Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის განცხადებას არ ეთანხმება


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველოში ბოლო დროს საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა: ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებისგან სულ უფრო მკაცრად მოითხოვენ ადამიანის

უფლებების დაცვასა და ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ცინიკურად უგულებელყოფს თავის მიერ ნაკისრ ვალდებულებებსა და საერთაშორისო აზრს. თუკი ადრე პრეზიდენტი შევარდნაძე ფორმალურად მაინც ეთანხმებოდა საერთაშორისო კრიტიკას და შესაბამის სიტყვიერ განცხადებებსაც აკეთებდა, ბოლო დროს სახელმწიფო კანცელარიამ სტილი შეიცვალა და ამგვარ კრიტიკას საკუთარი პრესსამსახურის ცინიკური გამოხმაურებებით უპასუხებს. ამის ნათელი მაგალითი იყო პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილის ბონდო მძინარაშვილის კომენტარი, რომელიც მან ევროკავშირის, მასთან ასოცირებული წევრებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი ქვეყნების განცხადების პასუხად გააკეთა.

დღემდე პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის სტილი მისი ბელორუსი კოლეგის, პრეზიდენტ ლუკაშენკას მმართველობის სტილისგან ერთი ფორმალური ნიშნით განსხვავდებოდა: პრეზიდენტი ლუკაშენკა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას, როგორც წესი, ყურადღებას არ აქცევდა და არასდროს მალავდა თავის ავტორიტარულ მისწრაფებებს.

პრეზიდენტ შევარდნაძეს, ფორმალურად, ლუკაშენკასგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდა: იგი ითმენდა განსხვავებული აზრის არსებობას, საერთაშორისო კრიტიკის პასუხად აღიარებდა, რომ საქართველოში ნამდვილად არის კორუფცია, ირღვევა ადამიანის უფლებები და მდგომარეობის გამოსწორების პირობასაც დებდა, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი უარესობისკენ იცვლებოდა.

ბოლო დროს კრიტიკის მიმართ შევარდნაძის რეაქცია გაცილებით აგრესიული გახდა: 25 ივლისს პრეზიდენტის პრესცენტრმა, ევროკავშირის განცხადების პასუხად, თავს უფლება მისცა, მისთვის საპასუხო ბრალდებები წაეყენებინა. სახელმწიფო კანცელარიაში არ ესწავლებათ, რამდენად ძლიერი და გავლენიანი სტრუქტურაა ევროკავშირი და ისიც კარგად იციან, რამდენად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი ევროკავშირის პოზიციაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურის თამამი და ცინიკური შეპასუხება შევარდნაძის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილების მანიშნებელია.

ევროკავშირის განცხადება ისევ თავისუფლების ინსტიტუტის დარბევას უკავშირდება. განცხადებაში ნათქვამია: “ეს თავდასხმა, ისევე, როგორც საქართველოს სხვა არასამთავრობო თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტები, ძირს უთხრის სიტყვისა და რელიგიის თავისუფლებას საქართველოში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, როგორც ევროპის საბჭოსა და ეუთოს წევრმა ქვეყანამ, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს კანონიერი უფლება, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ მშვიდობიან საქმიანობაში კრიმინალური თუ ძალადობრივი აქტების შიშის გარეშე. მარცხი, რომელიც ხელისუფლებამ განიცადა, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე.”

თუ რა ცინიზმით ეკიდება პრეზიდენტი ამგვარ დარბევებს, გამოჩნდა პრესსამსახურის კომენტარში, რომელშიც ნათქვამია: “არასამთავრობო და რელიგიურ ორგანიზაციებს რომ თავისუფლება აქვთ საქართველოში, მსგავსი არ შეიძლება არსებობდეს არსად, არც ერთ ქვეყანაში. არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების ზრუნვის საგანია და თუკი ცალკეული დაჯგუფებანი ერთმანეთთან ანგარიშსწორებისას ძალადობის ფორმებს მიმართავენ, ეს უკვე კრიმინალის სფეროა და არა პოლიტიკისა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ იეღოველთა სექტის მიერ მართლმადიდებლური ხატებისა და სიწმინდეების ხელყოფა, თავიანთი რელიგიის ძალადობრივი ფორმებით გავრცელება და ადამიანებისათვის თავს მოხვევა შობს ადეკვატურ რეაქციას. კარგი იქნებოდა, ამაზეც თუ გაამახვილებდნენ ყურადღებას ჩვენთვის კეთილისმსურველები.”

თუ როგორია ის თავისუფლება, რომელიც რელიგიურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ და რომლითაც ასე იკვეხნის პრეზიდენტის პრესსამსახური, იმ რამდენიმე ასეული დარბევიდან ჩანს, რომელთა ჩადენის გამო დღემდე პასუხი არავის უგია. ნებისმიერი კრიმინალის - მათ შორის, რელიგიურის - აღკვეთაც ხელისუფლების მოვალეობაა, რასაც საქართველოს ხელისუფლება, სრულიად შეგნებულად, არ ასრულებს. სწორედ ექსტრემისტთა დაუსჯელობით და მათ მიმართ გამოჩენილი მფარველობით განსხვავდება საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რომელთა შესახებაც პრეზიდენტის პრესსამსახური წერს: “კრიმინალურ და ძალადობის აქტებს თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ნებისმიერ მშვიდობიან საქმიანობაშიც არაერთხელ შეუტანია დისონანსი და, არა მგონია, თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებათა მარცხად გამოეცხადებინოთ ასეთი ფაქტი თუ ფაქტები.”

დაბოლოს, პრეზიდენტის პრესსამსახური მასხრად იგდებს ევროკავშირის მუქარას და უპასუხებს: “საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე ეს ერთი ფაქტი დიდ გავლენას ვერ მოახდენს, თვით "თავისუფლების ინსტიტუტის" "ავტორიტეტისა და სახელის" გათვალისწინებითაც კი.” პრეზიდენტის ცინიკურ პოზიციას, რაც მისი პრესსამსახურის კომენტარში გამოჩნდა, ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: შევარდნაძემ გადაწყვიტა, საბოლოოდ აიღოს ხელი დემოკრატობანას თამაშზე და იყოს ის, რაც არის, როგორც ეს ფანტას ცნობილ სარეკლამო ფრაზაშია ნათქვამი.
XS
SM
MD
LG