Accessibility links

logo-print

საზოგადოების სეგმენტაცია და კონსოლიდაცია


პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები განსხვავებულ აზრებს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებს თუ ვერა ედუარდ შევარდნაძე საპრეზიდენტო ხელისუფლებას 2005 წლის გაზაფხულამდე.

იმ ფაქტზე კი არავინ კამათობს, რომ საკონსტიტუციო ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანას ან საერთოდ არ ეყოლება პრეზიდენტი, ან ეყოლება ახალი პრეზიდენტი. შევარდნაძის შემდგომი პერიოდისთვის პოლიტიკური სპექტრისა და მისი მხარდამჭერი საზოგადოების მზადება, კარგა ხანია, დაწყებულია.

გესაუბრებით ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოკვეთილ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციაზე: სეგმენტაციასა და კონსოლიდაციაზე.

“სეგმენტაცია” დანაწევრებას ნიშნავს და იგი არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთო ტენდენციაა. “სეგმენტირებული” ეწოდება საზოგადოებას, რომელიც აღარ ცხოვრობს ტრადიციული საზოგადოების კანონებით, მაგრამ ჯერ ვერც სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებულა. უფრო მკაფიოდ თუ განვმარტავთ, ტრადიციულ საზოგადოებაში თაობები იცვლება, ცხოვრების წესი და ქცევის სტერეოტიპი კი უცვლელი რჩება. სამოქალაქო საზოგადოებაში, პირიქით, ჩნდება არასამთავრობო ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც მუდმივად ზღუდავს სახელმწიფო მონოპოლიას, დანარჩენ საზოგადოებას კი სხვადასხვა საქმისა და იდეის გარშემო აერთიანებს. ადვილი მისახვედრია, რომ ჩვენი საზგადოება ვეღარც მთლად ტრადიციულია, აღარც მთლად - სამოქალაქო, ჩვენ ვცხოვრობთ კლასიკურ სეგმენტირებულ საზოგადოებაში.

ეს არის საზოგადოება, რომელიც ერთ ან რამდენიმე ადამიანს კი არ ემორჩილება (ვთქვათ, “ცეკას” გენერალურ მდივანს და პოლიტბიუროს), არამედ – გარკვეულ ჯგუფში ჩამოყალიბებულ არაოფიციალურ ქცევის წესებს, რიტუალს. საზოგადოების წევრის როლი და ფუნქცია იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელი ჯგუფის წევრია იგი და რა ადგილი უჭირავს ამ ჯგუფში. სეგმენტირებული საზოგადოების თვალსაჩინო ნიმუშია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მინისტრი და თანამდებობის პირი მოქალაქეთა კავშირში მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც ეს პარტია წმინდა სახელისუფლო პარტიად გამოცხადდა. რიტუალის აღსრულება საჭირო გახდა იმ ფაქტის დასამოწმებლად, რომ ეს ადამიანები წარმოდგენილი ჯგუფის ერთგული და დამჯერი წევრები არიან.

როცა საქართველოს პატარა ფეოდალების სამფლობელოდ მოიხსენიებენ, მაშინაც უთუოდ ხელისუფლების სეგმენტაციას გულისხმობენ. მაგალითად, აჭარაში ასლან აბაშიძის წესრიგი სუფევს, ქვემო ქართლში - ლევან მამალაძის, იმერეთში - თემურ შაშიაშვილის, კახეთს კი ცხადია, მედეა მეზვრიშვილი “პატრონობს”. ამბობენ, რომ აჭარა ცენტრის გავლენისგან თავისუფალია. ეს, ერთი მხრივ, მართლაც, ასეა, მაგრამ, სინამდვილეში, თავისუფლება ილუზორულია, რადგან ამ სეგმენტის – აჭარის ავტონომიის – თითოეული წევრი ადგილობრივი რიტუალის ტყვეა. ასეა სხვაგანაც.

სეგმენტირებული საზოგადოების თვალსაჩინო ნიმუშია საქართველოს პარლამენტი; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოხანს ფრაქციები დაიშალა და დაქუცმაცდა. მთავარია ტენდენცია – ვერაფრით მოხერხდა თუნდაც შიდა ფრაქციულ დონეზე ერთიანი წესრიგის შენარჩუნება. ამიტომ, ყველა ის ჯგუფი, რომელმაც “თამაშის” საკუთარი “წესები” შექმნა, ძველ ჯგუფს გამოეყო და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა. იგივე პროცესი წარიმართა პარტიებში. ფაქტობრივად, დაიშალა ბლოკი “საქართველოს აღორძინება”, სეგმენტებად დანაწევრდა მოქალაქეთა კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სახალხო პარტია. საზოგადოების, პარლამენტის, პოლიტიკური სპექტრის სეგმენტაციას ბიძგი მისცა მთავრობამ, რომელიც ყოველთვის შეუკრავი, გათითოკაცებული და ეკლექტური იყო. ასე რომ, სეგმენტაციის პროცესი საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას.

სულ ბოლო პერიოდში გამოჩნდა ახალი, ძველის საპირისპირო ტენდენცია, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაში გამოიხატა. პროცესი დაიწყო სააკაშვილისა და ჟვანიას პოლიტიკური ორგანიზაციების თანამშრომლობის სურვილით; ორივე ლიდერთან ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებდა აკაკი ასათიანი. მას, თავის მხრივ, პოლიტიკური მეგობრობა აკავშირებდა მამუკა გიორგაძესთან. შემდეგ მოინახა საერთო ათვლის წერტილი და ახალი თაობის პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პოლიტიკაში ძალადობის წინააღმდეგ. დაიწყო საუბარი არასამთავრობო სექტორთან და ბიზნესმენებთან. გაზეთ “7 დღის” ინიციატივით, მოხერხდა სადისკუსიოდ ჯაბა იოსელიანის, ზვიად ძიძიგურის, დავით ბერძენიშვილის, პაატა საყვარელიძისა და სხვების მოწვევა. დისკუსია საკმაოდ მწვავედ წარიმართა, მაგრამ მკვეთრად დაპირისპირებული მსოფლხედვის ადამიანებმა შეძლეს, რომ მოესმინათ ერთმანეთის აზრი მათ მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ.

სეგმენტაცია წარსულის მემკვიდრეობაა, კონსოლიდაცია კი მომავლის მოთხოვნა. სეგმენტაცია ძველი თაობის პოლიტიკოსების იარაღია, კონსოლიდაცია - ახალი თაობის პოლიტიკოსების ძალა. ჯერჯერობით ძველი ტენდენცია გაცილებით მყარია, ვიდრე ახალი. თუმცა დაახლოების და პრინციპების გაზიარების სურვილი გაჩნდა; თანაც, გაჩნდა როგორც “ახლების” უპირატესობა “ძველების” წინაშე. ესეც ერთი ნიშანია შევარდნაძის შემდგომი პერიოდისთვის საზოგადოების მზადებისა.
XS
SM
MD
LG