Accessibility links

გამარჯობათ! ახალგაზრდული პროგრამა დღეს მთლიანად ეთმობა საკითხს


წამყვანი: დავით პაიჭაძე, თბილისი გამარჯობათ! ახალგაზრდული პროგრამა დღეს მთლიანად ეთმობა საკითხს,

რომელიც აქტუალურია საერთოდ, ხოლო განსაკუთრებით აქტუალურია ამ დღეებში, როცა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები მიმდინარეობს. ჩვენს გადაცემაში თქვენ მოუსმენთ ორ ადამიანს, სტუდენტსა და ლექტორს, და შეგეძლებათ შეაფასოთ ორი თვალსაზრისი ჩვენი უნივერსიტეტებისა და ახალგაზრდებისათვის ტრადიციული ამ საზაფხულო პროცედურების შესახებ. ჯერ გიამბობთ სტუდენტთა ერთ ინიციატივის შესახებ, რომელიც - არც მეტი, არც ნაკლები - მისაღები გამოცდების მოქმედი წესის გაუქმებას ისახავს მიზნად სასამართლოს გზით, ხოლო შემდეგ შემოგთავაზებთ ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ფილოლოგიის კათედრის დოცენტ ნოდარ ლადარიასთან, რომელიც წელს თავად არის მიმღები კომისიის წევრი უნივერსიტეტში. ჩემი კოლეგა ეკა წამალაშვილი შვებულებაშია და ამიტომ, ჩვენი სტუმრების გარდა, ეთერში დღეს მხოლოდ ერთი ხმა იქნება.

როგორც ჩანს, სასამართლოსადმი ნდობა, მართლაც, გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებს შორის. ამას ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკაც და იმ, ცოტა არ იყოს, უჩვეულო საკითხების ჩამონათვალი, რომელთა გადასაჭრელად სასამართლოს მიმართავენ. თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტმა თეა თუთბერიძემ ამას წინათ სარჩელი შეიტანა ვაკე-საბურთალოს სასამართლოში, რომელსაც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების წესის გაუქმებას სთხოვს. თავად თეა თუთბერიძე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფასიანი განყოფილების სტუდენტია და სასამართლოსკენ უბიძგა უარმა, რომელიც უთხრეს მოთხოვნაზე, ჩაებარებინა მისაღები გამოცდები საბიუჯეტო სექტორზე, ანუ უფასო განყოფილებაზე, გადასვლის მიზნით. თეა თუთბერიძეს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება უნივერსიტეტში მიღების წესების შესახებ არღვევს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ მის უფლებას, მიიღოს უმაღლესი განათლება უნარისა და შესაძლებლობების მიხედვით. მოსარჩელე აპროტესტებს ვითარებას, რომელშიც არ არის ჩამოყალიბებული მიმღები კომისიის ფორმირების წესი, ხოლო აბიტურიენტებთან მომუშავე რეპეტიტორები, მისაღებ გამოცდებზე კომისიებში საქმიანობისას, შეიძლება გახდნენ სტუდენტობის მოსურნე იმ ახალგაზრდების დისკრიმინაციის მიზეზი, რომლებიც ასეთ რეპეტიტორებთან არ მომზადებულან. თეა თუთბერიძის აზრით, მისაღები გამოცდების დებულება არაფერს ამბობს კომისიის წევრის პასუხისმგებლობაზე მიკერძოებისა და არაკეთილსინდისიერი ქცევისა თუ შეფასების დროს, ხოლო აბიტურიენტის უფლება-მოვალეობებს, პირიქით, მკაფიოდ განსაზღვრავს. სარჩელში თეა თუთბერიძე მოითხოვს, განხორციელდეს მისაღებ გამოცდებზე მონიტორინგი და ხელმისაწვდომი იყოს აბიტურიენტთა შეფასებული ნაშრომები, რომლებიც უნდა გამოიკრას საჯაროდ და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს საშუალება, დარწმუნდეს შეფასების ობიექტურობაში. ამ მოთხოვნის ფორმულირებისას სტუდენტი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით, რომელსაც “ინფორმაციის თავისუფლება” ჰქვია. გარდა ამისა, თეა თუთბერიძე მოითხოვს კომისიის წევრთა უფლებრივ გათანაბრებასაც [თუთბერიძის ხმა]: “როცა უნივერსიტეტს მივმართეთ განცხადებით, მოეწოდებინათ ინფორმაცია, ვის ჰქონდა ათიანისა და ცხრიანის დაწერის უფლება, გვითხრეს, რომ ეს უფლება აქვს კომისიის ყველა წევრს. რეალურად კი ათიანსა და ცხრიანს წერენ კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ხოლო კომისიის რიგითი წევრები წერენ 6-ს, 7-სა და 8-ს. წესდებაში, რომელიც მოგვაწოდეს, წერია, რომ ყველას აქვს 10-ანის დაწერის უფლება, მაგრამ რეალურად ეს არ ხორციელდება”.

თეა თუთბერიძის აზრით, თუ მაღალი და უმაღლესი შეფასება რეალურად შეეძლება თითოეულ გამომცდელს, ეს სერიოზულად დაემუქრება მისაღებ გამოცდებზე მოქმედ ე.წ. “ჩაწყობის” ვერტიკალურ მექანიზმს. ყველა გამომცდელის გაკონტროლება და დავალება შეუძლებელი იქნება, მიაჩნია თეა თუთბერიძეს.

ვაკე-საბურთალოს სასამართლოში, სარჩელი, მართალია, მიიღეს, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, განიხილავენ თუ არა. და თუმცა წლევანდელ გამოცდებს ეს სარჩელი ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ შეაფერხებს, ის მაინც მნიშვნელოვანია თავისთავად, ვინაიდან მასში არაერთი ისეთი საკითხია წამოჭრილი, აქამდეც რომ წარმოადგენდა საზოგადოებრივ ინტერესს. ზოგ მათგანს ჩვენ თბილისის უნივერსიტეტის დოცენტ ნოდარ ლადარიასთან ინტერვიუში შევეხებით.
XS
SM
MD
LG