Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროგნოზირებული საშემოდგომო დესტაბილიზაციის წინ ქართული პრესა ყურადღებით ადევნებს თვალყურს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პროგნოზირებული საშემოდგომო დესტაბილიზაციის წინ ქართული პრესა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე მიმდინარე გადაადგილებებს.

23 ივლისის “დილის გაზეთის” აზრით, მოქალაქეთა კავშირი ნახტომისთვის ემზადება. გაზეთის შეფასებით, ავთანდილ ჯორბენაძის პანკისში სტუმრობამ ნიშანდობლივი რაკურსით მიიპყრო ქართული მედიის ყურადღება. თვისთავად, სახელმწიფო მინისტრის სტუმრობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რეგიონში, სადაც ასეულობით უკონტროლო “ბოევიკია” დისლოცირებული, არაორდინარული მოვლენა იყო. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთის მიერ ძებნილი ადამ დეგკუშევის ექსტრადირება განახორციელა. ამ ვითარებაში ავთანდილ ჯორბენაძის ჩასვლა ხეობაში უეჭველად იმას მიუთითებს, რომ ხელისუფლება ნამდვილად ცდილობს გააძლიეროს ზემოქმედება პანკისის “უკონტროლო ელემენტზე.” ამავე დროს, გაზეთი წერს:


“გაცილებით უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო ჯორბენაძის ვიზიტის დროს შემდგარმა წმინდა პოლიტიკურმა აქციამ: პანკისის მოსახლეობის ნაწილი “მოქალაქეთა კავშირში” გაწევრიანდა. თბილისში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს აქცია ერთმნიშვნელოვნად აღიქვეს: ხელისუფლებას შეიარაღებულ ფორმირებათა მიმხრობა სურს “სახელისუფლებო პარტიისადმი.” სინამდვილეში, თუ საუბარია “სახელისუფლებო პარტიაზე,” მას ადმინისტრაციული ბერკეტებიც ექნება საიმისოდ, რომ “ანტისისტემური” შემოტევები მოიგერიოს. თანაც, ისიც გავითვალისწინოთ, რომ 1991 წლის პოლიტიკური კონფიგურაცია აღარასოდეს განმეორდება. “ანტისისტემური” ძალები ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არსებობენ, მაგრამ მათი პოლიტიზირება, 11 წლის წინანდელ მოვლენათა მსგავსად, უკვე გამორიცხულია – ამას ვეღარ გაბედავენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც შესანიშნავად აცნობიერებენ: დესტაბილიზაციისა და ქაოსის პირობებში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათ არ დაადგებათ კარგი დღე, ანუ “ანტისისტემური ძალები” და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ელიტა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან, ისევ და ისევ, 1990-92 წლებისგან განსხვავებით.
რაც შეეხება პანკისში “მოქალაქეთა კავშირის”რეგიონალური ორგანიზაციის დაფუძნებას, ეს, ალბათ, უფრო ავთანდილ ჯორბენაძის მზარდი პოლიტიკური ამბიციის გამოვლინებაა, ვიდრე შეიარაღებულ ფორმირებათ მიმხრობის სრულიად უპერსპექტივო და აბსურდული მცდელობა.
სახელმწიფო მინისტრი ყოველმხრივ ცდილობს “მოქალაქეთა კავშირის” გაძლიერებას, უფრო ზუსტად, მის გადარჩენას სრული განადგურებისა და პოლიტიკურ მოუსავლეთში ჩაძირვისგან. ნურავის ეგონება, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური მხარდაჭერის შემთხვევაში, მოქკავშირი ვერ შეძლებს ისე მოძლიერდეს, რომ, არათუ 7 პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, გარკვეული სეგმენტიც შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ამ მიზნით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო მინისტრი გააქტიურდება. შესაძლოა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცეს მომავალი ყრილობა, თუმცა კვლავ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძე ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას არ მიიღებს, - ყრილობას კი, ალბათ, დაესწრება.
პანკისის ხეობის შემდეგ იგივე აქცია კოდორის ხეობაში განხორციელდა. ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით, მოქალაქეთა კავშირი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია იკისროს პასუხისმგებლობა ურთულეს პრობლემათა გადაწყვეტაზე.
შეიძლება ითქვას, ამ პარტიას უკვე ჰყავს გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი. 2 ივლისის არჩევნებისას ინერტული ელექტორატის ნაწილი მას, ალბათ, მხარს დაუჭერს. ამას ემატება “ქვემო ქართლის” რესურსი, ისევე როგორც ჯავახეთის ფაქტორი. ავთანდილ ჯორბენაძე რაკი პარტიის რეანიმაციას დათანხმდა – უკან დახევას ვეღარ შეძლებს. მისი პოლიტიკური პერსპექტივა უკვე მთლიანად დაუკავშირდა მოქალაქეთა კავშირს. მაშასადამე, პარტიის წარმატება კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრის წარმატებაა და პირიქით.”



27 ივლისის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, წინა დღეს გამართული პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. პრეზიდენტ შევარდნაძეს არც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სურს და არც რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმება. სახელმწიფო კანცელარიაში დაბარებულ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს მან იშვიათი გულახდილობით აუწყა, რომ თუკი საკანონმდებლო ორგანო გაჯიქდება და პრეზიდენტის უფლებების შეკვეცას მოინდომებს, ის ასეთ კანონს ვეტოს დაადებს. ცვლილებების გადადების კიდევ ერთი გზა, რომელმაც ოპოზიციას კომუნისტური წარსული შეახსენა, ასეთია – პრეზიდენტი აპირებს 150 – კაციანი კომისიის შექმნას მინისტრთა კაბინეტის შესახებ ცვლილებების პროექტის შემუშავების მიზნით. გაზეთი წერს:



“სანამ 150 მეცნიერი და პოლიტიკოსი ცვლილებების შესახებ დისკუსიას გამართავს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ძველი ტემპით გააგრძელებენ ქვეყნის დაქცევას. ამასობაში საპარლამენტო არჩევნებიც მოვა. მოკლედ, ამ მოწვევის პარლამენტი პრეზიდენტს ვერაფერს დააკლებს და მომდევნო პარლამენტი რას იზამს, ამას ჯერ ვერავინ განსაზღვრავს. არადა, მსოფლიოში უამრავი მოდელი არსებობს, რომელთაგან უმეტესობა ხელისუფლებას ისე ანაწილებს, რომ პრეზიდენტს განუსაზღვრელ ძალაუფლებას უკვეცავს.
ფრაქციათა ლიდერები უკმაყოფილონი ტოვებდნენ სახელმწიფო კანცელარიის შენობას . სამსაათიანი საუბრის შედეგად, მათ მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ პრეზიდენტი არანაირ დათმობებზე წასვლას არ აპირებს. მან პარლამენტარებს აუწყა, თუ გინდათ ცვლილებები, მიიღეთ ის მოდელი, რომელიც მე შემოგთავაზეთ, თუ არადა, რა სახის ცვლილებაც არ უნდა მიიღოთ, ვეტოს დავადებო. პრეზიდენტის შეთავაზებულ ვარიანტს, რომელსაც რუსულ მოდელსაც უწოდებენ, კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ვახტანგ ხმალაძე ქვეყნისთვის დამღუპველად მიიჩნევს.”



24 ივლისის გაზეთი “24 საათი” ბეჭდავს ინტერვიუს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერ ზურაბ ჟვანიასთან, რომლის განცხადებითაც, საქართველოსთვის სტაბილურობა და დემოკრატია სინონიმებია. ხელისუფლების მხრიდან არადემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების საპასუხო რეაქციაზე საუბრისას ზურაბ ჟვანია შენიშნავს:


“დემოკრატიის მამებმა და, მათ შორის, ამერიკის კონსტიტუციის მამებმა გაიმეორეს ჯონ ლოკის ცნობილი დებულება – თუ ხელისუფლება ზღუდავს საზოგადოების მთავარ თავისუფლებებს, მაშინ საზოგადოებას აქვს მორალური უფლება, იბრძოლოს ამ თავისუფლების დასაბრუნებლად. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენ მივიდეთ იმ სიტუაციამდე, რომ ჩვენი თავისუფლების დაცვა ქუჩებში მოგვიხდეს. სამწუხაროდ, ამის წინა პირობებს ხელისუფლება უკვე ქმნის. მაგრამ, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტს ეყოფა გონიერება, ქვეყანა დაპირისპირების მორევში არ გადაჩეხოს, რადგან ქართულმა საზოგადოებამ უკვე აჩვენა მზაობა საკუთარი უფლებების დასაცავად.
როდესაც ვლაპარაკობ სამოქალაქო საზოგადოებაზე, არ ვგულისხმობ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ლიდერებს. მე ვგულისხმობ იმ ათასობით ადამიანს, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე ქუჩაში გამოვიდა, რათა “რუსთავი-2” დაეცვა. მათ სიტყვის თავისუფლება საკუთარ პირად ღირებულებად ჩათვალეს. ასეთი მაგალითები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ არსებობს და ეს არის ყველაზე დამაიმედებელი.”



ამ კვირაში, 26 ივლისს, ერთი წელი შესრულდა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობიდან. “ერთი წლის შემდეგაც არაფერი ვიცით...” , “გიორგი სანაიას დედას არ სჯერა, რომ მისი შვილის მკვლელი ხურცილავაა”, “გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის შუქ-ჩრდილები” – ამ კვირის პუბლიკაციათა ეს სათაურებიც მოწმობს, რომ ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით კვლავ უამრავი უპასუხო კითხვაა დარჩენილი. 26 ივლისის გაზეთი “ახალი ეპოქა” წერს:


“გიორგი სანაია დაიღუპა” – ერთი წლის წინათ მხოლოდ ეს ერთადერთი შემაძრწუნებელი ინფორმაცია ამცნო “კურიერმა” საქართველოს მოსახლეობას.
ერთი წლის წინათ გიორგი სანაიამ ბინის გასაღები დაკარგა. მკვლელობის იმ საბედისწერო წინა დღეს, ალბათ, იმ გასაღებთან ერთად სამუდამოდ დაიკარგა იმედი სიმართლის გაგებისა...
ათასობით აღელვებული ადამიანი ქუჩაში გამოვიდა თანაგრძნობისა თუ შეშფოთების გამოსახატავად. ადამიანებს თითქოს ტირილი მოენატრათ. მათ “აღმოაჩინეს”, რომ ძალიან უყვარდათ გიორგი სანაია.
სოციოლოგებმაც “გაიხსენეს”, რომ ბოლო დროს “ღამის კურიერის” წამყვანის რეიტინგმა “სახიფათოდ აიწია”. ამას გადაკეტილი ქუჩები, აქციები და ხალხმრავალი პროცესიებიც მოწმობდა....
მას შემდეგ ერთი წელიწადი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა, გამოძიებაც ოფიციალურად დამთავრდა, მაგრამ კვლავ დარჩა უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა, ალბათ, ძალიან ძნელია.”
XS
SM
MD
LG