Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაურჩება თუ არა ბიუჯეტი სეკვესტრს?


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე მოვლენები, ტრადიციულად, კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება. გასულ კვირას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განვლილი ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ იმსჯელა.

გარღვევა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი პარლამენტარებიც კი ვეღარ მალავენ თავიანთ უკმაყოფილებას ფისკალურ სფეროში მიმდინარე მოვლენებით.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ამ საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოს 30 მილიონი აშშ დოლარის ტრანში დაუმტკიცა, ეკონომიკური ბლოკის კომენტარებში ოპტიმიზმის საკმაოდ მაღალი დოზა გამოჩნდა. ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ, საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობის აღდგენის კვალობაზე, საბიუჯეტო პროცესიც დარეგულირდება.

მირიან გოგიაშვილის განცხადებით, ”სავალუტო ფონდს, ალბათ, გარკვეული ნდობა გაუჩნდა ჩვენ მიმართ. ყველა გრანტზე მთავარი პირობა იყო ფონდთან არსებული პროგრამა. ერთი წლის წინ შეწყვეტილი პროგრამა ორი კვირის წინ აღდგა და გაჩნდა შესაძლებლობა, მივიღოთ გრანტები. პირველი გრანტი უკვე მივიღეთ ჰოლანდიიდან. იმავდროულად, მოსაგვარებელია ენერგეტიკის პრობლემები, შესაძლებელია, წამოვიდეს გრანტები, რომელთაც, სავალუტო ფონდის პროგრამასთან ერთად, დამატებითი კონდიციები აქვს. ეს არის ევროკავშირის 44 მილიონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.” არადა, საერთაშორისოს სავალუტო ფონდის კრედიტი, არც ამჯერად და არც არასდროს არ ყოფილა ბიუჯეტისათვის განკუთვნილი; იგი, ტრადიციულად, ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში წარიმართება და ეროვნული ვალუტის კურსის სიმყარეს ხმარდება.

თუმცა, თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაფინანსების აღდგენა ერთგვარი სიგნალი გახლავთ სხვა ორგანიზაციებისათვის და, სავარაუდოა, რომ წლის დასაწყისიდან დონორებისგან შეჩერებული დაფინანსება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტში, ამიერიდან ნაწილობრივ მაინც აღდგეს. ეს ასეც რომ მოხდეს, ბიუჯეტის დეფიციტი ამით ვერანაირად ვერ დაიფარება, ვინაიდან, გარდა გრანტების წილად გათვალისწინებულ შემოსავლებში არსებული გარღვევისა, სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარ საგადასახადო შემოსავლებშიც სერიოზული დეფიციტი აქვს, რომელსაც მთავრობა ვერანაირი გრანტებით ვეღარ ”ამოკემსავს”.

გასულ კვირას სავალუტო ფონდის მისიამ თავისი ვიზიტი დაასრულა. თავისი მისია ამოწურა საქართველოში დევიდ ოუენმაც, რომელიც ამიერიდან რუსეთში სავალუტო ფონდის მისიას ჩაუდგება სათავეში. ფონდის 10 დღიანი ვოიაჟის შემდეგ, მათ წარმომადგენლებს ტრადიციული მემორანდუმი არ დაუტოვებიათ და მხოლოდ ”სამახსოვრო ჩანაწერებით” შემოიფარგლნენ. უფრო სერიოზული და საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკება ფონდის აწ უკვე ახალ ემისართან სექტემბერში გველის, როდესაც სერიოზული მონიტორინგი ჩაუტარდება პროგრამული მაჩვენებლების შესრულებას. ამ ვიზიტის შემდეგ უკვე დირექტორთა საბჭოს ვერდიქტზე იქნება დამოკიდებული მიღება დარჩენილი 30 მილიონიანი ტრანშისა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უკვე თავისად ეგულება, თუმცა არც დევიდ ოუენის და არც დირექტორთა საბჭოს ანგარიშიდან არ ჩანს, რომ ხელისუფლებას გულდამშვიდების იმედი უნდა ჰქონდეს. 12 ივლისის დირექტორთა საბჭოზე გაკეთებული ავანსი ამის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა და საქართველოს მთავრობას ამ პოლიტიკური ავანსის გამართლება გაცილებით გაუძნელდება. ამ შემთხვევაში ტრადიციული საბიუჯეტო და ”ენერგეტიკული” პრეტენზიების გარდა, 2003 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზეც გაკეთდება აქცენტი.

6 თვის მონაცემებით, გარღვევა 63 მილიონი ლარია. თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ამას ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, ანუ ბიუჯეტში დაგეგმილი უცხოური დახმარებები კვლავ დაიძვრება საქართველოსაკენ და, ამასთან, მოხერხდება აჭარასთან კონსენსუსის მიღწევა, ბიუჯეტის პარამეტრების დაცვა მაინც ეჭვის ქვეშ დადგება, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, გარღვევა საკუთარ შემოსავლებშიც სოლიდური გვაქვს და მისი დაბალანსება, მომავალ თვეებში გადასახადების ამოღების მასშტაბთა საგრძნობი გაზრდის გარეშე, შეუძლებელი გახდება. ფისკალური ”ბუმი” და რადიკალური პოზიტიური შემობრუნება კი ამ კუთხით, სამწუხაროდ, წლის ბოლომდე ”არ გვემუქრება”. შესაბამისად, ხელისუფლების ოპტიმიზმს და ფინანსთა მინისტრის მტკიცებას სეკვესტრის თავიდან აცილების შესახებ, საფუძველი ნაკლებად აქვს. ამასთან, თუ გოგიაშვილის იმ წინამორბედთა უნაყოფო მცდელობებს გავიხსენებთ, რომლებიც ვერა და ვერ ეღირსნენ აჭარიდან ცენტრალური ბიუჯეტისათვის განკუთვნილი თანხების გადმორიცხვას და ამჟამად ცენტრსა და აჭარას შორის არცთუ შეხმატკბილებულ ურთიერთობას გავითვალისწინებთ, ძნელი სავარაუდო არ არის, რომ გოგიაშვილის ბათუმური ვოიაჟიც უშედეგო აღმოჩნდება. ანუ მზიური აჭარიდან ცენტრალური ბიუჯეტი ვერაფერს მიიღებს, რაც მთავრობას დამატებით სიძნელეებს შეუქმნის.

სამწუხაროდ, სიტუაცია ბოლო წლების განმავლობაში ერთი და იმავე სცენარის მიხედვით ვითარდება. ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მთავრობა სიმაღლეში მხტომელივით თამასას ყოველთვის მაღლა სწევს, შემდგომ საქმეში ერთვებიან ათასი ჯურის ლობისტები, რომლებიც სასურველი დარგისა თუ რეგიონისათვის თანხების წამატებით არიან გართულნი. ამ საბიუჯეტო ვაჭრობის შემდეგ დგება წინასწარი პარამეტრები, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მონიტორინგს უტარებს და კარგა გვარიანადაც “გამოხშირავს”, მიუხედავად ამისა, ქართული მხარე მაინც ახერხებს ფონდის მიერ სავარაუდო მაჩვენებლებს რამდენიმე ათეული მილიონი წაუმატოს და კანონის პროექტი პარლამენტის სამსჯავროზე გამოიტანოს.

პროექტთან დაკავშირებით, თითქმის ყოველთვის არსებობს საპირისპირო მოსაზრებები. ერთი მხრივ, ის ზედმეტად შეკვეცილად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ საგადასახადო რეზერვი არსებობს, მეორე მხრივ, იგი მიიჩნევა არარეალურად და ხელისუფლებას მოუწოდებენ, საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების მუხლები სკრუპულოზურად იქნეს დაწურული. კანონის მიღებისას ჯერჯერობით პირველი მიმართულება იმარჯვებს, თუმცა წლის ბოლოს, როგორც ყოველთვის, მეორე მოსაზრების ავტორები აღმოჩნდებიან ხოლმე მართალნი. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ბაზის რეზერვი მართლა არსებობს, მაინც ვერა და ვერ ხერხდება ადმინისტრირების გაუმჯობესება და რეალურ მაჩვენებლებზე ბიუჯეტის დაფუძნება. შესაბამისად, მთავრობა, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ დგება სეკვესტრის მტკივნეული პროცედურის განხორციელების აუცილებლობის წინაშე. სხვათა შორის, თუ შარშანდელ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ბიუჯეტის კორექტირება წელსაც გარდაუვალი იქნება. შეგახსენებთ, რომ შარშან მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაჟინებით გვარწმუნებდა, რომ სეკვესტრი ქვეყანას არ დაემუქრებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მას თავად მოუხდა საკანონმდებლო ორგანოში სერიოზულად კორექტირებული ბიუჯეტის წარდგენა.

თუ მთავრობამ ვერ შეძლო დონორების დაყოლიება და შეპირებული გრანტების მიღება, ასევე, თუ ვერ მოხერხდა პრივატიზებიდან გათვალისწინებული თანხების ამოღება და, რაც მთავარია, შიდა საგადასახადო ადმინისტრირების ოდნავ მაინც გაუმჯობესება, გოგიაშვილს, დღევანდელი ოპტიმიზმის მიუხედავად, მისი წინამორბედებისათვის ჩვეული პროცედურის განხორციელება არ ასცდება.
XS
SM
MD
LG