად, მოწმეები ფედერალურ პროკურორებს შეეკრნენ. ტრეფიკანტის თქმით, ის 18 წელიწადის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა თანმდებობაზე საგადასახადო უწყებაში, გამოძიების ფედერალურ ბიუროში, ფედერალურ მთავრობაში და გავლენიანი მტრები შეიძინა.
ცხადია, თეორიას, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მოხდა, არ იზიარებენ და ტრეფიკანტი დამნაშავედაა აღიარებული. როცა კონგრესმენი კიდევ ერთხელ შეეცადა თავი დაეცვა, როცა კიდევ ერთხელ გამოცხადდა ის კონგრესში თავისი განიერი შარვლით, თმადაუვარცხნელი და მიმართა წარმომადგენლებს, დარბაზში იცინოდნენ.
რეგიონი, საიდანაც ის გახდა კონგრესმენი, ადრე სამრეწველო - მეტალურგიის ცენტრი იყო. შემდგომ ქარხნები დაიხურა და უმუშევრობამ არნახულ დონეს მიაღწია. ქალაქ იანგტაუნის ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი, ბერტრამ დესუზა ამბობს: [დესუზას ხმა] “როცა ტრეფიკანტი პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა, ქარხნები იხურებოდა, უმუშევრობა გავრცელდა, ხალხი საცხოვრებელს კარგავდა უსახსრობის გამო. ტრაფიკანტი მაშინ შერიფი გახდა და ებრძოდა სასამართლოების გადაწყვეტილებას ბინების ჩამორთმევაზე, ამიტომაც მოიპოვა ხალხის ინტერესების დამცველის სახელი”.
კონგრესის გადაწყვეტილებას მის ქალაქში სხვადასხვაგვარად შეხვდნენ. ერთნი კმაყოფილი დარჩნენ იმით, რომ აღსრულდა მართლმსაჯულება, სხვები პატივს სცემენ თავიანთ კონგრესმენს და უსამართლოდ მიიჩნევენ გადაწყვეტილებას.

ჯეიმს ტრეფიკანტს 30 ივლისს დააპატიმრებენ. მისთვის წაყენებული მუხლი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მაგრამ ყოფილი კონგრესმენი ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. მისი პოპულარობიდან გამომდინარე, მიმომხილველები არ გამორიცხვენ, რომ მან არჩევნები მოიგოს კიდეც, მაგრამ როგორ მოახერხებს ის ციხიდან თავისი ფუნქციების შესრულებას, გაუგებარია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG