Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ ჟორდანია სასამართლოს დადგენილებას არ ემორჩილება


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ძალას იკრეფს ახალი საფეხბურთო სეზონი. ქუთაისის “ტორპედომ”

წარმატებით დაძლია ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი და მეორე წრეში, 31 ივლისს, პრაღის “სპარტას” ეთამაშება. ამას მოჰყვება 3 აგვისტოსთვის დანიშნული მორიგი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტი და უმნიშვნელოვანესი სანაკრებო მატჩები, თუმცა ქართული ფეხბურთის უფროსობას ახლა ფეხბურთისთვის ნაკლებად სცალია – 24 აგვისტოს, მოგეხსენებათ, ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს. სწორედ წინასაყრილობო ამბებსა და წამოჭრილი პრობლემის იურიდიულ ასპექტებზე მინდა გესაუბროთ.

ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და მოქმედი პრეზიდენტის მთავარმა კონკურენტმა დავით პეტრიაშვილმა, ფეხბურთის ენაზე თუ ვიტყვით, პირველი საპასუხო გოლი გაიტანა:დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პეტრიაშვილის სარჩელი. სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია:”ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის 2002 წლის 8 თებერვლის დადგენილება აღმასკომის წევრების, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარისა და ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის 5 წარმომადგენლისთვის ყროლობის დელეგატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და 2002 წლის 24 ივნისის დადგენილება ბავშვთა სკოლების დელეგატებისთვის ფედერაციის ყრილობაში მონაწილეობის შეზღუდვის თაობაზე”. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ საარჩევნო ხმის უფლება ჩამოართვა აღმასკომის 14 წევრს, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს და 4 ვეტერან ფეხბურთელს, ანუ მერაბ ჟორდანიამ დაკარგა 19 პოტენციური მხარდამჭერი, პეტრიაშვილს კი ბავშვთა ფეხბურთიდან 3 პოტენციური ხმა შემოემატა. სასამართლომ კი დაადგინა, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ, იმ ქვეყანაში, სადაც, ადვილი შესაძლებელია, რომელიღაც სახელმწიფო მოხელე კონსტიტუციაზე მაღლა დადგეს, სასამართლო დადგენილება კი კლანურ “სამართალს” ემსხვერპლოს. აი, ტიპიური მაგალითი:ფეხბურთის ფედერაცია არ ცნობს სამოქალაქო სასამართლოს დადგენილებას და ყრილობის გამართვას ისევ აღმასკომისეული წესებით აპირებს, თანაც მერაბ ჟორდანია ამას სახალხოდ აცხადებს.


(მერაბ ჟორდანიას ხმა):”ყრილობა 24 აგვისტოს ჩატარდება სწორედ ისე, როგორც ეს აღმასკომის ბოლო სხდომამ გადაწყვიტა.”


გამოდის, რომ ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საქართველოს სახელით მოქმედებს, არ ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, იმ სასამართლოს დადგენილებას, რომელმაც 1998 წლის 30 დეკემბერს ფედერაციის წესდება რეგისტრაციაში გაატარა. ამ წესდების პირველივე მუხლის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული იურიდიული პირი, მე-4 მუხლის მიხედვით კი, ფედერაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სპორტის შესახებ საქართველოს კანონის, ფიფა-სა და უეფა-ს წესდებების შესაბამისად. პოზიციის დასაცავად ჟორდანია სწორედ ფიფა-ს წესდების XIII თავის 63-ე მუხლს იშველიებს, რომელიც კრძალავს სადავო საფეხბურთო საკითხების გარჩევას სამოქალაქო სასამართლოში. ამ პირობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდებაც ითვალისწინებს. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ “კლუბებსა და კლუბის წევრებს არა აქვთ უფლება ფედერაციასთან, სხვა კლუბებთან ან წევრებთან სპორტული (საფეხბურთო) საკითხების გადასაწყვეტად მიმართონ სამოქალაქო სასამართლოს”.


ცნობილი იურისტი დავით უსუფაშვილი განმარტავს: 1. ქვეყნის ტერიტორიაზე უზენაესია კონსტიტუცია და ადგილობრივი კანონები, მერე კი რატიფიცირებული საერთაშორისო აქტები; 2. ფიფა-ს წესდება არ არის სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო დოკუმენტი და, მაშასადამე, საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი; 3. ფიფა-ს წესდების 63-ე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების მე-12 მუხლები ითვალისწინებენ წმინდა საფეხბურთო ურთიერთობებს და ვერანაირად ვერ შეზღუდავენ იურიდიულ თუ კერძო პირთა ძირითად უფლებებს.


(დავით უსუფაშვილის ხმა): “აქ ლაპარაკია სპორტულ დავებზე, იმ დავებზე, რომელიც, შესაძლოა, წარმოიშვას თამაშის პროცესში, ან მოთამაშესა და კლუბს შორის ურთიერთობის პროცესში და არავითარ შემთხვევაში ორგანიზაციის მართვის საკითხებში. ასე რომ, ვერანაირი საერთაშორისო დოკუმენტი, ამ შემთხვევაში, ფიფა-ს წესდება, ვერ წაართმევს უფლებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრს თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს საქართველოს სასამართლოს. ფედერაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული კავშირი და მასზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც ეს კოდექსი და საქართველოს კანონმდებლობა აწესებს მსგავსი ორგანიზაციებისათვის”.


ჟორდანიას ოპონენტთა აზრით, ფედერაციის აღმასკომის დადგენილებები არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, თვით ფიფა-ს წესდებასაც ეწინააღმდეგება. დავით პეტრიაშვილი იმოწმებს ამ წესდების მე-12 მუხლს, რომელიც არჩევნებში ხმის უფლების პროცედურას არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, ფედერაციის წევრ თითოეულ ორგანიზაციას ერთი საარჩევნო ხმა ეკუთვნის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს კი თანამდებობაზე ყოფნისას ეკრძალებათ არჩევნებში დელეგატის სტატუსით მონაწილეობა. ასეთია ფიფა-ში მიღებული და ეროვნული ფედერაციებისთვის სავალდებულო წესი, რომელსაც რატომღაც არ ითვალისწინებს ჩვენი ფედერაციის აღმასკომი. კომენტარისთვის ფედერაციის იურისტს ლევან გორხელაშვილს მივმართეთ, მაგრამ მან შვებულება მოიმიზეზა და თავაზიანი უარი გვითხრა. სამაგიეროდ, აქტიურობს პეტრიაშვილის ადვოკატი დავით ებრალიძე, რომელიც, ცხადია, სასამართლოს გადაწყვეტილებას მთლიანად ეთანხმება, ჟორდანიას და მის მომხრეებს კი კანონის პატივისცემისკენ მოუწოდებს.


(დავით ებრალიძის ხმა): “მე მგონი, ისინი ვერ ხვდებიან, რას ამბობენ. ისინი არიან ამ ქვეყნის წარმომადგენლები, მოქალაქეები საქართველოსი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა. სასამართლო გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება”.


მაგრამ მერაბ ჟორდანიას ამგვარი პერსპექტივა არ აშინებს და მოქიშპეთა გასაგონად ამბობს:”არავის არ მივცემთ ჩვენს საქმიანობაში ჩარევის უფლებას. ძალაც გვაქვს და უნარიც, ყველას დავანახოთ, როგორ უნდა მუშაობდეს ფედერაცია.” ალბათ, ჯობდა, რომ ფედერაციის წარმატებული მუშაობის შედეგები მარტო პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებზე კი არა, უშუალოდ საფეხბურთო მინდორზეც გვეხილა.
XS
SM
MD
LG